საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური პროექტები წარმატებით განხორციელდა

თსუ პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებმა მარიამ ხმიადაშვილმა და ანი ჩიღოშვილმა (“ღონისძიების ორგანიზება”, თბილისი) და ლენა მეშველიანმა (“ღონისძიების ორგანიზება”, ქუთაისი) წარმატებით განახორციელეს სტუდენტური პროექტები თბილისსა და ქუთაისში. პროექტების მიზანი იყო პროფესიული სტუდენტებისთვის დამატებით ისეთი ცოდნის და უნარების მიცემა, რაც მათ  მომავალში დასაქმებასა და კარიერულ განვითარებაში დაეხმარებათ.

 

სტუდენტური პროექტები თბილისსა და ქუთაისში მასტერკლასების ჩატარებას ითვალისწინებდა. ტრენერებმა თსუ ასოცირებულმა პროფესორმა, ფსიქოლოგიის დოქტორმა ნატა ასათიანმა და სოციალური მედიის სპეციალისტმა, მასკომუნიკაციის მაგისტრმა გვანცა ბზიავამ სტუდენტებისთვის გამართეს მასტერკლასები: „საჯარო გამოსვლები და ეფექტური პრეზენტაცია” და “სოციალური მედია როგორც კომუნიკაციის ეფექტური საშუალება”.

 

მასტერკლასების დასრულების შემდეგ თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან წიქარიძემ და ტრენერებმა ნატა ასათიანმა და გვანცა ბზიავამ სტუდენტებს სპეციალური სერტიფიკატები გადასცეს. როგორც ლევან წიქარიძემ აღნიშნა, თსუ პროფესიული განათლების ცენტრი სტუდენტებისთვის ყოველწლიურად აცხადებს კონკურსს სტუდენტური პროექტების დაფინანსებაზე. მისივე თქმით, თსუ-ს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ნებისმიერ სტუდენტს ან სტუდენტთა ჯგუფს  შეუძლია წარმოადგინოს პროფესიულ/საგანმანათლებლო და კულტურულ/სპორტული პროექტები, რომელიც თსუ პროფესიული განათლების ცენტრის მხარდაჭერით და დაფინანსებით განხორციელდება. ამასთან, ლევან წიქარიძის განცხადებით, 2025 წლიდან იგეგმება სტუდენტური პროექტებისთვის გამოყოფილი ყოველწლიური დაფინანსების გაზრდა, რათა კიდევ უფრო მეტ სტუდენტს შეეძლოს თსუ პროფესიული განათლების ცენტრის მხარდაჭერით განათლებასა და განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელება.

თარიღი: 23/10/2024