მაია ტორაძე
„პრაქტიკულ ჟურნალისტიკასთან ერთად, მედიის კვლევა ის სფეროა, რომელიც მაინტერესებს — ტარტუმ ამაში კიდევ უფრო დამარწმუნა!“ — ამბობს მარიამ ფრანგიშვილი, რომელიც თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჟურნალისტის სპეციალობას ეუფლება. ახლა მარიამი ტარტუს უძველესი უნივერსიტეტის გაცვლითი პოგრამის სტუდენტია და აპირებს მომავალი მედიის კვლევებს დაუკავშიროს. ტარტუს უნივერსიტეტზე და იქაურ სტუდენტურ ამბებზე ის თავად გვიყვება: „ერთი წლის წინ რომ ეთქვათ, საზღვარგარეთ ისწავლიო, ალბათ, ვერ დავიჯერებდი. მრავალი წარუმატებელი ცდის შემდეგ ამ საქმეზე თითქმის ხელი მქონდა ჩაქნეული. თუმცა, დღეს აქ ვარ, ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტის სტატუსით. ტარტუში ჩამოსვლიდან მეორე დღესვე ქალაქს გავუშინაურდი, თითქოს დიდი ხანია უკვე აქაური ვყოფილიყავი. ერთი შეხედვით პატარა ტარტუ, რომელიც ჩემი მშობლიური სამტრედიის ხელა თუ იქნება, სავსეა თავგადასავლებით. ქალაქის ყოველ კუთხეში მუზეუმი, სკვერი და ღირსშესანიშნაობაა. რაც ესტონელებს არ ეშლებათ, ეს არსებული რესურსის გამოყენება და მაქსიმალურის მიღებაა. სწორედ ამიტომაც დააღწია ამ ქვეყანამ თავი საბჭოურ გავლენას და ევროპული სივრცის ღირსეულ წევრად იქცა. ყოველივე ამის თავი და თავი განათლების სისტემაა. საქართველოში ყოველი მთავრობა განათლებას ქვეყნის პრიორიტეტად აცხადებს, თუმცა სიტყვები სიტყვებადვე რჩება, ესტონელები კი ამ სიტყვებს საქმედ აქცევენ. ტარტუს უნივერსიტეტი ესტონური განათლების კერაა, სწავლების სპეციფიკური მეთოდები, თანამედროვედ აღჭურვილი გარემო, სტუდენტზე ორიენტირებული სისტემა — განა მეტი რა უნდა ინატროს სტუდენტმა? სოციალურ მეცნიერებებში, იქნება ეს პოლიტიკა თუ ჟურნალისტიკა, უმთავრესი კრიტიკული აზროვნება და ანალიზია. სწორედ ამას აფასებენ „ტარტუელი“ ლექტორები და ცდილობენ სტუდენტის წინა პლანზე წამოწევას — მოყოლის, ზეპირი გამოცდებისა თუ სხვა საბჭოური გადმონაშთების გარეშე. აქ მთელი პასუხისმგებლობა სტუდენტებს ეკისრებათ და მათაც გათვითცნობიერებული აქვთ სად არიან, რას აკეთებენ და რატომ. ჩვენი ქვეყნისგან განსხვავებით, სადაც საზოგადოებაში დამკვირდებული აზრი თუ სტერეოტიპები იძულებულს გხდის — უმაღლესში ჩააბარო და დიპლომი აიღო, ესტონეთში ეს პრაქტიკულ გათვლებსა და მომავლის ხედვებს ემყარება. არც ასაკობრივი სტიგმაა, ერთ-ერთ კურსზე ჩემი მშობლების ტოლა სტუდენტებთან ვსხედვარ, ვსაუბრობთ, ვმსჯელობთ და სემინარულ აქტივობებში ვერთვებით. აკადემიურ მხარესთან ერთად, ტარტუში გართობა და აქტიური სტუდენტური ცხოვრებაც დიდი დოზით გვაქვს. სტუდენტური შეკრებები, ფესტივალები, კინოჩვენებები, ცეკვის საღამოები, ექსკურსიები — მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შეკრებილ სტუდენტობას კიდევ უფრო გვაახლოებს. მიუხედავად იმისა, რომ სემესტრის მეორე ნახევარი წინაა, უკვე ვიცი, რომ ტარტუში მიღებული ცხოვრებისეული თუ პროფესიული გამოცდილება უდიდესი ნახტომი იქნება პიროვნული ზრდისა და განვითარების კუთხით“, — ამბობს მარიამი.