თამარ დოლბაია
თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი,
ასოცირებული პროფესორი
ყოველი ახალი წელი უკეთესის მოლოდინს გვიჩენს. მუდამ ასეა — რაც უნდა რთული პერიოდი განვვლოთ მთელი წლის მანძილზე, მომდევნო მაინც იმედით გვავსებს. რა თქმა უნდა, მეც მაქვს ჩემი სურვილები, რომელთა ასრულებას, მოლოდინის გამართლებას ვისურვებდი ამ ახალ წელიწადს. ალბათ, გასაკვირი არავისთვის იქნება, თუ ვიტყვი, რომ ყველაზე მეტად პანდემიის დასრულება მინდა. ამ მხრივაც იმედიანად ვარ, მგონია, რომ მალე კვლავ სიცოცხლითა და ხალისით აივსება ჩვენი აუდიტორიები და დერეფნები. ამ „გლობალურის“ გვერდით, სხვა, „ლოკალური“ იმედებიც მახსენებს თავს. მიმდინარე წლის მიწურულს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების უმეტესობა რეაკრედიტაციის რთულ პროცესს გადის და იმედი მაქვს, ახალ, 2022 წელს წარმატებული, მაღალხარისხიანი, განახლებული სასწავლო პროგრამებით შევხვდებით. ამასთან ერთად, ჩემი იმედებისა თუ სურვილების რიგშია საუნივერსიტეტო ცხოვრების მუდმივი განახლება, მისი ძლიერი, ფესვმაგარი საზოგადოების წინსვლა და განვითარება. დიდ მოიმედედ ვრჩები, ასევე, ჩემი ოჯახის, ძვირფასი და ერთგული ადამიანების, რომელთა ზრუნვა და სიყვარული სულიერად მავსებს და რუტინულ სიძნელეებს მიმსუბუქებს.
რაოდენ მოულოდნელიც არ უნდა იყოს, ვიტყვი, რომ მიმდინარე წელს, მიუხედავად მძიმე პანდემიური ვითარებისა, მაინც პოზიტიურად ვაფასებ. მთელი წლის მანძილზე ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობა კვლავ აქტიურად მიმდინარეობდა. ახალ რეალობასთან წარმატებით ადაპტირებული საფაკულტეტო ცხოვრება სიურპრიზებსაც გვთავაზობდა ონლაინ ფორმატში მომზადებული შემოქმედებითი პროექტების სახით: სტუდენტური ნამუშევრები, მინი-ფილმები და სამკვლევრო ნაშრომები, კონფერენციები, სამეცნიერო ფორუმები, პრეზენტაციები, უცხოელ კოლეგათა სტუმრობა და ნაყოფიერი ტრენინგები, სხვადასხვა ინსტიტუციასთან გაფორმებული მემორანდუმები... აი, ის არასრული ჩამონათვალი მრავალი ღონისძიებისა, რომელთა დაზუსტებისგან ამჯერად თავს შევიკავებ, რადგან სათქმელი ძალზე გამიგრძელდება. მიუხედავად ბევრი დანაკარგისა, ადამიანის სიცოცხლისთვის შექმნილი საფრთხისა და ახლობლების ჯანმრთელობის გამო წუხილისა, მიმავალმა წელმა კიდევ ერთი ბიჯით მიგვაახლოვა მთავარ ჭეშმარიტებას, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება სიყვარულსა და მოკეთეობაშია. მხოლოდ ამ ადამიანური გრძნობების გამჟღავნება და უშურველად გაცემა თუ გადაგვარჩენს ამ გაუცხოებულ, გათითოკაცებულ სამყაროში.
გულითადად მივულოცავ ახალ, 2022 წელს საუნივერსიტეტო საზოგადოებას! ჩვენი ალმა მატერის ძალა, საყრდენი და მომავლის გარანტი ნიჭიერი, მუდმივად განახლებადი ცოდნით შეიარაღებული თაობების მონაცვლეობაა. სწორედ ამ მისიაში ვხედავ მის სიცოცხლიუნარიანობას, ამ იდეას ვემსახურებით ყველანი, ვინც დღეს მის განვითარებაზე ვზრუნავთ. ჩემს უნივერსიტეტსა და მის მოამაგე საზოგადოებას მინდა წარმატებული, უსაფრთხო წელი და ყველა ჩანაფიქრის ხორცშესხმა ვუსურვო. რაც მთავარია, მშვიდობა გვქონოდეს შინ და გარეთ, მთელ სამყაროში, რათა მოგვეცეს საშუალება, ვიშრომოთ, ვიღვაწოთ და ვაკეთოთ ის საქმე, რაც ჩვენი მშობლიური უნივერსიტეტის წინმსვლელობას წაადგება. ამით კი საზოგადო საქმესაც ეშველება და ქვეყნის განვითარებასაც შეეწყობა ხელი.
მშვიდობიანი, წარმატებული და ხვავიანი წელი მისურვებია ყველა უნივერსიტეტელისთვის, სრულიად საქართველოსთვის!