გვესაუბრება თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
დეკანი ნანა გაფრინდაშვილი
სექტემბერი ის თვეა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ყველა თაობის ადამიანის ცნობიერებაში ტრადიციულად სწავლის დაწყებას, ე.ი. ახლის ძიებას უკავშირდება. სწავლის დაწყება ყველა დღესასწაულისაგან გამორჩეული დღესასწაულია. იგი ერთნაირად ძვირფასია ყველასათვის, ვისაც ოდესმე უსწავლია ან უსწავლებია, ვინც ახლა სწავლობს ან ასწავლის.
პროფესორებისათვის ეს თავიანთი მოღვაწეობის ახალი ეტაპის დასაწყისია, სტუდენტებთან შეხვედრის ახალი სიხარულია, ბედნიერი შანსი და შესაძლებლობაა, რათა ცოდნის საოცარი სამყაროს კარი გაუღონ ახალგაზრდებს.
სტუდენტებისათვის კი პიროვნული და პროფესიული ზრდის ახალი ეტაპია, ახალი ცოდნის მიღებისა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ინტეგრირების ახალი საშუალებაა.
ახალ სასწავლო წელს ნაყოფიერი და საინტერესო სამუშაო გველის, რათა გადავჭრათ ჩვენ წინაშე მდგარი აკადემიური, სამეცნიერო თუ ადმინისტრაციული ამოცანები.
ყველა ჩვენგანს ვუსურვებ დიდ შემოქმედებით წარმატებებს, ახალ გამარჯვებებსა და დასახული მიზნების შესრულებას.
ბუნებრივია, ტრადიციულად განსაკუთრებული სითბოთი ვულოცავ ახალ სასწავლო წელს ჩვენს პირველკურსელებს. წელს ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტი 1426 პირველკურსელი გახდა, რაც ძალიან მახარებს. მათ დაემატება 300-მდე მაგისტრანტი და დოქტორანტი. დამეთანხმებით, სტუდენტთა საკმაოდ სოლიდური რაოდენობაა ერთი ფაკულტეტის მხოლოდ პირველსემესტრელებისათვის. იმედი მაქვს, ჩვენი პირველკურსელები ჩვენივე დახმარებით მალე „გაშინაურდებიან“ და უნივერსიტეტი მათი ცხოვრების ორგანული და უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდება.
ასევე დიდი იმედი მაქვს, ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, პროფესორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები გაუფრთხილდებიან ერთმანეთს, ყველა აიცრება და განუხრელად დაიცავს კოვიდრეგულაციებს.
სამწუხაროდ, კოვიდი კვლავ საყოველთაო პრობლემა და გამოწვევაა. იგი ჩვენს ფაკულტეტსაც ისევე სტკივა, როგორც მთელ სამყაროს. ჩვენც გვაქვს კოვიდთან დაკავშირებული ჩვენი უმძიმესი ტრაგედიები და ისტორიები, ტკივილი და ცრემლი...
თუმცა, გვმართებს, ვიყოთ ოპტიმისტები და ეს მაგალითი მივცეთ მომავალ თაობასაც. იმედი მაქვს, მალე დავამარცხებთ პანდემიას და დავუბრუნდებით ერთმანეთს, აუდიტორიებს, ბიბლიოთეკებს, საგამოფენო დარბაზებს, თეატრებს...
გლობალური პრობლემების გარდა, გვაქვს ჩვენი ლოკალური, თუმცა უმნიშვნელოვანესი გამოწვევებიც. მომავალი წელი ჰუმანიტარული პროფილის საგანმანათლებლო პროგრამების სააკრედიტაციო წელია და მთელი ფაკულტეტი ჩართულია, რათა მომზადებული შევხვდეთ აკრედიტაციას.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მისი პროფესურა და ადმინისტრაცია მზად არიან სასწავლო წლის დასაწყებად.