შურთხია ბეროშვილი
საქართველოში კავკასიოლოგიის მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლეა, კერძოდ, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში შეიქმნა კავკასიოლოგიის განვითარების ხელშეწყობისათვის სპეციალური ორი ლოტი, ერთი — სამეცნიერო კვლევებისათვის და მეორე — სამეცნიერო ფორუმების მხარდასაჭერად. მიმდინარე წელს ჩატარდა პირველი კონკურსი და გამოვლინდა პირველი გამარჯვებული ორი პროექტი, ორივე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან: „ქართული მატერიალური და სულიერი კულტურა ჩრდილოეთ კავკასიაში — მონაცემთა ბაზა ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე (ხელმძღვანელი: პროფესორი ცირა ბარამიძე) და 2. „კავკასიის ხალხები, კულტურები, ენები: ავტოქტონი მოსახლეობა (ხელმძღვანელი — ასოცირებული პროფესორი მერაბ ჩუხუა). ორივე პროექტის მნიშვნელობა ძალზე დიდია.
პროფესორ ცირა ბარამიძის თქით, „პროექტის „ქართული სულიერი და მატერიალური კულტურა ჩრდილოეთ კავკასიაში — მონაცემთა ბაზა ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე“ მიზანია სრულყოფილად აღიწეროს ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული ქართული მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლები, შესწავლილ იქნეს ამ ძეგლების ჩრდილოეთ კავკასიაში არსებობის ისტორიული, პოლიტიკური, კულტურული და სოციალური მიზეზები. ჩრდილოეთ კავკასიაში დასტურდება არა მარტო ქართული ქრისტიანული კულტურის ძეგლები, არამედ სხვა სახის კულტურული მემკვიდრეობაც ქართული კულტურისა (ეპიგრაფიკა, წარწერები, ქართული ეთნოტოპონიმიკა, ქართული ისტორიოგრაფიული მასალები, ქართული ფოლკლორული მასალა, ქართული მუსიკალური ფოლკლორი და საგალობლები, აგრეთვე ქართული მატერიალური კულტურის ექსპონატები, დაცული ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების მუზეუმებსა და არქივებში, ასევე ღია სივრცეში).
პროექტში მონაწილე მეცნიერები ინტერდისციპლინური, მულტიდისციპლინური, კროსდისციპლინური და მონოდისციპლინური მიდგომებით გამოიკვლევენ ჩრდილოკავკასიაში არსებულ ძეგლებს შემდეგი დარგებისა: ლინგვისტიკა, ისტორია, არქეოლოგია, ფოლკლორი, კულტუროლოგია, მუსიკალური ფოლკლორი. ისტორიული პერიოდიზაციის გათვალისწინებით, მეცნიერები შექმნიან კატალოგს ვიზუალურ მასალაზე, კერძოდ, ნაბეჭდ, ფოტო, აუდიო, ვიდეო, ელექტრონულ პროდუქციაზე დაყრდნობით და განათავსებენ სპეციალურად პროექტის ფარგლებში შექმნილ ვებგვერდზე საძიებლებითა და ლინკებით. პროექტის ფარგლებში გამოიცემა სამეცნიერო პუბლიკაციები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. შესწავლილი იქნება მუზეუმებში, საცავებსა და არქივებში დაცული ქართული მატერიალური და სულიერი კულტურის ექსპონატები; აგრეთვე, ქართული წარმართული და ქრისტიანული კულტურის ძეგლები, ქართული ტრადიციები, რომელთაც გავრცელება ჰპოვეს ჩრდილოეთ კავკასიაში; ასევე, ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები, ქართული დამწერლობით შესრულებული ტექსტები ქართულ და სხვა კავკასიურ ენებზე; შესწავლილი იქნება, აგრეთვე, ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა მითოსში, ფოლკლორში, პროზასა და პოეზიაში ქართულიდან შესული კულტურული მემკვიდრეობა და ამ მემკვიდრეობის შესახებ არსებული შესაბამისი ემპირიული მასალა ანალიზითურთ. პროექტის ფარგლებში განხორციელდება, აგრეთვე, ქართული მუსიკალური ფოლკლორის, სიმღერებისა და საგალობლების შესწავლა, სისტემატიზაცია თემატურად, ანალიზი და, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, მომზადდება გამოსაცემად პროექტის პუბლიკაცია, რომელსაც მეცნიერული ანალიზის პარალელურად დართული ექნება CD მუსიკალური ემპირიული მასალის ჩანაწერებით.
პროექტის შედეგები კომპლექსურად წარმოადგენს ქართული მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლების, როგორც ქართული კულტურული მემკვიდრეობის, ანალიზსა და აუდიო-ვიზუალურ მასალას სამეცნიერო ანალიზით (შესაბამისი კატალოგებით მონაცემთა ბაზაში).
პროექტის შედეგად მომზადდება გამოსაცემად სამეცნიერო პუბლიკაცია და გამოიცემა თსუ-ის გამომცემლობის მიერ. პროექტის შედეგების გავრცელებას ხელს შეუწყობს მისი ელექტრონული ვარიანტი — მონაცემთა ბაზა და ვებგვერდი კატალოგებითურთ, რომელზეც წვდომა თავისუფალი იქნება.
კავკასიის ხალხების ინტერდისციპლინურ შესწავლას წარმოადგენს პროექტი — „კავკასიის ხალხები, კულტურები, ენები“, რომელიც პირველ ეტაპზე სწორედ ავტოქტონების ისტორიასა და კულტურას, ენებს შეისწავლის და წარმოადგენს კომპლექსურად“, — აღნიშნა ცირა ბარამიძემ.
ძალზე მნიშვნელოვანია, რომ პროექტის „ქართული მატერიალური და სულიერი კულტურა ჩრდილოეთ კავკასიაში — მონაცემთა ბაზა ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე“ განხორციელებაში მონაწილეობას იღებენ კოლეგები ჩრდილოეთ კავკასიიდან, რაც ამგვარი მასშტაბის პროექტის განხორციელებაში პირველი შემთხვევაა. პროექტების განხორციელება უკვე დაიწყო.