ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ, რომ 2021 წლის 1 მაისს 56 წლის ასაკში გარდაიცვალა ფაკულტეტის ერთ-ერთი გამორჩეული თანამშრომელი, ყველასათვის საყვარელი მეგობარი, ფიზიკის თითქმის ყველა ლაბორატორიის თეორიული და პრაქტიკული საქმიანობის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის ათეული წლების მანძილზე უანგარო მებრძოლი ქეთევან გამყრელიძე. თავის საქმეზე უზადოდ შეყვარებული შეუცვლელ პროფესიონალად ითვლებოდა კოლექტივში. სტუდენტი-ახალგაზრდობის აღზრდა-განათლების ფერხულში ჩაბმული, მაღალი პიროვნული ღირსებების მატარებელი, დედა უნივერსიტეტის ფასეულობებისა და ტრადიციების დიდი თაყვანისმცემელი სიცოცხლის ბოლო წუთამდე ზრუნავდა თავისი სასიკეთო წვლილი შეეტანა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის ბრძოლაში.
ქეთევან გამყრელიძემ 1988 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. შრომითი საქმიანობა გააგრძელა მშობლიურ უნივერსიტეტში და 2001 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია პროფ. გიორგი გამცემლიძის ხელმძღვანელობით. იყო რამდენიმე ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე, ასევე საინტერესო სამეცნიერო სტატიების თანაავტორი. ქეთევანი დიდ დროს უთმობდა თავისი აღსაზრდელების სწავლა-განათლებას. ჯანმრთელობის გაუარესების მიუხედავად, რომელსაც კიდევ უფრო ამძიმებდა შექმნილი პანდემიური მდგომარეობა, მას არ შეუწყვეტია დისტანციური ლექციები... საოცარი ძალით ასხივებდა ირგვლივ დადებით ენერგიას, ფარავდა საკუთარ სირთულეებს და ბოლო წუთამდე ცდილობდა გარშემომყოფებზე ზრუნვას.
ამ სამწუხარო ამბავმა ერთიანად შეგვძრა ყველა, ვინც მას ვიცნობდით. რაოდენ სამწუხაროა, რომ ქეთიზე, როგორც მას ვეძახდით ახლობლები, წარსულ დროში გვიწევს საუბარი... მას უფლისგან მომადლებული ჰქონდა უდიდესი სასიცოცხლო ენერგია, რომელსაც საოცრად უხამებდა დიდი იუმორის გრძნობას და ქმნიდა გადამდებ ხალისიან განწყობას გარშემომყოფთა შორის. ქართული ტრადიციული ფასეულობების მქონე ოჯახში აღზრდილმა სტუდენტობის პირველსავე დღეებში მოახერხა თავისი გულწრფელობითა და საოცარი ნიჭიერებით გამორჩევა... ერთგული და სანდო იყო ყოველთვის, ამიტომაც შეძლო ხანმოკლე ცხოვრების მიუხედავად, მაღალი პიროვნული ღირსებებისა და პროფესიონალიზმის მეშვეობით ბევრი კეთილი და სამაგალითო საქმის გაკეთება... ჩვენ კი მის მეგობრებს, კოლეგებს ყოველთვის გვემახსოვრება უჩვეულოდ კეთილი, ხალისიანი და ნიჭიერი ქეთი, მისი ნათელი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში.