ნატო ობოლაძე
პროექტის — „პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში“ — ტრენერებმა თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ტრენინგი — „კოვიდ-19 და მისი მართვა“ ჩაატარეს. ტრენინგი რამდენიმე თემატურ მიმართულებას მოიცავდა: COVID-19 — ზოგადი ინფორმაცია, ვირუსის ზემოქმედება ორგანიზმზე, სიმპტომები, დიაგნოსტიკა, კარანტინი და იზოლაცია; COVID-19-ის მართვა პირველად ჯანდაცვაში — PCR ტესტის შედეგების ინტერპრეტაცია, დისტანციური ტრიაჟი, მეთვალყურეობა, მსუბუქი შემთხვევების ბინაზე მართვასთან დაკავშირებული რეკომენდაციები; პრევენცია და ვაქცინაცია და უკანასკნელი ცნობები ვირუსის შესახებ. ტრენინგს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტრენერები — ნატო შენგელია და მარინა შიხაშვილი უძღვებოდნენ.
„მოგეხსენებათ, COVID-19-ით გამოწვეული პანდემია ჯერ კიდევ მძვინვარებს მსოფლიოში და ჩვენი ქვეყანაც განაგრძობს მასთან ბრძოლას, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებს ჰქონდეთ უახლესი ინფორმაცია ვირუსთან დაკავშირებით და მიიღონ ის კვალიფიციური პირებისგან. ქვეყანაში არსებული ურთულესი პირობების დროს, ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებს აქტიურად ჰქონდათ შეხება კოვიდინფიცირებულ პაციენტებთან და ბევრი მათგანი დღესაც განაგრძობს კოვიდკლინიკებში მუშაობას. შესაბამისად, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის უპირველეს მიზანს წარმოადგენდა მათთვის აქტუალურ საკითხებზე უახლესი ინფორმაცია მიგვეწოდებინა.
ჩემთვის, როგორც თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარისათვის, მნიშვნელოვანი იყო ტრენინგთან დაკავშირებით მონაწილეთა მოსაზრება მომესმინა და ძალიან მიხარია, რომ მას საკმაოდ დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. სტუდენტების განსაკუთრებული ყურადღება ვაქცინაციამ დაიმსახურა, რომელიც, მოგეხსენებათ, საკმაოდ აქტუალური თემაა დღეს ჩვენს ქვეყანაში“, — აღნიშნა ანი ჩართოლანმა.
ტრენინგში მედიცინის ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტები მონაწილეობდნენ. სწავლება ონლაინ, ზუმ-ფორმატში მიმდინარეობდა.
აღნიშნული პროექტი თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით განხორციელდა და თსუ-ის სტუდენტური პროექტების კონკურსში გამარჯვების შედეგად დაფინანსდა. ორგანიზატორები COVID-19-თან დაკავშირებით ახალი და სანდო ინფორმაციის მიწოდებას სტუდენტებისთვის პერმანენტულად გეგმავენ.
„მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები ერთ-ერთ მთავარ დამხმარე ბაზას წარმოადგენენ პანდემიის გამწვავების შემთხვევაში. შესაბამისად, ჩვენ ვალდებულები ვართ, დავეხმაროთ მათ ვირუსთან დაკავშირებით უახლესი ინფორმაციის მიღებაში“, — აღნიშნა ანი ჩართოლანმა.