თამარ დადიანი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველად ნახვისას, როგოგორც თვითონ ამბობს, ჩაისუნთქა და ვეღარ ამოისუნთქა... ეს ემოცია დღესაც ისეთივე ჟრუანტელით უვლის ტანში, როგორც 8 წლის ასაკში, როცა მამასთან, თსუ-ის ეკონომიკის ფაკულტეტის კათედრის გამგე მამია ღაღანიძესთან ერთად შეაღო უნივერსიტეტის კარი. მეორედ, უნივერსიტეტის პროფესურის თავგანწირვის მაგალითმა შესძრა და უჩვეულოდ ააღელვა, საბჭოთა რეჟიმის დროს სტუდენტებს რომ მიუძღოდნენ წინ მშობლიური ენის დასაცავად! ბევრი არც უფიქრია, მშობლების სურვილის მიუხედავად, არჩევანი მაინც თავის ინტერესზე შეაჩერა და თსუ-ის ეკონომიკური ფაკულტეტის ფრიადოსანი სტუდენტი გახდა. აქედან მოყოლებული სწავლასაც და აკადემიურ საქმიანობასაც წარმატებით ასრულებს, თანამდებობრივი საქმიანობის ფრიადოსანიცაა — პროფესორი გიორგი ღაღანიძე თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე მეორე ვადით ერთხმად აირჩიეს. სტუდენტებისთვისაც ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და მოთხოვნადი ლექტორია, რომელიც გულისყურით უსმენს მათ მოსაზრებებს და ინიციატივებს. როგორც თვითონ ამბობს, მისი წარმატების ფორმულა ასე ჟღერს: „ხელმძღვანელი არ უნდა იძლეოდეს ბრძანებას — წინ! ის უნდა იძლეოდეს ბრძანებას — მომყევით! პირველი შენ მიდიხარ, შენ აკეთებ და შენ აჩვენებ მაგალითს! „ დიახ, ასე ფიქრობს 2 მონოგრაფიისა და 61 სამეცნიერო სტატიის ავტორი, რომლის ცნობადობა საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში შთამბეჭდავია — 93 ციტირების ინდექსი აქვს.
რამ განაპირობა მისი განვლილი გზა ასეთი წარმატებული ყოფილიყო? რა პრინციპების და შეხედულებების ერთგულია? — ამ თმებზე თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე გვიამბობს...
მშობლების დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ეკონომიკის ფაკულტეტი ავირჩიე
„ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა მაქვს დამთავრებული და მშობლებს სურდათ უნივერსიტეტში მათემატიკურ მიმართულებაზე ჩამებარებინა. მე კი, მშობლების დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, სრულიად შეგნებულად ეკონომიკის ფაკულტეტი ავირჩიე. ისეთ გარემოში ვიზრდებოდი, სადაც ბევრს საუბრობდნენ ეკონომიკაზე, სადაც თავმოყრილი იყო მდიდარი ეკონომიკური ლიტერატურა. ჯერ კიდევ მოზარდი ვიყავი, როცა დავინტერესდი ეკონომიკური მოდელით აღმეწერა მიმდინარე პროცესები. ეს იყო საბჭოთა პერიოდი და სწავლაც კლასიკური საბჭოთა მოდელით მიმდინარეობდა. მაგალითად, სახალხო მეურნეობის დაგეგმვას პროფესორი არჩილ გოკიელი გვიკითხავდა. იმ დროს ბატონი არჩილი 82 წლის ბრძანდებოდა. მის მიერ წაკითხული ლექციები დღესაც მახსოვს და თუკი რამე მესმის, მისი დამსახურებაა. მაგალითად, ჩემში არავითარ გაკვირვებას არ იწვევდა ის ფაქტი, რომ 1986 წელს საბჭოთა ეკონომიკას მძიმე პერიოდი დაუდგებოდა. პროფესურა ისე გვასწავლიდა, სწავლების ისეთ მოხერხებულ, ფარულ მეთოდს იყენებდა, რომ ჩვენ თვითონ მივმხვდარიყავით — საბჭოთა ეკონომიკა რთულ სიტუაციაში რომ აღმოჩნდებოდა. მართალია ისინი ამას პირდაპირ არ გვასწავლიდნენ, მაგრამ ისეთ მინიშნებებს გვიკეთებდნენ, რომ ფიქრის და განსჯის შემდეგ თავად მივმხვდარიყავით, რომ ქვეყანაში პროცესები ასე განვითარდებოდა. რა თქმა უნდა, ორთოდოქსებიც გვასწავლიდნენ, მაგრამ რას იზამ, მათ ასე სწამდათ. საბედნიეროდ, ასეთი პედაგოგები ცოტა იყვნენ.
დღევანდელი გადმოსახედიდან თუ შევხედავთ, პროფესორსა და სტუდენტს შორის საშინელი, ძალაუფლებრივი დისტანცია იყო. პროფესორი „ოლიმპზე“ იდგა და მათი დანახვისას სტუდენტის კედელზე „გაკვრა“ სწავლების იმ მოდელისა და სისტემისთვის იყო დამახასიათებელი. ამ მოდელზე ნამდვილად არ უნდა ვიდარდოთ! პირიქით, ის რომ თანამედროვე სტუდენტები არიან გახსნილები, თავისუფლები — ეს ჩვენი მონაპოვარია!“, — ამბობს გიორგი ღაღანიძე.
იმ რესურს, რაც გვაქვს, ვიყენებთ კი ეფექტიანად მეცნიერებაში?
სტრატეგიული მენეჯმენტი, კონკურენტული უპირატესობა და კონკურენტულ უპირატესობაზე აგებული საექსპორტო სტრატეგია — გიორგი ღაღანიძის სამეცნიერო კვლევითი ინტერესების სფერო ეს საკითხებია. ამ თემეზე აქვს კვლევები ჩატარებული — მნიშვნელოვანია კვლევები კონკურენტულ უპირატესობაზე, საექსპორტო პოტენციალის გამოყენებაზე, კონკრეტულ ქვეყნებთან საგარეო ვაჭრობის საკითხებზე. ყველა ეს კვლევა პრაქტიკულ შედეგებზეა დაფუძნებული.
„მეცნიერება ყოველთვის თამაშობდა პრინციპიალურ და გადამწყვეტ როლს ყველა სახელმწიფოს ფორმირებასა და გაძლიერებაში. განვითარებისთვის მოქმედება საბავშვო ბაღიდან — მეცნიერებამდე კი არ უნდა დავიწყოთ, არამედ პირიქით, ზემოდან ქვემოთ! მეცნიერულ კვლევებზე დაფუძნებული საბავშო ბაღიდან ზემოთ! სწავლების თითოეული საფეხური ასეთ ცოდნაზე უნდა იყოს აგებული! იმიტომ, რომ თანამედროვე მსოფლიო და თანამედროვე ეკონომიკა მეცნიერებას და მეცნიერულ მიღწევებს ეფუძნება. აქედან გამომდინარე, ვაწყდებით პრობლემას: ჯერ დაფინანსება და მერე მეცნიერება, თუ ჯერ მეცნიერება და მერე დაფინანსება? რასაკვირველია, თანამედროვე მეცნიერება დაფინანსების გარეშე არ არსებობს, მაგრამ აქ ყოველთვის ერთი კითხვა მაწვალებს: იმ რესურს, რაც გვაქვს, ვიყენებთ კი ეფექტიანად? ერთი ცნობილი ნობელიანტი მეცნიერის მოსაზრებით: პრობლემა რესურსების სიმცირე კი არ არის, არსებული რესურსების ეფექტიანად გამოყენებააო! იქნებ ეს არის ძირითადი პრობლემა? ამ შემთხვევაში რა უნდა გავაკეთოთ? თანამედროვე კვლევა თუ დაფინანსებული არ არის, ისე რას გააკეთებ? — ვერაფერს! უბრალოდ, წვდომა არ გექნება თანამედროვე სამეცნიერო ბაზებზე... და თუ ამის საშუალება არ გაქვს, მაშინ რას გააკეთებ? სწორედ ამ რესურსების ეფექტიანად გამოყენების თვალსაზრისით არის გარკვეული ნაბიჯები გადასადგმელი. არასწორი მგონია ის მიდგომაც, როცა მეცნიერები სახელმწიფოსგან და ბიზნესისგან ელოდებიან კითხვას — რა გჭირდებათ, რით დაგეხმაროთო! მე ვფიქრობ, შენ უნდა გამოიჩინო ინიციატივა და ისინი ჩააყენო საქმის კურსში, თუ რა გჭირდება! მთავრობა დაინტერესებულია მეცნიერებთან თანამშრომლობით, ოღონდ მეცნიერმა 10 წლინ წინ გამოთქმული მოსაზრება კი არ უნდა წარმოადგინოს, არამედ თანამედროვე და აქტუალური ხედვა. მიმაჩნია, რომ აუცილებელია მუდმივად მიმდინარეობდეს ე.წ. ქართველოლოგიური კვლევები, რათა კარგად შევისწავლოთ ქართული გენოტიპი, კულტურა, იდენტობა და მხოლოდ ამის შემდეგ განვსაზღვროთ — რა მოდელი იქნება ყველაზე მორგებული ჩვენს ეთნოსისტემაზე. ანუ დიდი მეცნიერების: ვერცელის და ინგლეჰარტის კულტურულ რუკებს კი არ უნდა დავეყრდნოთ (მართალია, ეს კარგია!), არამედ იმ მოდელებსა და სისტემებს, რომელიც ეთნოკულტურის გათვალისწინებით არის შექმნილი.
რა ახალი იდეები, სამოქმედო გზები გახმოვანდა დეკანის მეორე ვადით არჩევისას ახალ კონცეფციაში?
„ძალიან მნიშვნელოვანია ფაკულტეტის სამომავლო ზრდა-განვითარება და ეს უნდა განხორციელდეს ახალი სასწავლო პროგრამების მეშვეობით. ჩვენ გვაქვს სამი სასწავლო პროგრამა — ეკონომიკა, ბიზნესი, ტურიზმი. ამ პროგრამებით ზრდის შესაძლებლობა უკვე ამოვწურეთ. ფაკულტეტის განვითარება უკვე ახალი პროგრამებით უნდა განხორციელდეს. ახალ პროგრამებში გვაქვს ორი მიმართულება: ეს არის ახალი პროგრამები ახალ სპეციალობებში. პირველი, ეს არის ახალი სასწავლო პროგრამა — საჯარო მმართველობა და მეორე — ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები. შემდგომი ჩვენი განვითარება მთლიანად იქნება ორიენტირებული ერთობლივ სასწავლო პროგრამებზე. ჩვენ უკვე გვაქვს ერთობლივი სასწავლო პროგრამა ტურიზმში — ლუმიერის ლიონ 2 უნივერსიტეტთან. სამომავლოდ ბაკალავრიატის საფეხურზე ვგეგმავთ ერთობლივ პროგრამას საჯარო მმართველობაში, ასევე, ეკონომიკაში. ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ დავიმატეთ სრულიად ახალი მოდული — ციფრული ეკონომიკა, რომელიც აქამდე არ არსებობდა. სერიოზულად ვფიქრობთ ცირკულარულ ეკონომიკაზე. ასევე საქართველოში პირველებმა მივიღეთ აკრედიტაცია ადამიანური რესურსების მართვის ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე. ეს არის პირველი აკრედიტირებული ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა საქართველოში. ერთობლივ სასწავლო პროგრამებზე გვაქვს მოლაპარაკებები იტალიის, პორტუგალიის პარტნიორ უნივერსიტეტებთან.
მეორე მიმართულებითაც ვფიქრობთ საქმიანობის გააქტიურებას. ეს არის სადოქტორო კვლევების დაფინანსების ახალი მოდელი. ეს მოდელი დოქტორანტისა და მისი ხელმძღვანელის დაფინანსებას ითვალისწინებს მოცემულ კვლევაზე. დოქტორანტს მოვთხოვოთ კვლევა და არ დავაფინანსოთ — ეს სწორად არ მეჩვენება. ასევე გავზრდით საფაკულტეტო საგრანტო კვლევების დაფინანსებას.
ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ გავზარდეთ სტუდენტთა კონტინგენტი. ამან შექმნა ფაკულტეტის ფინანსური მდგრადობის მყარი საფუძველი. ეს კი გვაძლევს საშუალებას — გავაუმჯობესოთ აკადემიური პერსონალის ფინანსური მდგომარეობა. უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურულ მოწყობაზეც აქტიურად ვზრუნავთ. შენობის ფოიეში მოეწყო სტუდენტური სივრცე. გარემონტდა რამდენიმე სართული. იმედი მაქვს, 2-3 წელიწადში შენობა სრულად გარემონტდება და ბევრგან მოეწყობა სტუდენტური სივრცეები.
გავააქტიურებთ საქმიანობას საერთაშორისო აკრედიტაციის მიმართულებითაც, რომელიც უცხოელი სტუდენტების მოზიდვას შეუწყობს ხელს“, — აღნიშნავს გიორგი ღაღანიძე, რომელიც მეორე ვადით აგრძელებს საქმიანობას დეკანის პოსტზე. თანამდებობრივი საქმიანოს დროს იგი ასეთ მიდგომებს იზიარებს: „ყველა სიტუაციაში, რაც არ უნდა მძიმე იყოს, ვლაპარაკობ მხოლოდ სიმართლეს. მეორე: ერთი ადამიანი ვერაფერს აკეთებს, აკეთებს გუნდი! ყველა წარმატებას, რასაც ვაღწევთ — ეს არის ყველას დამსახურება! მესამე — მაქსიმალური ობიექტურებით ყველა პრობლემის განხილვა, სიღრმეში წვდომა, არსის განხილვა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტილების მიღება. ცოტა შეიძლება პათეტიკურად გამომივიდეს, მაგრამ, ხელმძღვანელი არ უნდა იძლეოდეს ბრძანებას — წინ! ის უნდა იძლეოდეს ბრძანებას — მომყევით! პირველი შენ მიდიხარ, შენ აკეთებ და შენ აჩვენებ მაგალითს“, — ამბობს გიორგი ღაღანიძე.
ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური პრობლემა, ეს არის — უსაფრთხოება!
„საქართველოს ყველა ხელისუფლება აცნობიერებდა იმას, რომ საქართველოს ღია ეკონომიკური მოდელი სჭირდება. ჩვენთვის მსოფლიო გახსნილი უნდა იყოს და ყველა ხელისუფლება ამ მიმართლებით გარკვეულ ნაბიჯებს დგამდა. ის, რომ ჩვენ გავხდით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი, მივიღეთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, რომ აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს ჩინეთთან, სულ მალე გვექნება ინდოეთთან — ეს ყველამ ვიცით. მაგრამ ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური პრობლემა, ეს არის — უსაფრთხოება! ერთადერთი გზა ამ პრობლემის გადასაწყვეტად არის ნატოში გაწევრიანება! სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობს... თუ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ამ ქვეყნებში უცხოური ინვესტიციების და ეკონომიკური აქტივობების ზრდა მაპის მინიჭების შემდეგ იწყება.
ჩვენ ახლა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ვართ, მაგრამ არის შესაძლებლობა — ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გავხდეთ. ეს კი მოგვცემს წვდომას ევროკავშირის სტრუქტურულ ფონდებზე და ეს იქნება უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯი. ამით გვექნება შესაძლებლობა გარკვეული ეკონომიკური აქტივობები განვახორციელოთ და თუ ამას ნატოს წევრობაც მოეწევა, ხომ კარგი... მაშინ ინვესტორს ფიზიკური დაცულობის გარანტი ექნება, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია. რაც არ უნდა საუკეთესო საინვესტიციო გარემო შევქმნათ საქართველოში, თუ ფიზიკური დაცულობა არ იარსებებს, არ იარსებებს ინვესტორის ინტერესიც. და თუ ეს ყველაფერი იქნება, მაშინ ეკონომიკური პროგრესიც გარდაუვალია! ამის შემდეგ უნდა განისაზღვროს სტრატეგია — თუ რა ეკონომიკურ მიმართულებას ვანიჭებთ უპირატესობას. ჩვენი პრიორიტეტი უნდა იყოს მაღალტექნოლოგიური, მეცნიერების მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტების შექმნა, რომელიც არ არის მასობრივი ტიპის. ჩვენ ამის პოტენციალი გვაქვს“, — ამბობს გიორგი ღაღანიძე, რომელიც ეკონომისტის ხედვით აფასებს საქართველოს რეალობას.
პროფესორ გიორგი ღაღანიძეს სურს, რომ სამეცნიერო საქმიანობას დაუბრუნდეს, რადგან თლის, რომ ბევრი საინტერესო პროცესები ხდება და ახალი კვლევებია საჭირო. „დღეს ჩვენი საექსპორტო პოტენციალის პრობლემა დადგა. ჩემმა და ჩემი კოლეგების კვლევებმა დაადასტურეს, რომ პრობლემა ის კი არის, რომ ბაზარი არ გვაქვს პროდუქციის გასაყიდად, არამედ, უბრალოდ, პროდუქტი არ გვაქვს, რომელსაც საგარეო ბაზარზე გავყიდით“, — ამბობს ეკონომისტი.