შურთხია ბეროშვილი
სახელმწიფო ენის სტრატეგიის შესახებ შემუშავებული დოკუმენტის განხილვა სექტემბერში ზუმის პლატფორმაზე გაიმართა. დოკუმენტის მუშაობაში მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო სექტორისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები.
თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის თინათინ ბოლქვაძის ინფორმაციით, შეკრებილმა საზოგადოებამ განიხილა სახელმწიფო ენის სტრატეგიის ძირითადი მიზანი — საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში სახელმწიფო ენის სრულფასოვანი ფუნქციონირება და ამოცანები: სახელმწიფო ენის ნორმალიზაციისა და სტანდარტიზაციის სრული ციკლის გამართვა, ფორმალური და არაფორმალური განათლების ყველა დონეზე სახელმწიფო ენის სწავლების შედეგიანობის უზრუნველყოფა, ქართველური ენებისა და აფხაზურის მეცნიერული შესწავლა, აფხაზური ენის ფუნქციონირებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ენობრივი ტექნოლოგიების განვითარება, საქართველოს ენობრივი მრავალფეროვნების დაცვა. გამოითქვა შენიშვნები და მოსაზრებები, რომლებიც აისახება სახელმწიფო ენის სტრატეგიაში.
„აღსანიშნავი და ამასთან მნიშვნელოვანია, რომ „სახელმწიფო ენის სტრატეგია“ (ერთიანი პროგრამა) უზრუნველყოფს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ქართულის, ხოლო აფხაზეთში ქართულთან ერთად აფხაზურის კონსტიტუციური სტატუსის განმტკიცებას, სახელმწიფო ენის სრულფასოვან ფუნქციონირებას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, მისი, როგორც საქართველოს მოსახლეობის გამაერთიანებლის როლის გაზრდას, საქართველოში გავრცელებული ენების დაცვასა და განვითარებას. სტრატეგიით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება ემსახურება ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ერთობის მთავარი ფაქტორის განვითარებას, ქართველური ენობრივი მრავალფეროვნების ცოცხალი კულტურის დაცვას, კვლევასა და შენარჩუნებას; საქართველოს უმცირესობათა ენების დაცვასა და განვითარებას, მათი ინტეგრაციისა და ქვეყანაში სამოქალაქო თანხმობის მისაღწევად სახელმწიფო ენის სრულფასოვანი დაუფლებისათვის პირობების შექმნას. დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის N 629-ე დადგენილების − „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად. „სახელმწიფო ენის სტრატეგია 2021-2030“ ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, ასევე, საქართველოს იმ საერთაშორისო ვალდებულებებს, რომლებიც ენობრივ საკითხებს, განათლების თანასწორ პირობებსა და სხვა საზოგადოებრივი სიკეთეების თანასწორ გამოყენებას, სამოქალაქო ინტეგრაციასა და ადამიანის უფლებებს მიემართება,“ — ნათქვამია დოკუმენტში.
დოკუმენტის განხილვისას სტრატეგიის მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრასა და სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის გზების გამოკვეთაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის თანამშრომლებმა, მათ შორის, ქართული ენის სწავლების პროგრამების ხელმძღვანელებმა, ეროვნული საგამოცდო ცენტრის, მასწავლებლის სახლის, სამოქალაქო ინტეგრაციის ცენტრის წარმომადგენლებმა და პედაგოგებმა, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ, საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების თანამშრომლებმა.