მეგი მიქაბერიძე, თსუ-ის სტუდენტი:
– ძალიან მინდა, უნივერსიტეტში დიდი დახურული სპორტული დარბაზი რომ იყოს ხელმისაწვდომი და სტუდენტს ნებისმიერ დროს შეეძლოს შესვლა, ვარჯიში, თამაში, დროის სასიამოვნოდ დახარჯვა (ვგულისხმობ სარბენ ბილიკებს და სხვა აღჭურვილობასაც). მითხრეს, რომ მეორე კორპუსში არის პატარა დარბაზი, მაგრამ, როგორც ვიცი, იქ მხოლოდ კალათბურთის ან ფეხბურთის თამაში შეიძლება. კარგი იქნებოდა გოგონების კალათბურთის ან სპორტის სხვა სახეობის გუნდების შექმნა. კარგი იქნება უნივერსიტეტში იყოს ქალთა ნაკრებები.
ლაშა საღინაძე, თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:
– იცით, რომ ჩვენთან მუშაობს სპორტის და კულტურის დეპარტამენტი და გვყავს მასთან არსებული სპორტული გუნდები. თუ არ ვცდები, მშვილდოსნობასა და ფრენბურთში ქალთა გუნდი გვყავს. ცოტა ხნის წინ გვქონდა საუბარი დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და მითხრა, რომ სტუდენტთა გარკვეულმა ჯგუფმა გამოთქვა სურვილი, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქალთა ფეხბურთის გუნდი შექმნილიყო. თვითონაც გახარებული იყო ამ ფაქტით და მეც, რა თქმა უნდა, მზაობა დავუდასტურე და ჩვენ ამას განვახორციელებთ. თუკი რაიმე მიმართულებით იქნება სტუდენტების შესაბამისი სურვილი, ცალსახად მხარს დავუჭერთ, რომ მათ ხელი შევუწყოთ კონკრეტული გუნდის ჩამოყალიბებაში.
რაც შეეხება შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას, ეს იქნება სატრენაჟორო დარბაზი თუ სხვა, მეორე კორპუსში რემონტის შედეგად გაკეთდა ორი დარბაზი. ასევე, მაღლივ კორპუსში გვაქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც ეხლა გავარემონტეთ და იქაც მოეწყობა შესაბამისი გარემო საიმისოდ, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა სპორტული აქტივობით დაკავდნენ.
გვაქვს სურვილი იმისა, რომ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული საუნივერსიტეტო ფიტნეს–დარბაზი გავაკეთოთ. ჩვენ ეს ჩაფიქრებული გვქონდა ახალ სტუდენტურ საცხოვრებელში, რომელიც მაღლივ კორპუსთან უნდა აშენებულიყო. ჯერ-ჯერობით ეს პროცესი მიმდინარეობს. ვნახოთ, საბოლოო ჯამში რა გამოვა.