წინასაახალწლოდ ძვირფასი ჯილდო მიიღო თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორმა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა თეიმურაზ შენგელიამ, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლით ხელდამშვენებული ხვდება 2021 წელს.
* * *
გაგვიმხილეთ იმედები, რითაც ხვდებით ახალ 2021 წელს...
ვფიქრობ, რომ 2021 წელს ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ დაამარცხებს „Covid-19“-ის პანდემიას, რასაც უნდა მოჰყვეს საქართველოს ეკონომიკური აღორძინება. მიმაჩნია, რომ 2021 წელს საქართველომ უნდა მიაღწიოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილურობას. ქართველ ხალხს ყოფნის იმდენი სიბრძნე და გონიერება, რომ თავისი ფასდაუდებელი დრო და ენერგია მოახმაროს ქვეყნის წინსვლასა და აღორძინებას.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალ 2021 წელსაც განაგრძობს დინამიურ წინსვლასა და განვითარებას, ჩვენი პროფესურა კიდევ ერთხელ მოახდენს იმის დემონსტრირებას, რომ ქართველი მეცნიერები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იმყოფებიან და მზად არიან შეეჭიდონ მსოფლიო დონის უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო პრობლემებს. თსუ კვლავაც გააგრძელებს მსოფლიოს სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის პროცესს. ვფიქრობ, რომ თსუ-ის ხელმძღვანელობა საბოლოოდ მიიღებს გადაწყვეტილებას მაღლივი კორპუსის სრული რეაბილიტაციის შესახებ, სადაც 2021 პოსტპანდემიურ წელს ჩვენი ამაყი და გულანთებული სტუდენტობა თამამად შეაბიჯებს.
რა პოზიტივით დაგამახსოვრათ თავი მიმდინარე წელმა?
უაღრესად მძიმე აღმოჩნდა საქართველოსა და მსოფლიოსთვის მიმდინარე წელი. მიუხედავად ამისა, ჩვენს ცხოვრებაში ბევრი რამ პოზიტიური ხდებოდა. თითოეული ჩვენთაგანისთვის ბუნებრივი გახდა ის ინფორმაციულ-ვირტუალური გარემო, რომელშიც მთელი წელი კომუნიკაციას ვამყარებდით სტუდენტებთან. ამ პროცესში საკმაოდ საინტერესო და პოზიტიური გამოცდილება შევიძინეთ, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას პოსტპანდემიურ პერიოდში. ჩატარდა არაერთი ონლაინ კონფერენცია, სამეცნიერო ფორუმი, სადაც ქართველი და უცხოელი მეცნიერები ერთმანეთს უზიარებდნენ იმ გამოცდილებას, რომელიც დაუგროვდათ მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლაში. დადებითია ისიც, რომ მიუხედავად ამ არაორდინარული პირობებისა, ჩვენი სტუდენტები აღმოჩნდნენ მოწოდების სიმაღლეზე, იჩენდნენ მაღალ პასუხისმგებლობასა და თვითშეგნებას.
პოზიტიურად აღვიქვამ იმასაც, რომ სახლში იძულებითი ყოფნის გამო მომეცა შესაძლებლობა — ჩემს უცხოელ კოლეგებთან ერთად გამომეცა არა ერთი წიგნი თუ სამეცნიერო სტატია. ნიშანდობლივია ისიც, რომ მე და ჩემმა კოლეგებმა დავასრულეთ მუშაობა უაღრესად მნიშვნელოვან და საინტერესო საგრანტო პროექტებზე, რომლებიც ეხებოდა საქართველოში ბიზნესის განვითარების, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეკონომიკური ექსპანსიის საკითხებს. უდავოდ დიდ მოვლენად აღვიქვი ჩემი დაჯილდოება აკადემიკოს პაატა გუგუშვილის სახელობის მედლით, რაც მეტ ენთუზიაზმს მატებს ჩემს საქმიანობას. ადამიანის მორალური სტიმულირება, მისი მრავალწლიანი შრომის დაფასება უაღრესად მნიშვნელოვანია, რაც ახალ ჰორიზონტებს ხსნის თითოეული ჩვენთაგანის სამეცნიერო და შემოქმედებით საქმიანობაში.
უზომოდ გახარებული ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლით დაჯილდოვების გამო. თსუ მედალს ანიჭებს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო და სასწავლო პროცესის განვითარებასა და უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობაში. მინდა, უღრმესი მადლობა მოვახსენო უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ გიორგი შარვაშიძეს, აკადემიური და ფაკულტეტის საბჭოს წევრებს, ფაკულტეტის დეკანს გიორგი ღაღანიძეს ჩემი მოკრძალებული შრომის დაფასებისათვის...
როგორ და რით გაილამაზებთ პანდემიის პირობებში საახალწლო ღამეს?
საახალწლო ღამე ყოველთვის მოლოდინებით არის აღსავსე. ამას ჩვენ ვეჩვევით ბავშვობის ასაკიდან, როდესაც სულმოუთმენლად ველოდებით ახალი წლის დადგომას და თოვლის ბაბუის სანატრელ საჩუქარს. ყველა ოჯახს აქვს თავისი რიტუალური სისტემა, რომელსაც ის წლების განმავლობაში იძენს. ამ მხრივ გამონაკლისი არც ჩვენი ოჯახია. ტრადიციულად ძალიან მახარებს ჩვენი ოჯახის ყველა წევრის ერთად შეკრება; განსაკუთრებით ყველაზე პატარა და ძვირფასი წარმომადგენლების სტუმრობა, რომლებიც სულმოუთმენლად ელოდებიან ჩემში განსახიერებულ თოვლის ბაბუას და საახალწლო საჩუქრის რიტუალს. უყურადღებოდ არ ვტოვებ არავის, ვინც მიყვარს და ვისაც ვაფასებ. ახლობლის საახალწლო საჩუქარი, თუნდაც უმნიშვნელო, გამოხატავს ყურადღებასა და დამოკიდებულებას. დანარჩენი, როგორც ყველა ტრადიციულ ქართულ ოჯახში, თავისი რიგით მიდის: საახალწლო სუფრა, ერთმანეთის დალოცვა, მაშხალები, სანთლები და შუშხუნები, ბევრი სიხარული და, რაც მთავარია, უკეთესი მომავლის იმედები. საახალწლო ღამეს ჩვენს ოჯახში ინთება ტრადიციული საახალწლო ბუხარი, რომელსაც საკრალური, მაგიური ძალა გააჩნია. ყველა დღესასწაულიდან ჩემთვის ყველაზე გამორჩეული და სასურველი მაინც ახალი წელია.
* * *
მინდა, ძვირფასო სტუდენტებო, კოლეგებო, მეგობრებო, მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი. ფეხბედნიერი ყოფილიყოს ის თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის! მინდა, გისურვოთ ახალი წარმატებები თქვენს შემოქმედებით და სამეცნიერო მოღვაწეობაში. მინდა, მივულოცო ახალი წელი, განსაკუთრებით, ჩემს მშობლიურ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს, მის შესანიშნავ სტუდენტობას, თითოეულ თანამშრომელს. მინდა, მივესალმო ჩემს კოლეგებს აკადემიური საბჭოდან... ფასდაუდებელია უნივერსიტეტის სასიკეთოდ თვენს მიერ გაწეული დაუღალავი შრომა. მინდა, სიკეთე და ბედნიერება გისურვოთ, კოლეგებო!
განსაკუთრებით ვულოცავ ახალ წელს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქციას, მის შესანიშნავ კოლექტივს! 2021 წელს ასეთივე შემართებით გაგეგრძელებინოთ უნივერსიტეტისთვის ესოდენ აუცილებელი და საშური საქმიანობა!