საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ი. გამყრელიძის 2024 წლის 14 მარტის N7129/10 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში მთავარი სპეციალისტის (პირველი კატეგორია) კანდიდატის შესარჩევად -2 ერთეული.

2. საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის (პირველი კატეგორია) ხელფასი თვეში შეადგენს 1330 (ათასსამასოცდაათი) ლარს (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები განისაღვრება-09:00 სთ-დან 18:00სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

3. შერჩეული კანდიდატი დასაქმდება გამოსაცდელი 3 თვიანი ვადით 2024 წლის პირველი მაისიდან 2024 წლის პირველ აგვისტომდე, კონტრაქტის გაგრძელების პერსპექტივით.

4. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ)სწავლის (ან/და სწავლების) გამოცდილება უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 1 აკადემიური წლის განმავლობაში;

გ) ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (წერითი და ვერბალური კომუნიკაცია);

დ) ინგლისური ენის ცოდნა C1 დონე; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამები ფლობა- Microsoft Office.

5. აპლიკანტს მოეთხოვება:

ა) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა ;

ბ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;

გ) თსუ-ში მოქმედი რეგულაციების ცოდნა პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე.

6. აპლიკანტს უნდა ჰქონდეს შემდეგი პიროვნული თვისებები და უნარები:

ა) ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და გადაცემის უნარი;

ბ) ორგანიზებულობა და სწრაფად კოორდინირების უნარი;

გ) პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;

დ)ანალიტიკური აზროვნების უნარი;

ე) ცვლილებებისა და სიახლეებისადმი სწრაფად ადაპტირების უნარი;

ვ) გუნდური მუშაობის უნარი;

ზ) დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი; თ)ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;

ი) კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა და გულისხმიერება;

კ) დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა.

7. საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის (პირველი კატეგორია) პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:

ა) ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი კორესპონდენციის მომზადება;

ბ) საერთაშორისო ხასიათის და მასშტაბის ღონისძიებების დაგეგმვა-ორგანიზება;

გ) საერთაშორისო საგრანტო განაცხადების შემუშავება;

დ) საერთაშორისო პროექტების ადმინისტრირებაში მონაწილეობა;

ე) უცხოელი ვიზიტორებისთვის (სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი) საქმიანი შეხვედრების დაგეგმვა-ორგანიზება, კულტურული პროგრამების შემუშავება (მათ შორის, ქალაქის ტურების დაგეგმვაორგანიზება და საჭიროების შემთხვევაში, გიდის ფუნქციის შეთავსება);

ვ) დეპარტამენტის სხვა აქტივობებში ჩართულობა.

8. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

ბ) CV ქართულ და ინგლისურ ენაზე (Europass ფორმატში, დოკუმენტების PDF ვერსია ელექტრონულად;

გ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი, განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი;

დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;

ე) უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასწრებულ ფორმატში, არანაკლებ 1 აკადემიური წლის განმავლობაში სწავლის (ან/და სწავლების) გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ვ) მუშაობის გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი, არსებობის შემთხვევაში (პრიორიტეტულია უმაღლესი განათლების სფერო, ამონაწერი შრომის წიგნაკიდან ან ცნობა სამსახურიდან, რეკომენდაცია წინა დამსაქმებლისგან და სხვა);

ზ) უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში, საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა;

თ) სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე (არაუმეტეს 2 გვერდისა).

ი) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ’;

9. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა იწარმოებს 3 ეტაპად: პირველ ეტაპზე სააპლიკაციო განაცხადების განხილვა, რომლის შედეგად დაკავშირება მოხდება მხოლოდ წერითი ეტაპისთვი შერჩეულ კანდიდატებთან. აპლიკანტი, რომლის საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე, გაივლიან წერით ეტაპს (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ), წერითი შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად. აპლიკანტები წერითი ეტაპის გადალახვის შემდეგ, შესარჩევ კომისიასთან გაივლიან ზეპირ გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად, რომლის საფუძველზეც მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება საკონკურსო კომისიის მიერ.

10. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის (პირველი კატეგორია) შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი არაუგვიანეს 2024 წლის 12 აპრილისა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.

11. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ უნდა იქნეს 2024 წლის 28 მარტიდან 2024 წლის 12 აპრილის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს „საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (პირველი კატეგორია)“.

12. ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - www.tsu.ge ზე და ასევე ინტერნეტ სივრცეში.

13. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საიფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

14. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახდენს ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

15. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

16. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი).

17. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ლაშა საღინაძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი