საერთაშორისო კონფერენცია — „კლასიკური ენების სწავლება XXI საუკუნეში — Vitae Discimus“, რომელსაც თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტმა 24-28 თებერვალს უმასპინძლა, მიეძღვნა კლასიკური ენების სწავლების აქტუალურ საკითხებს 21-ე საუკუნეში. კონფერენცია, რომელიც ონლაინ პლატფორმაზე გაიმართა და რომელშიც მონაწილეობა მიიღო 40-მდე მომხსენებელმა მსოფლიოს 10 ქვეყნიდან და ოთხი კონტინენტიდან (საქართველო, გერმანია, ინგლისი, იტალია, ბელგია, ნიდერლანდები, უკრაინა, აშშ, კოლუმბია, იაპონია), გამოემაურა ძალიან მნიშვნელოვან თარიღს — საბერძნეთის დამოუკიდებლობის 200 წლის იუბილეს. თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი ამ თარიღს საკმაოდ მასშტაბურად აღნიშნავს და მთელი წლის მანძილზე ბევრ სხვა ღონისძიებას შესთავაზებს როგორც საუნივერსიტეტო, ისე ფართო საზოგადოებას. კონფერენციის მნიშვნელობასა და მის ფარგლებში გააქტუალურებული თემის უკეთ გააზრებაზე გვესაუბრება თსუ-ის პროფესორი, კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის წარმომადგენელი ირინე დარჩია.
საქართველო, როგორც ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალი ქყვეყანა და როგორც ევროსაბჭოს წევრი, ენობრივად და კულტურულად მრავალფეროვან სივრცეში შევიდა. ალბათ, დამეთანხმებით, რომ უცხოური ენების ცოდნის გარეშე შეუძლებელია ამ სივრცეში ინტეგრირება და საკუთარი პიროვნული შესაძლებლობების სრულფასოვანი რეალიზება. ამიტომ უცხოური ენის სწავლება დღეს სკოლებსა თუ უმაღლეს სასწავლებლებში საგანმანათლებლო სისტემის სტრატეგიულ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ამ მხრივ, ერთ-ერთი გამორჩეული სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც ენების სწავლების საერთაშორისო სტანდარტებს ამკვიდრებს. კლასიკური ენების სწავლების რა აქტუალურ საკითხებს ეხებოდა თსუ-ში გამართული საერთაშორისო კონფერენცია? საინტერესოა, ჰუმანიტარული მეცნიერებების წინაშე არსებულ რა გამოწვევებზე აკეთებთ აქცენტებს?
აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ უცხოური ენების ცოდნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც თითოეული მოქალაქის პიროვნული და პროფესიული წინსვლისთვის, ისე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური, სავაჭრო, საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისთვის, საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისთვის. სხვათა შორის, როდესაც ჩვენი უნივერსიტეტის ძლიერ მხარეებზე ვსაუბრობთ, ხშირად ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს მოვიხსენიებთ, ან ძლიერ ქართველოლოგიურ სკოლებს, თუმცა, ხშირად გვავიწყდება რამხელა საგანძურს ვფლობთ ძალიან ბევრი უცხოური ენის სწავლებითა თუ კვლევით. მსოფლიოში ძალიან ცოტა უნივერსიტეტი მეგულება, სადაც უცხოური ენების ასეთი ფართო სპექტრი ისწავლება. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტსა და თსუ ენების შემსწავლელ ცენტრში ვასწავლით არა მხოლოდ ქართველურ, დასავლეთ ევროპულ და სლავურ ენებს, არამედ სკანდინავიურ ენებსაც. რა თქმა უნდა, საგანგებოდ უნდა აღინიშნოს აღმოსავლური, კავკასიური და კლასიკური ენების სწავლების ხანგრძლივი და ძალიან მდიდარი ტრადიცია, რომელიც წარმატებით გრძელდება. ასე რომ, ვისურვებდი, უფრო მეტად ვიამაყოთ იმ ენების ჩამონათვალით, რომლებიც თსუ-ს ბაზაზე ისწავლება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთან ხდება ენების არა მხოლოდ პრაქტიკული სწავლება, არამედ მათი ფუნდამენტურად დაუფლება სხვადასხვა ფილოლოგიური ასპექტის გათვალისწინებით.
რაც შეეხება კონფერენციას, რომელსაც უნივერსიტეტმა და, კერძოდ, კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტმა 24-28 თებერვალს უმასპინძლა, ის მიეძღვნა კლასიკური ენების სწავლების აქტუალურ საკითხებს 21-ე საუკუნეში. აღსანიშნავია, რომ კლასიკური ენები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ვეუფლებით, არამედ იმიტომაც, რომ მათი საშუალებით უკეთ, უფრო სიღრმისეულად ვიაზრებთ და ვსწავლობთ სხვადასხვა დასავლეთ ევროპული ენის, განსაკუთრებით კი გერმანიკული და რომანული ენების, ახალი ბერძნული ენის გრამატიკულ, სტრუქტურულ და ლექსიკურ თავისებურებებს, რომ არაფერი ვთქვათ კლასიკურ ენებზე, როგორც საერთაშორისო სამეცნიერო ტერმინოლოგიის საფუძველზე. კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანი იყო და შეეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა კლასიკური ენების სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებსა და უნივერსიტეტებში; ასევე, განსახილველი საკითხები ეხებოდა კლასიკური ენების სახელმძღვანელოებს, შეფასების, სწავლებისა და სწავლის მეთოდებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას, პანდემიის ზემოქმედებას და სხვ. საგანგებო მოხსენებები დაეთმო კლასიკური ენების იმ სტანდარტებს, რომლებსაც ევროპასა და აშშ-ში იყენებენ. აღსანიშნავია, რომ კონფერენცია იქცა წარმომადგენლობით ფორუმად, რომელზეც განიხილებოდა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისა და უნივერსიტეტებისთვის აქტუალური საკითხები. როგორც მოგეხსენებათ, 2020 წელი ჰუმანიტარული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების რეაკრედიტაციის წელია. კონფერენციის ერთ-ერთი მიზანი საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაც გახლდათ, რაც ძალიან დაგვეხმარება შესაბამისი მიმართულების სასწავლო კურსების მოდერნიზაციის პროცესში.
კონფერენცია საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო და ონლაინ შეხვედრას მსოფლიოს ოთხი კონტინენტიდან 30-ზე მეტი მომხსენებელი ესწრებოდა. როგორ ფიქრობთ, ასეთი მასშტაბურობა კონფერენციის თემამ („კლასიკური ენების სწავლება XXI საუკუნეში — — Vitae Discimus“) და აქტუალობამ განაპირობა?
კონფერენცია მართლაც მასშტაბური აღმოჩნდა. მასში 40-მდე მომხსენებელმა მიიღო მონაწილეობა მსოფლიოს 10 ქვეყნიდან და ოთხი კონტინენტიდან (საქართველო, გერმანია, ინგლისი, იტალია, ბელგია, ნიდერლანდები, უკრაინა, აშშ, კოლუმბია, იაპონია). კონფერენციის ძირითადი მომხსენებლები იყვნენ: ქრისტიან ლესი და მერი პენდერგრაფტი, ევროკლასიკასა (Euroclassica) და ამერიკის კლასიკური ლიგის (American Classical League) პრეზიდენტები, ანუ ევროპასა და აშშ-ში შესაბამისი პროფილის მნიშვნელოვანი პროფესიული გაერთიანებების ხელმძღვანელები; კლასიკური ენების ცნობილი ბრიტანული სახელმძღვანელოების ერთ-ერთი ავტორი ჯონ ტეილორი და კლასიკური ენებისა და ცივილიზაციის პოპულარიზაციისთვის საგანგებოდ შექმნილი „პაიდეია ინსტიტუტის“ პრეზიდენტი ჯონ პედიკონე. კონფერენციის მიმართ ინტერესი ნამდვილად განაპირობა თემატიკის აქტუალობამ. კლასიკური ენები აშშ-ისა და ევროპის წამყვანი ქვეყნების არა მხოლოდ საუნივერსიტეტო, არამედ სასკოლო კურიკულუმის ნაწილიცაა. ბევრ ქვეყანაში კლასიკური ენები უნივერსიტეტში მიღების ოფიციალური წინაპირობა თუ არ არის, მათ ცოდნას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სტუდენტების შერჩევის პროცესში. კლასიკური ენები აუცილებელი სამუშაო ინსტრუმენტია ანტიკური სამყაროს შემსწავლელი ჰუმანიტარული დარგებისთვის (ფილოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ფილოსოფია, თეოლოგია და სხვ.) და ბევრ ქვეყანაში სამართლის, მედიცინისა და სხვა პროგრამებისთვისაც. რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, კლასიკური ენების სწავლის პროცესი ავითარებს დისციპლინას, შრომის კულტურას, სტრუქტურირებულად აზროვნების უნარს. ინდოევროპული ენების სწავლებისთვის კლასიკური ენების მნიშვნელობაზე უკვე მოგახსენეთ და თავს აღარ შეგაწყენთ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ კლასიკური ენების ცოდნა იმავდროულად გვანიჭებს ანტიკური ლიტერატურის ორიგინალში წაკითხვის უპირატესობას.
ალბათ დამეთანხმებით, რომ რაც უცხო ენის სწავლებაში ორი საუკუნის წინ აქტუალური იყო, მოძველებულია და დღევანდელ მოთხოვნებს აღარ შეესაბამება. უცხო ენის სწავლება აღარ შემოიფარგლება ენის მხოლოდ კოგნიტიური და სტრუქტურული დაუფლებით. დღეს აქტუალური გახდა ენის შესწავლა ნაბიჯ-ნაბიჯ, ის კულტურის შესწავლასთან ერთად უნდა ხდებოდეს, რათა შემსწავლელი ნებისმიერ სიტუაციაში მზად იყოს ინტერკულტურული კომუნიკაციისათვის. ამ მიმართულებით თუ გაკეთდა აქცენტები მომხსენებელთა მხრიდან?
ჩვენთან კლასიკური ენების სწავლებას საფუძველი ჩაეყარა 1920 წელს, როდესაც საყოველთაოდ ცნობილმა ელინისტმა, ბიზანტინისტმა და პაპიროლოგმა გრიგოლ წერეთელმა დააარსა კლასიკური ფილოლოგიის კათედრა. ამდენად, კლასიკური ენები თსუ-ს საუნივერსიტეტო კურიკულუმის ნაწილია მისი დაარსების დღიდან, რასაც დაფასება, მოფრთხილება და შემდგომი განვითარება სჭირდება. როგორც ჩვენი მასწავლებელი, ჩვენი ინსტიტუტის დამაარსებელი და ელინისტიკის ცოცხალი ლეგენდა, ბატონი რისმაგ გორდეზიანი ხშირად ამბობს, ჭეშმარიტად ღირებული შედეგი მხოლოდ ტრადიციისა და ნოვატორობის შერწყმით მიიღება. ამდენად, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, უკვე არსებული ასწლოვანი ტრადიციის შენარჩუნება, ხოლო, მეორე მხრივ, მისი განვითარება უახლესი პედაგოგიური და ტექნოლოგიური მიღწევებით. კონფერენციის შედეგად დავრწმუნდით, რომ კლასიკური ენების სწავლების თვალსაზრისით კვლავ აქტუალურია ტრადიციული მეთოდი, რომელიც გრამატიკის ფუნდამენტურ სწავლებასა და ტექსტების თარგმნას გულისხმობს (და რასაც დღემდე აქტიურად ვიყენებთ ჩვენც), ხოლო მის პარალელურად სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება კლასიკური ენების სწავლების კომუნიკაციური, ე.წ. ბუნებრივი მეთოდი, რომლის გამოყენებითაც სტუდენტები ეუფლებიან კლასიკური ენების არა მხოლოდ გრამატიკასა და ლექსიკას, არამედ ივითარებენ ზეპირი კომუნიკაციის უნარსაც, რასაც მომავალი წლიდან ჩვენც საგანგებო ყურადღებას დავუთმობთ. სხვათა შორის, ჩვენს კოლეგებს — მანანა ფხაკაძესა და ეკა კობახიძეს შექმნილი აქვთ სალაპარაკო ლათინურის სახელმძღვანელო და ამავე სახელწოდების სასწავლო კურსი შეტანილიც არის ჩვენს სამაგისტრო პროგრამაში, თუმცა მის მიმართ მაგისტრანტების ინტერესი დღემდე ნაკლები იყო. ვფიქრობთ, უფრო გამართლებული იქნება კლასიკური ენების სწავლების ე.წ. კომუნიკაციური მეთოდის ინტეგრირება ბაკალავრიატის კურიკულუმში თავდაპირველად ერთგვარი ექსპერიმენტის სახით და შედეგებზე დაკვირვება. აქვე საგანგებოდ მინდა აღვნიშნო, რომ ტრადიციული, გრამატიკულ-მთარგმნელობითი მიდგომა დღემდე შეუცვლელია და მასზე უარს ვერავინ იტყვის. უბრალოდ, მის პარალელურად იქნება გამოყენებული სხვა მეთოდებიც. ამ პროცესში უფროს თაობასთან ერთად გვინდა ჩავრთოთ ჩვენი ახალგაზრდა კოლეგები, პარიზის დიდროს უნივერსიტეტის დოქტორი ლიკა გორდეზიანი და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მაგისტრი დაჩი ფაჩულია, რომელიც მეორე მაგისტრატურას თსუ-ში ამთავრებს ბიზანტიური ფილოლოგიის მიმართულებით და ლათინურს უკვე ასწავლის საქართველოს უნივერსიტეტის სკოლაში. ვფიქრობ, მათი დასავლური გამოცდილება და ახალგაზრდული ენერგია ძალიან დაგვეხმარება ახალი მიდგომების დანერგვაში და კლასიკური ენების სწავლების პროცესის გამრავალფეროვნებაში. მათთვის ძალიან სასარგებლო იყო კონფერენციაზე მოსმენილი მოხსენებებიც და ის კონტაქტები, რომლებიც უცხოელ კოლეგებთან დავამყარეთ კონფერენციის ონლაინ ფორმატის მიუხედავად. კონფერენციამ აგრეთვე დაგვანახა, რამდენად მწირია კლასიკური ენების სწავლებასთან დაკავშირებული ელექტრონული, ინტერნეტ რესურსები (სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსია საკმარისად ნამდვილად ვერ ჩაითვლება). სულ ახლახან ძალიან გაგვახარა ფილოსოფიის მიმართულების სტუდენტმა მარიამ შენგელიამ, რომელიც ფილოსოფიის პარალელურად ეუფლება კლასიკური ფილოლოგიის დისციპლინებსაც და რომელმაც საკუთარი ინიციატივით შექმნა არხი ლათინური ენის შესწავლის მსურველთათვის. მარიამის ინიციატივა მართლა ძალიან სასიხარულო და საამაყოა, თუმცა ამ საკითხს უფრო სისტემური მიდგომა და, რაც მთავარია, დაფინანსება სჭირდება, რისი პერსპექტივაც, სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით არ ჩანს. ჩვენი სტუდენტები გეგმავენ თსუ-ის ადმინისტრაციას წარუდგინონ სტუდენტური პროექტი კლასიკური ენების სასწავლო რესურსების ქართულენოვანი პორტალის შესაქმნელად, თუმცა რთულია პროგნოზირება — დაფინანსდება თუ არა მათი პროექტი.
შეუწყო თუ არა კონფერენციამ ხელი ბერძნულ-რომაული ფილოლოგიის ქართული სკოლის ცნობადობის ზრდას, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას, კლასიკური ენების სწავლების მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებას?
როგორც უკვე მოგახსენეთ, კლასიკური ფილოლოგიის ქართული სკოლა ერთ-ერთი უძველესია უნივერსიტეტში და ყოველთვის გამოირჩეოდა როგორც მაღალი აკადემიური და სამეცნიერო სტანდარტით, ისე საერთაშორისო კონტაქტებით, რასაც განსაკუთრებით შეუწყო ხელი ბატონი რისმაგ გორდეზიანის ინიციატივით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და საბერძნეთის მთავრობის ხელშეწყობით დაარსებულმა კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტმა (თუმცა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ძალიან აქტიური იყო კონტაქტები გერმანიისა და ევროპის სხვა უნივერსიტეტებთან). არსებობის 24 წლის მანძილზე ინსტიტუტმა უკვე 10 მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას და 4 საერთაშორისო სეზონურ სკოლას უმასპინძლა, რაც ნამდვილად შთამბეჭდავი რიცხვია. მიუხედავად ინტერნაციონალიზაციის ძალიან აქტიური პოლიტიკისა, რასაც ჩვენი ინსტიტუტი ეწევა (საერთაშორისო ღონისძიებები, უცხოელი კოლეგების აკადემიური მივლინებები ჩვენთან და ჩვენი აკადემიური და სამეცნიერო ვიზიტები უცხოეთში, საერთაშორისო პროექტები და პუბლიკაციები, ჩვენი ინსტიტუტის ჟურნალის „ფაზისის“ ჩართვა ERIH PLUS-ის ბაზაში და სხვ.), ეს კონფერენცია მაინც გამორჩეულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საერთაშორისო მასშტაბით ჩვენი ცნობადობის გაზრდის თვალსაზრისით. ვინაიდან კონფერენცია ჩატარდა ვირტუალურად, თითქმის ყველა მოხსენების ტრანსლაცია ხდებოდა ჩვენი ინსტიტუტის ფეისბუკ-გვერდის საშუალებით. კონფერენციის ძალიან წარმომადგენლობით გახსნას დღევანდელი მონაცემებით 1000-ზე მეტი ნახვა აქვს, ხოლო სხვადასხვა სექციას — 300-დან 600-მდე. ანუ მთელ მსოფლიოში ასობით ათასზე მეტი ადამიანი გაეცნო კლასიკური ენების სწავლების პრობლემებსა და უახლეს ტენდენციებს სწორედ ჩვენს მიერ ჩატარებული კონფერენციის წყალობით, რითიც ძალიან ვამაყობთ. უახლოეს ხანებში კონფერენციის მოხსენებების ვიდეო ჩანაწერი განთავსდება youtube-ზეც და დარჩება ვირტუალურ სივრცეში როგორც ჩვენი, თსუ-ის ეგიდით შექმნილი მნიშვნელოვანი აკადემიური და სამეცნიერო რესურსი. როგორც უკვე აღვნიშნე, მომავალი სასწავლო წლიდან ვგეგმავთ კლასიკური ენების სწავლების პროცესში კომუნიკაციური, ბუნებრივი მეთოდის ინტეგრირებას. თუ ჩვენი სტუდენტები დაინტერესდებიან და კლასიკურ ენებზე ამეტყველებას შეძლებენ, ეს მათ საერთაშორისო თანამშრომლობის საინტერესო პერსპექტივებს გაუხსნის, რადგან გვაქვს ამ მიმართულებით თანამშრომლობის შემოთავაზებები. მაგალითად, რამდენიმე საერთაშორისო პროფესიულმა ორგანიზაციამ და უნივერსიტეტმა შემოგვთავაზა მათი ეგიდით და, რა თქმა უნდა, ჩვენთან თანამშრომლობით კლასიკური ენების საზაფხულო სკოლის ორგანიზება საქართველოში (ბუნებრივია, პანდემიის დასრულების შემდეგ). ამ საზაფხულო სკოლების პირობითი სათაურებია: „ილაპარაკე ძველბერძნულად და ლათინურად კოლხეთში“. რა თქმა უნდა, ამ სკოლების ორგანიზებას მხოლოდ უცხოელებისთვისაც შევძლებთ, მაგრამ ძალიან გვინდა, რომ ქართველი სტუდენტები კონკურენტუნარიანი აღმოჩნდნენ და თავიანთ თანატოლებს კლასიკურ ენებზე ესაუბრონ. ჩვენი მხრიდან კი ამის წინაპირობებს აუცილებლად შევქმნით.
კონფერენცია კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს ჩაუყრის საფუძველს — ეს იქნება კლასიკური ენების სტანდარტების შემოღება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შედეგად. აღნიშნული სტანდარტების საფუძველზე მოხდება კლასიკური ენების სხვადასხვა სილაბუსის განახლება (რაც ისედაც გვიწევს აკრედიტაციისათვის მზადების პროცესში) და მსურველთათვის სერტიფიცირების შეთავაზება უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობით. ანუ, კლასიკური ენების საფაკულტეტო ორსემესტრიანი ან სპეციალობის სამსემესტრიანი კურსის დასრულების შემდეგ მსურველები შეძლებენ სპეციალური სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას და შესაბამის დონეზე ენის ცოდნის სერტიფიკატის მიღებას. სასერტიფიკაციო გამოცდების ორგანიზებას ვგეგმავთ კლასიკური ენების მასწავლებლების დიდ ევროპულ გაერთიანება „ევროკლასიკასთან“ თანამშრომლობით. იმედია, ყველა კონცეპტუალურ, მეთოდოლოგიურ და სამართლებრივ საკითხს მოვაგვარებთ ისე, რომ წლის ბოლომდე ამ სასერტიფიკაციო გამოცდების ორგანიზება შევძლოთ. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება საყოველთაო საერთაშორისო აღიარების დოკუმენტი, თუმცა ეს იქნება კლასიკური ენების ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (როგორც ქართული, ისე საერთაშორისო ორგანიზაციის ლოგითი), ერთგვარი სიმბოლო და დამატებით მოტივაცია ჩვენი სტუდენტებისთვის.
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ კონფერენციამ ხელი შეუწყო თანამშრომლობის გაღრმავებას არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ ეროვნულ დონეზეც. დღეისათვის კლასიკური ენები საქართველოს ბევრ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ისწავლება, თუმცა პირველად მოგვეცა შესაძლებლობა — არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე სხვადასხვა უნივერსიტეტის, მათ შორის, რეგიონული ინსტიტუციების წარმომადგენლებთან ერთად გვემსჯელა და ერთობლივი აქტივობებიც დაგვეგეგმა. დაბოლოს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს, თსუ ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელს, ფილოლოგიის დოქტორ თამარ ჭეიშვილს და ჩვენს დოქტორანტებს მარიამ კალაძეს, ეკატერინე კვირკველიას და ანა ცანავას, რომლებიც ონლაინ კონფერენციის საორგანიზაციო საკითხებში გვეხმარებოდნენ. აქვე საგანგებოდ მინდა აღვნიშნო მარიამ კალაძის „თავგანწირვა“, რომელმაც ახლახან იმშობიარა და დეკრეტული შვებულება კონფერენციის მზადებაში გაატარა. ვფიქრობ, კონფერენციამ მარიამიც და ამ მასშტაბური ღონისძიების ყველა მონაწილე კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ კლასიკური ენებისთვის შრომა და „თავგანწირვა“ ნამდვილად ღირს, რადგან სწორედ მათი საშუალებით სიღრმისეულად ვეზიარებით ანტიკურ სამყაროს, ანუ ევროპული ცივილიზაციის საწყისებს, რაც ჩვენი ეროვნული იდენტობის შემადგენელი ნაწილიცაა.
მოამზადა თამარ დადიანმა