ნატო ობოლაძე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დამფუძნებლის, ქართველი მეცნიერისა და იურისტის ― „ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის სტიპენდია“ და საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, საერთაშორისო სამართლის ქართული სკოლის დამფუძნებლის ― „აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის სტიპენდია“ დაწესდა. ახალი ინციატივა იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციასა და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარეს, სამართლის დოქტორ ირაკლი ყანდაშვილს ეკუთვნით. სასტიპენდიო კონკურსები 2020 წლის დეკემბერში გაიმართა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა — კალენიკე ურიდიამ და გვანცა დოლბაიამ გაიმარჯვეს.
„აღსანიშნავია, რომ ეს სტიპენდიები დაინიშნა სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ადვოკატის, სამართლის დოქტორ ირაკლი ყანდაშვილის მხარდაჭერით, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა მას. ამ პროექტით ფაკულტეტი ცდილობს უკვდავყოს ლუარსაბ ანდრონიკაშვილისა და აკადემიკოს ლევან ალექსიძის დამსახურება და ღვაწლი ქართული იურისპრუდენციისა და უშუალოდ იურიდიული ფაკულტეტის წინაშე. კომისიისთვის არ იყო ადვილი გადაწყვეტილების მიღება, რადგან კონკურსში მონაწილეობდნენ ძალიან ღირსეული კანდიდატები. განსაკუთრებული სიამაყით უნდა აღინიშნოს იურიდიული ფაკულტეტის სასტიპენდიო კონკურსის მონაწილე სტუდენტების შთამბეჭდავი აკადემიური მოსწრება, საერთაშორისო თუ ადგილობრივ სტუდენტურ ღონისძიებებსა და სხვადასხვა სამეცნიერო აქტივობებში მათი მონაწილეობა. მისასალმებელია მათი ინტერესი, აქტიური მონაწილეობა სახელობით სასტიპენდიო კონკურსებში და მიზანსწრაფვა მსგავს პროექტებში გამარჯვებისაკენ. ვულოცავ კონკურსის გამარჯვებულებს და ვუსურვებ შემდგომ წარმატებებს“, — აღნიშნა იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ.
„ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის სტიპენდია“ და „აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის სტიპენდია“ ორი მთავარი მიზნით დაწესდა — ინიციატორებს ქართველი მეცნიერების სახელის უკვდავყოფა და სტუდენტების სწავლის დაფასება-წახალისება სურდათ. შესაბამისად, სპეციალურმა კომისიამ სასტიპენდიო კონკურსებში გამარჯვებულები აკადემიური მოსწრების, აკადემიური, სამეცნიერო აქტივობების, სამოტივაციო წერილების შეფასებისა და კანდიდატებთან გასაუბრების შედეგად გამოავლინა. ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის პირველი სტიპენდიატი კალენიკე ურიდია, ამ დროისთვის, გაცვლითი პროგრამით ირლანდიის ლიმერიკის უნივერსიტეტში იმყოფება, სადაც ერთი აკადემიური სემესტრის განმავლობაში ისწავლის. სტიპენდიატი, სწავლის პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაციაში „ახალგაზრდა ადვოკატები“ მუშაობს, სადაც წარმომადგენელობით უფლებამოსილებას ახორციელებს და ამბობს, რომ კონკურსში გამარჯვება სამუშაო პროცესში დაგროვილი გამოცდილების შედეგიცაა.
„ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის სტიპენდიის მოპოვება ჩემთვის უდიდესი სტიმული და პატივია, რაც ასევე დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს. მინდა მადლობა გადავუხადო საკონკურსო კომისიასა და ყველა იმ ღირსეულ პროფესორს, რომლებსაც ჩემს წარმატებულ აკადემიურ საქმიანობაში დიდი წვლილი მიუძღვის.
ვგეგმავ ამერიკის წამყვან უნივერსიტეტში ჩემი ინტერესების შესაბამისად, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელებას. მანამდე კი მსურს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციაში „ახალგაზრდა ადვოკატები“ გავაგრძელო მუშაობა. სამომავლოდ ჩემი მიზანია სასამართლოს რეფორმირების გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებულ პროცესში ჩავერთო. ვფიქრობ, ჩემი საქმიანობის კულმინაცია — „პროფესიული გვირგვინი“ — რეფორმირებული უზენაესი სასამართლოს ღირსეული მოსამართლეობა იქნება“, — აცხადებს კალენიკე ურიდია.
აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის პირველი სტიპენდიატი გვანცა დოლბაია საერთაშორისო სამართლის მიმართულების სტუდენტი და იმ ბოლო თაობის წარმომადგენელია, რომელმაც ლევან ალექსიძის ლექციები პირადად მოისმინა. გვანცა სასტიპენდიო კონკურსში გამარჯვების შეფასებისას ამბობს, რომ „ეს სტუდენტისთვის ერთ-ერთი საუკეთესო მოტივაციაა, რადგან ჩნდება განცდა, რომ ჩადებული შრომა და ძალისხმევა უნივერსიტეტის/ფაკულტეტის მიერ ფასდება“. სტიპენდიატი ლევან ალექსიძის ლექციებსაც იხსენებს...
„აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის სტიპენდიატის სტატუსი ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა არა მხოლოდ კონკურსის გამორჩეული ხასიათის გამო, არამედ იმიტომაც, რომ ჩემი პირველი ლექცია, რომელსაც უნივერსიტეტში დავესწარი, ბატონი ლევანის იყო. ბატონი ლევანის ლექციები მრავალმხრივი პროფილითა და პერსონალურ გამოცდილებებზე დაფუძნებული ისტორიებით გამოირჩეოდა, რამაც არჩეული სპეციალობის მიმართ ინტერესი გამიღვივა. მე მივეკუთვნები ე.წ. ბოლო თაობის სტუდენტს, რომელსაც ბატონი ლევანი ასწავლიდა, მისი სახელობის სტიპენდიის მიღება არა მხოლოდ დიდ პატივს წარმოადგენს, არამედ მეტ პასუხისმგებლობასაც მმატებს საერთაშორისო სამართლის საფუძვლიანად შესწავლის გზაზე“, — ამბობს გვანცა დოლბაია, რომელიც სამომავლოდ მაგისტრატურის საფეხურზე სწავლასა და ადამიანის უფლებათა სფეროში მუშაობის გაგრძელებას გეგმავს.
„ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის სტიპენდიისა“ და „აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის სტიპენდიის“ დაწესება უმაღლესი სასწავლებლისა და წარმატებული კურსდამთავრებულების თანამშრომლობის ერთ-ერთი მაგალითია. ინიციატივის მხარდამჭერი „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი ამბობს, რომ ამ გზით სწავლების თეორიული და პრაქტიკული ასპექტების შეჯერება ხდება შესაძლებელი, რაც პროფესიონალი კადრების მომზადებას უზრუნველყოფს.
„ბატონი ლევან ალექსიძე და ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ქართული იურისპუდენციის თვალსაჩინო წარმომადგენლები გახლდნენ და ამ ფორმით მათი სახელის უკვდავყოფა უმნიშვნელოვანესია. სტიპენდიები ასევე დამატებითი სტიმულია სტუდენტებისთვის, რათა მათ სწავლას მეტი დრო და ენერგია დაუთმონ. რაც შეეხება ჩვენს მხარდაჭერას, ვფიქრობ, რომ, ზოგადად, მადლიერება ძალიან ღირებულია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს — ჩვენი ალმა მატერის წინაშე, გარკვეულწილად, მადლიერება გამოვხატოთ,“ — განმარტა ირაკლი ყანდაშვილმა.