საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
იურიდიული ფაკულტეტის ისტორია

საქართველოში სამართლებრივი თვითშეგნების ამაღლებას უძველესი დროიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. ქვეყნის პოლიტიკური გაერთიანება და გაძლიერება, ეკონომიკური წინსვლა და აღმავლობა ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა კულტურის შემდგომი განვითარებისათვის. ამას მოწმობს XI-XII საუკუნეებში პირველი სასწავლო-სამეცნიერო და კულტურურ-საგანმანათლებლო ცენტრის არსებობა გელათისა და იყალთოს აკადემიებში.

 

XIX საუკუნის მეორე ნახევრი და XX საუკუნის დასაწყისი უმაღლესი განათლების ახალ ეტაპს წარმოადგენს საქართველოში. XIX საუკუნეში წარმოშობილი იდეა - უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბების შესახებ - განხორციელდა პეტერბურგის უნივერსიტეტის დოცენტის ივანე ჯავახიშვილის დიდი ძალისხმევით.

 

უნივერსიტეტის დაარსების წინარე ეტაპზე ივანე ჯავახიშვილის, პეტრე მელიქიშვილის და ანდრია რაზმაძის მიერ შექმნილ იქნა პროფესორთა კოლეგია, რომელსაც დაევალა უნივერსიტეტის გახსნა-არსებობისათვის უმნიშვნელოვანესი აკადემიური საკითხის გადაწყვეტა: ფაკულტეტების განსაზღვრა.

 

1917 წლის 26 ნოემბერს გამართულ პროფესორთა საბჭოს პირველ წინასწარ სხდომაზე გადაწყდა ერთი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის გახსნა, რომლის ერთ-ერთ – ჰუმანიტარულ განყოფილებაში შევიდოდა სოციალური მეცნიერებანი, რაც გამომდინარეობდა ზოგადი დებულებიდან, რომ ჰუმანიტარული მეცნიერების შესწავლა შეიძლებოდა სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისითაც. თუმცა საბჭოს წევრებს გათვითცნობიერებული ჰქონდათ, რომ სრულ უნივერსიტეტად გადაქცევისთვის აუცილებელი იყო არანაკლებ ოთხი ფაკულტეტის ჩამოყალიბება, რომელთაგან ერთ-ერთი იურიდიული ფაკულტეტი უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტს არ ჰქონდა დამოუკიდებელი იურიდიული ფაკულტეტი, 1918 წლის პირველ სემესტრში წაკითხულ იქნა ქართული სამართლის წყაროები და ისტორია, ხოლო უნივერსიტეტის ეკონომიკური დარგი, რომელიც ჰუმანიტარული მეცნიერების შესწავლის ერთ-ერთი საშუალება იყო, მოიცავდა ისეთ სამართლებრივ საგნებს, როგორიცაა სახელმწიფო სამართალი, სააღებმიცემო სამართალი, სამოხელეო სამართალი და ქართული სამართლის ისტორია. შესაბამისად, ღიად დადგა სამართლის ფაკულტეტის დაარსების საკითხი.

 

1919 წლის 3 იანვარს უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ განიხილა იუსტიციის მინისტრის წინადადება იურიდიული ფაკულტეტის დაარსების თაობაზე. საბჭომ უარი განაცხადა ამ წინადადებაზე სამეცნიერო ძალების ნაკლებობის გამო, თუმცა ის თანახმა იყო უახლოეს მომავალში შეექმნათ იურიდიული ფაკულტეტი.

 

თავის მხრივ, კვალიფიციური სამეცნიერო ძალების მოძიება იურიდიული ფაკულტეტისათვის უნივერსიტეტის დაარსების პირველივე წელს დაიწყო.

 

1918 წლის პირველი აგვისტოდან სამართლის თეორიისა და ფილოსოფიის კათედრაზე დატოვეს გიორგი ნანეიშვილი. იგი მივლინებულ იქნა ევროპაში სასწავლებლად. ევროპიდან დაბრუნების შემდგომ სამართლის ფილოსოფიაში წარმატებით დაიცვა დისერტაცია "სამართლის ნამდვილობა და ნორმატიული ფაქტების დასაბუთების ცდა", რომელიც გამოცემულ იქნა 1930 წელს; 1919 წლის 8 ნოემბრიდან საფინანსო სამართლისა და საფინანსო მეცნიერებაში – ვლადიმერ ემხვარი; 1919 წლის 18 ივლისიდან სამოქალაქო სამართლის კათედრაზე – მოსე შანიძე.

 

სასწავლო-სამეცნიერო ბაზის შექმნა მიმდინარეობდა სისხლის სამრთლის სპეციალობის განსავითარებლად: 1918 წლის 23 ნოემბერს აღნიშნულ სპეციალობაში საპროფესოროდ მოსამზადებლად უნივერსიტეტში დატოვებულ იქნა მოსკოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ლაზარე შურღაია.

 

ისინი ევროპაში იქნენ გაგზავნილნი სასწავლებლად. მათი უმრავლესობა დაბრუნდა საქართველოში და შეავსო უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო ძალები.

 

სწორედ, სასწავლო-სამეცნიერო პოტენციის შექმნა-მოძიება იყო უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი ფაქტორი უნივერსიტეტში სოციალურ (სამართლებრივ) - ეკონომიური ფაკულტეტის ჩამოყალიბებისათვის. ამას საფუძვლად დაედო სახალხო განათლების კომისარიატის 1921 წლის 25 ივლისის მითითება სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტის შექმნის თაობაზე.

 

აღნიშნული ფაკულტეტი გამოყოფილ იქნა სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტიდან 1922 წლის 5 მარტს. სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის საბჭომ ნათლად დაინახა სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტის ცალკე ფაკულტეტად დაარსების საჭიროება. მისი შექმნის პროექტის შემუშავება დაევალა რუსეთიდან საქართველოში სპეციალურად მოწვეულ, ფილოსოფიასა და იურისპრუდენციაში ღრმად განსწავლულ თეორეტიკოსს და კანონის უბადლო ინტერპრეტატორს დოცენტ ლუარსაბ ანდრონიკაშვილს და საქვეყნოდ აღიარებულ ეკონომისტს პროფესორ ფილიპე გოგიჩაიშვილს.

 

1922 წლის 6 აპრილს პროფესორმა ფილიპე გოგიჩაიშვილმა სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის პროფესორთა საბჭოს წარუდგინა მომავალი სოციალურ-ეკონომიური ფაკულტეტის სასწავლო გეგმის პროექტი. 1922 წლის 7 ივნისს სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის საბჭოს მიერ მოწონებულ იქნა წარმოდგენილი გეგმა. 1922 წლის 16 ივნისს უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის წარდგინების საფუძველძე შექმნა სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი, რომელიც შედგებოდა სოციალური (სამართლებრივი) და ეკონომიკური განყოფილებებისაგან.

 

1922 წლის 24 ივნისს ფაკულტეტის პირველ დეკანად აირჩიეს პროფესორი შალვა ნუცუბიძე, ხოლო მდივნის მოვალეობის შესრულება დაევალა დოცენტ გ. ანთაძეს.

 

სოციალურ-ეკონომიკურ ფაკულტეტზე პირველ სემესტრში დოცენტი ლუარსაბ ანდრონიკაშვილი კითხულობდა სამართლის შესავალსა და სამოქალაქო სამართალს; რომის სამართლის წასაკითხად მოწვეულ იქნა გამოჩენილი ცივილისტი პროფესორი ი. ღამბაროვი.

 

1922 წლის 29 დეკემბერს სოციოლოგიის კურსის წასაკითხად მოწვეულ იქნა სამართლის თეორიისა და ისტორიის სპეციალისტი ალექსანდრე ვაჩეიშვილი.

 

1923 წლის დასაწყისში საერთაშორისო სამართლის კათედრაზე ლექტორად აირჩიეს ე. ტატიშვილი, სახელმწიფო სამართლის კათედრაზე – იურიევის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული - ი. სურგულაძე, რომელმაც 1927 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანულ ენაზე გამოაქვეყნა ნაშრომი `ხელისუფლება და სამართალი~. 1926-1929 წლიდან უნივერსიტეტში იწყება რეორგანიზაციის წლები, რომელიც სოციალურ-ეკონომიურ განყოფილებასაც შეეხო: 1930 წელს მის ბაზაზე შეიქმნა საფინანსო-კორპორაციული და საბჭოთა აღმშენებლობის სამართლის ინსტიტუტი.

 

1933 წლის სექტემბრისათვის უნივერსიტეტში არსებობდა საბჭოთა მშენებლობისა და სამართლის ფაკულტეტი (დეკანი – პროფესორი ი. სურგულაძე). ფაკულტეტზე ისწავლებოდა სამართლის ზოგადი თეორია, სამეურნეო სამართალი, სისხლის სამართალი და საბჭოთა აღშენებლობის სამართალი.

 

1934 წლის 9 ოქტომბრიდან, რექტორის ბრძანებით, საბჭოთა აღმშენებლობისა და სამართლის ფაკულტეტს ეწოდა საბჭოთა სამართლის ფაკულტეტი.

 

1935-1936 წელს სამართალმცოდენეობის ფაკულტეტზე კვლავ განხორციელდა ცვლილება: საბჭოთა სამართლის ფაკულტეტს ეწოდა დღევანდელი სახელწოდება - იურიდიული ფაკულტეტი, ხოლო საბჭოთა სამართალი, რომელიც ფაკულტეტის სახელწოდება იყო, 1977 წელს საბჭოთა სამართალის საფუძვლების კათედრის სახით შემოღებულ იქნა იურიდიულ ფაკულტეტზე. გარდა ამისა, იურიდიულ ფაკულტეტზე ეტაპობრივად მიმდინარეობდა სხვადასხვა კათედრების შექმნა: 1922 წელს შეიქმნა სამოქალაქო სამართლის კათედრა; 1947 წელს სახელმწიფო სამართლისა და თეორიისა კათედრა; ამავე წელს დაარსდა სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიის კათედრა; 1984 წელს საფუძველი ჩაეყარა სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის პროცესის, კრიმინოლოგიისა და კრიმინალისტიკის კათედრას; 1989 წელს ჩამოყალიბდა სამართლის საფუძვლების კათედრა.

 

1955 წლიდან უნივერსიტეტში მიმდინარეობდა სტუდენტთა კონტიგენტის შემცირება, რაც აისახა ფაკულტეტებზე საშტატო ერთეულების რაოდენობრივ მაჩვენებელზე. კერძოდ, გაუქმებულ იქნა იურიდიული ფაკულტეტის დეკანის საშტატო ერთეული; გაერთიანდა რამდენიმე კათედრა. 1956 წელს იურიდიულ ფაკულტეტზე საღამოს სწავლებაზე ჩაირიცხა 25 კაცი. იურიდიული ფაკულტეტი იყო პირველი უნივერსიტეტში, სადაც საფუძველი ჩაეყარა საღამოს სწავლებას.

 

2005 წლამდე იურიდიულ ფაკულტეტზე მიმდინარეობდა ერთსაფეხურიანი სწავლება, რომლის ხანგრძლივობა 4-დან 5 წლამდე შუალედში მერყეობდა.

 

2005 წლიდან იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყო რეფორმები, კერძოდ, საქართველოს სასწავლო-საგანმანათლებლო სისტემის ბოლონიის პროცესთან მიერთების შემდეგ შემოღებულ იქნა სამსაფეხურიანი სწავლება.

 

იურიდიული ფაკულტეტი ჩამოყალიბებიდან საქართველოში სამართლებრივი განათლების დაუფლების მთავარი კერა იყო. დაარსებიდან მოყოლებული, წლების განმავლობაში, მიმდინარეობდა იურიდიული ფაკულტეტის გაფართოება, პროფესორებისა და სტუდენტების ზრდა, პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობის აღიარება.

 

დღესდღეობით, უმაღლესი იურიდიული განათლება უნივერსიტეტში ეფუძნება საუკუნოვან ეროვნულ ტრადიციებს, ასევე, მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემის საუკეთესო პრაქტიკასა და ტრადიციებს. ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტები ინტენსიურად მუშაობენ იმ მიზნით, რათა მომავალ თაობებს გაუზიარონ საუკეთესო საგანმანათლებლო გამოცდილება და გაამართლონ უნივერსალური საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი ფუძემდებლის ივანე ჯავახიშვილის სიტყვები: "ქართული უნივერსიტეტი ერთსა და იმავე დროს სამეცნიერო კვლევა-ძიებისა და ცდის დაწესებულებაც უნდა იყოს და უმაღლესი სამეცნიერო სასწავლებელიც, სადაც მეცნიერების შესწავლა და სამეცნიერო მუშაობის მეთოდებისა და პრაქტიკის შეთვისება შესაძლებელი იქნება."

 

უნივერსიტეტის არსის განმსაზღვრელი ორიენტირებისა და მისი განხორციელების მეთოდების მიზანმიმართულად განსაზღვრა თანამედროვე ევროპულ განათლებასთან ინტეგრირების საშუალებით მიგვიყვანს საქართველოში უმაღლესი იურიდიული განათლების სრულყოფასთან და ხელს შეუწყობს მის განვითარებას.

იურიდიული ფაკულტეტის მისია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი კავკასიის რეგიონში უმაღლესი იურიდიული განათლების ისტორიულად მნიშვნელოვანი კერაა. იგი კვლევისა და სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით იძლევა ცოდნის შექმნისა და გადაცემის შესაძლებლობას, აყალიბებს ღირებულებათა სისტემას, რომელიც აუცილებელია ევროპული სამართლებრივი კულტურის მქონე პროფესიული საზოგადოებისათვის.

იურიდიული ფაკულტეტის მისიაა იყოს ლიდერი სამართლის სწავლებასა და კვლევაში, დააკავშიროს აკადემიური საზოგადოება კაუტელარულ იურისპრუდენციასა და პროფესიულ პრაქტიკასთან, მოამზადოს კრიტიკული აზროვნების მქონე, თანამედროვე ცოდნითა და ეთიკის მაღალი სტანდარტით აღჭურვილი პროფესიონალი, რომელიც შეძლებს პირადი პასუხისმგებლობის გრძნობით სამართლის უზენაესობის დაცვასა და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნაში ღირებული წვლილის შეტანას.

 

ფაკულტეტის ღირებულებებია:

  • პროფესიონალიზმი, ტოლერანტობა, გუნდური მუშაობის პრინციპი;
  • სწავლა, სწავლებისა და კვლევის ეტიკეტის დაცვა;
  • აკადემიური თავისუფლების დაცვა;
  • სოციალური პასუხისმგებლობა.

 

ხედვა - სამართლის შესწავლა და გამოყენება საზოგადოებრივი კეთილდღეობის მისაღწევად.