თსუ-საბავშვო უნივერსიტეტი - უნიკალური, მრავალმხრივი, ეფექტური
„თსუ-საბავშვო უნივერსიტეტი“ - ეს, ერთი შეხედვით, პარადოქსული შინაარსის დასახელება, კარგად არის ცნობილი ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტებისათვის - ის მრავალ საინტერესო, შემეცნებით, სასწავლო პროგრამას აერთიანებს, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერი, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის, მოსწავლისათვის მისაწვდომი და უსასყიდლოა.
როგორ შეიქმნა თსუ-საბავშვო უნივერსიტეტი? თსუ-ის დაარსების დღიდან, არაერთი პროფესორი, საკუთარი ინიციატივითა და საამისო გასამრჯელოს გარეშე, მუშაობდა სკოლის მოსწავლეებთან, უტარებდა სასწავლო/საგანმანათლებლო ლექციებს, ცდილობდა მეცნიერებისადმი მათი ინტერესის გაღვივებას, სხვადასხვა სახის კვლევით საქმიანობაში ჩართვასაც კი. სწორედ ამ კეთილშობილურ ტრადიციაზე დაყრდნობით, 2007/08 წლებში, ჩვენი ქვეყნის პირველ და უდიდეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სკოლასთან მუშაობის სისტემური პროექტი - „თსუ-საბავშვო უნივერსიტეტი“ ჩამოყალიბდა, რომელიც 2011 წელს ევროპის უნივერსიტეტების საბავშვო უნივერსიტეტების გაერთიანებაში (EUCU NET – the European Children's Universities Network http://eucu.net/) გაწევრიანდა.