„ქართული ჩემთვის მშობლიური და თან სახელმწიფო ენაა, ამიტომ ავირჩიე ეს მიმართულება“, – გვითხრა თსუ–ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტმა მარგო შირინიანმა, რომელიც სტუდენტობასთან ერთად სხვა მნიშვნელოვან აქტივობებშიცაა ჩართული.
თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტი მარგო შირინიანი 4+1 პროგრამით ჩაირიცხა. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დასრულების შემდეგ გადაწყვიტა ქართულ ენას საფუძვლიანად დაუფლებოდა, რომ თავისი სოფლის და მუნიციპალიტეტის ახლგაზრდებისთვის ქართული ესწავლებინა: „მიუხედავად იმისა, რომ რეგიონებში ქართული ენის სწავლების პრობლემა დგას, მაინც ვცდილობდი სკოლაში კარგად მესწავლა. ჩემთვის 4+1 პროგრამა და ქართული ენის შესწავლის ერთი წელი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან საფუძვლიანი ცოდნა მივიღე. შემდეგ დიდხანს არ მიფიქრია, რა მიმართულებით გავაგრძელებდი სწავლას, რადგან ბავშვობიდან მინდოდა, რომ მასწავლებელი ვყოფილიყავი. შემიძლია ვთქვა – ჩემი ერთადერთი ოცნებაა, გავხდე კარგი ფილოლოგი და მომავალ თაობას ქართული კარგად ვასწავლო. ქართული ჩემთვის მშობლიური და თან სახელმწიფო ენაა, ამიტომ ავირჩიე ეს მიმართულება“, – ამბობს მარგო.
გარდა სტუდენტური ცხოვრებისა, მარგო აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაშიც. ის სტუდენტური პარლამენტის წევრია და ცდილობს თანატოლებს აჩვენოს, რომ არაქართულენოვანი ახალგაზრდების ინტეგრირება საზოგადოებაში მნიშვნელოვანი და აუცილებელი ფაქტორია იმისთვის, რომ ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქეებად იგრძნონ თავი და დემოკრატიზაციის პროცესშიც მიიღონ მონაწილეობა: „სტუდენტურ პარლამენტში ჩემი კურსელის დახმარებით და რჩევით მოვხვდი. ამჟამად ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში ვარ სტაჟიორი და ძალიან მიხარია, რომ ასე აქტიურად ვარ ჩართული ამ პროექტში. ყოველთვის ვცდილობ, თითოეულ შეხვედრაში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ჩავრთო. ზოგადად, ძალიან დაინტერესებული ვარ ჟურნალისტიკით და დიდი სიხარულით ვესწრები თითოეულ ლექციას თუ სემინარს. ვცდილობ, ყველაფერი წამოვიღო იმ ლექციიდან, რაც შესაძლებელია. ჯერჯერობით ზუსტი გეგმები არ მაქვს, ახლა მარტო იმაზე ვფიქრობ, რომ კარგად ვისწავლო, გავხდე კარგი ფილოლოგი და რატომაც არა, მომავალში ჩემს სოფელში ვასწავლო ახალგაზრდებს“.
მაია ტორაძე