საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2021 წლის 24 დეკემბერს გაფორმებული N200 ხელშეკრულების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო ოფისის კოორდინატორის  შესარჩევად (1 ვაკანსია).

2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1250 (ათასორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).

3. აპლიკანტი:

ა)   უნდა ფლობდეს დოქტორის ან დოქტორთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს ან იყოს დოქტორანტურის სტუდენტი;
ბ) მიღებული უნდა ჰქონდეს მონაწილეობა სამეცნიერო საგრანტო პროექტის კონკურსებში (ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე), ან მოპოვებული ჰქონდეს სამეცნიერო საგრანტო პროექტი, ან გაწეული ჰქონდეს დახმარება სხვისთვის სამეცნიერო საგრანტო პროექტის მოპოვებაში;
გ) უნდა ფლობდეს უცხოურ ენებს (უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ენის მცოდნე აპლიკანტს);

აპლიკანტს მოეთხოვება:
ა)  სარეკომენდაციო და სამოტივაციო წერილების წარმოდგენა;
ბ) საოფისე პროგრამების ცოდნა - Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint;


4. აპლიკანტს უნდა ჰქონდეს:

ა) ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის უნარი;
ბ)  დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
გ) ეფექტიანი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
დ) კომპლექსური აზროვნების უნარი;
ე) ამოცანების დასახვისა და გადაჭრის გზების შემუშავების უნარი;
ვ) ტრენინგებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
ზ) გუნდური მუშაობის უნარი;

5.   საუნივერსიტეტო   სამეცნიერო   საგრანტო   ოფისის   კოორდინატორის   პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:

ა) ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “ჰორიზონტი ევროპა” საგრანტო კონკურსებთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავება, უნივერსიტეტის მკვლევარებისთვის საინტერესო კონკურსების და სხვა აქტივობების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;
ბ) ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “ჰორიზონტი ევროპა” საგრანტო კონკურსებისთვის პროექტების მომზადებისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება, პროექტის მომზადებისა და განხორციელების პროცესში პარტნიორების მოძიების და სხვა ტექნიკურ და ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა და წამოჭრილი პრობლემების გადაჭრაში დახმარება.
გ) ეროვნულ ოფისთან „ჰორიზონტი ევროპა“ და ეროვნული საკონტაქტო პირების ქსელთან თანამშრომლობა და მათთან ერთად უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის ტრენინგების მომზადება და ჩატარება.

6.  კონკურსში  მონაწილეობის  მსურველ  აპლიკანტს  მოეთხოვება  შემდეგი  საბუთების წარმოდგენა: 

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ)  განათლების,  კვალიფიკაციის  დამადასტურებელი  დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები;
დ) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში    მიღებული      განათლების      ან/და      სამეცნიერო      ხარისხის      აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ცნობა დოქტორანტურის სტუდენტის სტატუსის შესახებ;
ე) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი; 
ვ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;
ზ) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი;

7. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. საბუთების არასრულად    გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას დისტანციურ რეჟიმში Zoom-ის პლატფორმის   საშუალებით (კონკრეტული თარიღი, დრო და Zoom-ის პლატფორმის მისამართი ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;

8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო ოფისის კოორდინატორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);

9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2022 წლის 28 იანვრიდან 2022 წლის 4 თებერვლის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო ოფისის კოორდინატორი.

10. ბრძანება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2021 წლის 24 დეკემბერს გაფორმებული N200 ხელშეკრულების ფარგლებში საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო ოფისის კოორდინატორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge- ზე და ინტერნეტ სივრცეში;

11. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2022 წლის 14 თებერვლისა. 
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე