ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა რეალობამ (სხვადასხვა მიზეზის გათვალისწინებით) საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, მათ შორის, სტუდენტებსაც დააკარგვინა სამსახური. ეს პრობლემა რამდენი ხნის განმავლობაში გაგრძელდება პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ჯერ არავინ იცის.
თსუ გაზეთის რედაქციამ სტუდენტური გამოკითხვებისას მიაგნო თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების მე-4 კურსის სტუდენტს მამუკა გოგუაძეს, რომელმაც დისტანციური მუშაობის საკუთარი წარმატებული გამოცდილება გაგვიზიარა და სტუდენტებისთვის დასახმარებლად (რათა მათ შეძლონ ამ რთულ პერიოდში ფულის ონლაინ გამომუშავება) გამოგვიგზავნა ინფორმაცია თანდართული ისნტრუქციით — როგორ შეიძლება ახალ დისტანციურ სამსახურს მივაგნოთ? როგორ გამოვიმუშაოთ ფული და რა უნარებს უნდა ვფლობდეთ ამისთვის? — ამ კითხვებზე პასუხები, რჩევები და რეკომენდაციები მოცემულია მამუკა გუგუაძის მიერ გამოგზავნილ საინფორმაციო წერილში ყველა საჭირო აქცენტით.
როგორ ვიშოვოთ ფული ონლაინ?
კორონავირუსის გამო აქტუალური გახდა დისტანციური მუშაობა. მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება იმის შესახებ, თუ როგორ შეგიძლიათ იმუშაოთ სახლიდან და გამოიმუშაოთ ფული ონლაინ.
მე ვარ მამუკა გოგუაძე — თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების სტუდენტი. სწავლის პარალელურად უკვე 3 წელზე მეტია დისტანციურად ვმუშაობ Financer.com/ge-ზე.
Financer.com/ge არის სრულად დისტანციური (სრულად ციფრული) კომპანია, რომელიც აერთიანებს 40 თანამშრომლისგან შემდგარ გუნდს და ოპერირებს მსოფლიოს 26 ქვეყანაში, მათ შორის, ერთ-ერთია საქართველო. გუნდში ვართ ციფრული მარკეტინგის სპეციალისტები, დეველოპერები, პროექტების მენეჯერები, ადმინისტრაციული მენეჯერი.
ჩვენი სათაო ოფისიც ვირტუალურია. ერთმანეთთან საკომუნიკაციოდ აქტიურად ვიყენებთ slack-ს და ძალიან კარგად გვაქვს მორგებული 26-ვე ქვეყნის სამუშაო პროცესზე.
რაც შეეხება ერთმანეთის რეალურ ცხოვრებაში გაცნობას, წელიწადში 2-ჯერ ვაწყობთ ერთ თვიან team building-ს და მთელი გუნდი ვიკრიბებით — თან ვისვენებთ, თან ვმუშაობთ ყველა ერთად.
ეს ყველაფერი ერთი შეხედვით საოცნებო სამსახურს ჰგავს არა? რეალურად კი არც ისე რთულია მსგავსი სამსახურის მოძებნა, თუ აქტიურად დაიწყებთ მუშაობას freelancing-ის პლატფორმებზე. მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, როგორ დავიწყე ონლაინ მუშაობა და ამ რთულ პერიოდში (კორონავირუსის დროს) შეძლოთ ფულის შოვნა ინტერნეტით.
გახდით Freelancer და იმუშავეთ ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან
როდესაც პირველ კურსზე ვიყავი, დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ როგორ მეშოვა ფული ონლაინ, რათა სწავლის პარალელურად მქონოდა საკუთარი შემოსავალი. აქტიურად ვკითხულობდი რჩევებს ფორუმებზე, რათა გამეგო — რა არხები და პლატფორმები არსებობდა ამისთვის. ერთ-ერთ სტატიაში მივაგენი Upwork.com-ს, სადაც კომპანიები და ფიზიკური პირები დებენ საკუთარ მოკლევადიან და გრძელვადიან პროექტებს, შესასრულებელ დავალებებს, ფრილანსერებს კი შეუძლიათ, გამოეხმაურონ და გააკეთონ ესა თუ ის პროექტი შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ.
მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერს შეგიძლიათ, დარეგისტრირდეთ Upwork.com-ზე, გამოაქვეყნოთ თქვენი პროფილი და დაიწყოთ პროექტებზე მუშაობა. რაც მთავარია, მარტივად იპოვით პროექტს, თუ შეგიძლიათ:
- ვებ-გვერდის შექმნა
- ციფრული მარკეტინგი: Facebook, SEO, Google ad...
- საინტერესო სტატიების წერა
- ვიდეოების, სურათების დამუშავება
- დოკუმენტების ფორმატირება
- სხვადასხვა ენაზე თარგმნა
დარეგისტრირდით, იპოვეთ თქვენს უნარებზე მორგებული სამუშაო და გამოიმუშავეთ თანხა სახლიდან! მართლაც, ტექნოლოგიებს თუ ფეხს აუწყობთ, შეამჩნევთ, რომ ჩვენ გარშემო ფულის შოვნის უსასრულოდ ბევრი შესაძლებლობა არსებობს. შეგიძლიათ გახდეთ თვითდასაქმებული (ე.წ. freelancer) და ეცადოთ გამოიმუშაოთ მეტი თანხა ან მოძებნოთ მსგავსი შესაძლებლობები ისევ და ისევ ონლაინ პლატფორმებით.
3 მთავარი რჩევა დამწყებთათვის
- არ გამოეხმაუროთ ყველა პროექტს, გამოეხმაურეთ მხოლოდ ისეთებს, რომელთა გაკეთებაც შეგიძლიათ, რადგან თუ ვერ შეასრულებთ საქმეს, დამქირავებელი ცუდ შეფასებას დაგიწერთ. დამსაქმებლის შეფასებას კი დიდი მნიშვნელობა აქვს მომავალი პროექტების აღებისას, ამიტომ აღებული საქმის შესასრულებლად მაქსიმუმი გააკეთეთ.
- კარგად წაიკითხეთ სამუშაოს აღწერა და გამოხმაურება დაწერეთ კონკრეტული მოთხოვნებიდან გამომდინარე. თუ არის პროექტი IT სფეროდან, ხაზი გაუსვით თქვენს უნარებსა და გამოცდილებას ამ სფეროში; აღწერეთ თქვენ მიერ აქამდე შესრულებული პროექტები; თუ გაქვთ მაგალითი, თვალსაჩინოებისთვის გაუგზავნეთ. ხშირად სამუშაოს მაძიებლები აკოპირებენ თავიანთ რეზიუმეებს და ყველას ერთსა და იმავე რეზიუმეს უგზავნიან, რაც, ცხადია, არასწორია, რადგან დამსაქმებელი ხვდება, რომ თქვენ მიერ გაგზავნილი ინფორმაცია არის შაბლონური და არ არის მის პროექტზე მორგებული.
- შექმენით პორთფოლიო — ახალდარეგისტრირებული ფრილანსერები. თავდაპირველად, როგორც წესი, ფრილანსერები იმაზე უფრო დაბალი ანაზღაურებით მუშაობენ, ვიდრე რეალურად მათი უნარები და შესრულებული სამუშაო ღირს. ამის მიზეზი კი არის პორთფოლიოს შექმნა. მათ პროფილზე არ ფიქსირდება აქამდე შესრულებული პროექტები და, შესაბამისად, დამსაქმებელს უჭირს ენდოს ისეთ ფრილანსერს, რომელსაც არასდროს აუღია პროექტი, ანუ არ აქვს სხვა დამსაქმებლის მიერ დაწერილი შეფასება და არ იცის, რამდენად სანდოა. ეს იმიტომ ხდება, რომ პირველი პროექტის აღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა სამომავლოდ სხვა დამქირავებლებს გაუჩნდეთ ნდობა და თქვენს პროფილზე ნახონ, რომ კარგად შეასრულეთ წინა პროექტები. ამიტომ, გირჩევთ, რომ პირველ პროექტებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ, დააგროვოთ წარმატებული პროექტები, თუნდაც იმაზე იაფი გადაგიხადონ, ვიდრე თვლით, რომ ღირს თქვენი სამუშაო. დასაწყისში ცოტა რთული იქნება პროექტების აღება, თუმცა არ უნდა დანებდეთ და ყოველი შემდეგი პროექტის აღება ბევრად გაგიმარტივდებათ.
იმედი მაქვს, დაგეხმარებათ ჩემი რჩევები! თუ დამატებითი კითხვები გექნებათ ან რჩევა დაგჭირდებათ, შეგიძლიათ, მიპოვოთ სოციალურ ქსელში (facebook.com/M.goguadze3.14) და მომწეროთ. მადლობა თსუ გაზეთს, რომ მომცა თქვენთან შეხმიანების და რეკომენდაციების გაწევის საშუალება!
გისურვებთ წარმატებებს!
ესაუბრა ნინო კაკულია