ნატო ობოლაძე
ესეების კონკურსში — „სიტყვებით ასახული თავისუფლება“ — სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა მარიამ თოიძემ გაიმარჯვა. პროექტის მიზანს სტუდენტების ხედვის წარმოჩენა წარმოადგენდა — თუ როგორ ესმით მათ თავისუფლების დეფინიცია. საკონკურსო ესეებს თსუ-ის ფილოლოგიის მიმართულების დოქტორანტები აფასებდნენ. კონკურსი 22 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა. პროექტი სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით განხორციელდა.
„თავისუფლების არსის აღქმა თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურია, შესაბამისად, პროექტის მიზანია, სტუდენტებში ხელი შეუწყოს ესეების წერისა და სტრუქტურის დახვეწას, შემოქმედებითობისა და ინდივიდუალიზმის წარმოჩენას. მეორე მხრივ, მონაწილე სტუდენტებს ჰქონდათ საშუალება თემის ირგვლივ დაეფიქსირებინათ საკუთარი ხედვა და აზრი. ვფიქრობთ, თავისუფლების იდეა ყოველთვის აქტუალური საკითხია, განსაკუთრებით სტუდენტებში და სწორედ ამიტომ შეირჩა აღნიშნული თემა“, — აღნიშნა პროექტის ორგანიზატორმა, უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარემ ცირა თოფურიამ.
გთავაზობთ მარიამ თოიძის ესეს.
სიტყვებით ასახული თავისუფლება
„თავისუფლების შოვნაი სჯობს საშოვნელსა ყველასა“ — გვეუბნება ერის მამა. თავისუფლების განსაზღვრა რთულია, რადგან თითოეული ადამიანი თავისებურად აღიქვამს მას. ზოგისთვის ესაა საკუთარი უფლებების დაცვა და დანარჩენების იძულება, დაემორჩილოს უმრავლესობის აზრს; სხვებისთვის კი – ისეთი გარემოს შექმნა, სადაც თითოეული ინდივიდის თანასწორობა იქნება დაცული. მე მეორე კატეგორიას მივეკუთვნები და ვფიქრობ, რომ სამყაროში, სადაც ერთი ადამიანი მაინცაა იძულებული, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ იმოქმედოს, შეუძლებელია სხვები იყვნენ თავისუფლები. „იყო თავისუფალი, არ ნიშნავს მხოლოდ მარწუხებისა და ბორკილებისგან გათავისუფლებას, არამედ ცხოვრებაში დააფასო სხვისი თავისუფლება და გაავრცელო ის“. ეს განასხვავებს მენტალურად თავისუფალ და მხოლოდ საკუთარი უფლებებისათვის მებრძოლ ადამიანებს ერთმანეთისაგან.
საიდან ვსწავლობთ თავისუფლებას, როდის ვფიქრდებით მასზე, დაბადებისთანავე თავისუფლები ვართ თუ დროსთან ერთად მოდის ის? ჩემი აზრით, თავისუფლების ყველაზე კარგი „მასწავლებელი“ ლიტერატურაა. აქ ვხვდებით თავისუფლებისთვის მებრძოლ პერსონაჟებს, მათთან ერთად გავდივართ იმ რთულ გზას, რომელსაც ყველაზე დიდ ნეტარებამდე მიჰყავს ისინი, მათთან ერთად გვტკივა, განვიცდით, გვეშინია კიდეც, მაგრამ საბოლოო ტრიუმფი, თუნდაც ამას მათი სიცოცხლე შეეწიროს, გვავიწყებს ყველა სირთულეს.
ბიბლიაში მოთხრობილი ადამისა და ევას ამბავი ხშირად აღიქმება, როგორც ევას შეცდომა, რომელმაც კაცობრიობა სამოთხიდან გამოდევნა. ჩემთვის ევა თავისუფლების საინტერესო სიმბოლოა. საქმე ვაშლის სიტკბოებაში არ არის, აქ მთავარი არჩევანის შეზღუდვაა. თუ რამეს გიკრძალავენ, შენ არ ხარ თავისუფალი და თუნდაც სამოთხეში იყო, ის აკრძალული ხილი სულს აგიფორიაქებს, მოსვენებას დაგაკარგვინებს და, რაც მთავარია, მოგცემს ძალას, რომ გარისკო. შეიძლება სამოთხიდან გამოგაძევონ, საუკუნეების შემდეგ ადამიანებმა შემაცდენელ და საბედისწერო ქალად შეგრაცხონ, მაგრამ ფაქტი ერთია – სხვა ვერ გაიგებს, რომ ის ვაშლი შენთვის თავისუფლება იყო. თუ მას არ გასინჯავდი, სამუდამოდ სამოთხეში იქნებოდი, მაგრამ ცარიელი სულით განაგრძობდი არსებობას. ღმერთის არსებობის რწმენა მთლიანად რელიგიას უკავშირდება. ვფიქრობ, თუ მართლაც ღმერთია სამყაროს შემოქმედი, მაშინ მას თავისუფალი ადამიანები შეუქმნია. ნუთუ მას არ შეეძლო ისეთი ევა შეექმნა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ მიიღებდა საცდურს, ნუთუ არ შეეძლო სამოთხე საერთოდ ისე მოეწყო, რომ ის ხე იქ არც ყოფილიყო... რა თქმა უნდა, შეეძლო, მაგრამ ის ასე ადამიანს კი არა, მარიონეტს შექმნიდა.
„თავისუფლებას ფასი არ აქვს, თუ ადამიანებს შეცდომის დაშვების თავისუფლება არ ეძლევათ“. მართლაც ასეა და თუ ჩვენი „შეცდომა“ ერთ ადამიანს მაინც მოუტანს თავისუფლებას, მაშინ ეს ყველაზე ტკბილი შეცდომაა, რომელიც შეიძლება დავუშვათ. ქართულ ლიტერატურაში თავისუფლებისთვის მებრძოლი საინტერესო პერსონაჟები გვყავს, ავტორები შესაძლებლობას გვაძლევენ მათ მეტამორფოზას დავაკვირდეთ. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟი ჯემალ ქარჩხაძის იგია. პირველყოფილი ადამიანი, რომელიც, სხვებისგან განსხვავებით, იწყებს ფიქრს, აზროვნებას, მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირებას, უჩნდება კითხვები და ამ გზას საბოლოოდ პიროვნულ თავისუფლებამდე მიჰყავს. იგი რთულ გზას გადის, მას უწევს, გაუმკლავდეს მტრულად განწყობილ საზოგადოებას, მაგრამ ეს არ არის მთავარი პრობლემა. პირველ რიგში, იგიმ საკუთარი თავი უნდა მიიღოს, უნდა გაიაზროს, რომ მას არ სჭირდება, სხვებს დაემსგავსოს. იგი აღწევს საწადელს — ყოფნის არსს თავისუფლებაში ხედავს, მაგრამ ამ შემთხვევაში თავისუფლების საფასური (მაჰათმა განდი (1869–1948) – ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი) სიცოცხლეა. იგის საზოგადოება წირავს, თუმცა სწორედ ამ საზოგადოებას სჭირდებოდა ეს მსხვერპლი ყველაზე მეტად, რათა სულიერი პროგრესი განეცადა. ამაში კი მთავარ როლს იგის მემკვიდრე – ზუ შეასრულებს. მართლაც, რა არის სიკვდილი, როცა იცი, რომ სულიერ მემკვიდრეს ტოვებ, რომელიც სხვებს თავისუფლებას მოუტანს.
პირველი წიგნი, რომელმაც თავისუფლებაზე დამაფიქრა, კენ კიზის „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“ იყო. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში აღმოჩენილი რენდალ მაკმერფი ამჩნევს, რომ იქ სრული დიქტატურაა, ადამიანებს ისე ექცევიან, როგორც მარიონეტებს. დამონებულ ხალხში აღმოჩენილი ხვდება, რომ მხოლოდ მისი შინაგანი თავისუფლება არაა საკმარისი, რადგან თუ სხვების ცხოვრებას არ შეცვლის, თუ სხვებს თავისუფლების სიტკბოებას არ გაასინჯებს, შეუძლებელია, მხოლოდ თვითონ იყოს თავისუფალი. მაკმერფი ეწინააღმდეგება საავადმყოფოში არსებულ უსამართლობას და პირველია, ვინც იქ მყოფ პაციენტებს ექცევა არა როგორც გიჟებს, არამედ როგორც ადამიანებს. მართალია, მაკმერფი შეეწირა დიქტატურას, მაგრამ თუნდაც სულ ცოტა ხნით სხვების ცხოვრება თავისუფლებით აავსო, სულ ცოტა ხნით აგრძნობინა მათ, რომ ისინი ადამიანები იყვნენ. საზოგადოება არ გვპატიობს თავისუფლებას, ერთადერთი, რაც სურს, ყველას ერთ ჩარჩოში მოქცევაა, რათა ყველა ერთნაირად ფიქრობდეს, იქცეოდეს, „აზროვნებდეს“.
მერსო თავისუფალი პერსონაჟი იყო, ოღონდ არა ზემოთ განხილული გმირების მსგავსი. ის არ ცდილობდა, სხვებისთვის გაეზიარებინა თავისუფლების სიტკბოება. ყველასგან გასხვავდებოდა, საკუთარი ცხოვრება ჰქონდა. სწორედ ეს არ აპატიეს. მერსო გაასამართლეს არა როგორც კაცის მკვლელი, არამედ როგორც ადამიანი, რომელმაც დედის გასვენებაში არ იტირა, სიგარეტიც მოწია, ყავაც დალია, მალევე ფილმის სანახავადაც წავიდა. ის გაასამართლეს, რადგან საზოგადოების დაწესებულ ნორმებს არ ერგებოდა. ხშირად თავისუფალი ადამიანების ხვედრი მართლაც ეს არის... თავისუფლებაზე ბევრს ვსაუბრობთ და მაინც თავისუფალი საზოგადოება არ გვყავს.
„მეუბნებიან: მძინარე მონას თუ წააწყდები, ნუ გააღვიძებ! ეგება, სიზმრად ეზმანება თავისუფლება! მე ვეუბნები: თუ შეხვდები მძინარე მონას, გააღვიძე და თავისუფლებაზე ელაპარაკე“. თუ გვინდა თავისუფალი საზოგადოება, არ უნდა შევწყვიტოთ მასზე საუბარი. თავისუფლებას ვერავინ მოგვიტანს, ეს ჩვენი შინაგანი განცდაა. ხშირად გამიგია ფრაზა: „თავისუფლება ლომთა ხვედრია“, თითქოს დადებითი კონტექსტი აქვს, მაგრამ, მგონია, რომ თავისუფლება, ზოგადად, ადამიანთა ხვედრია, არ აქვს მნიშვნელობა, ძლიერი ხარ თუ ყველაზე უსუსური. ჩვენ ყველანი თავისუფლებად ვიბადებით, შემდეგ კი საზოგადოება თავის მარწუხებში გვაქცევს და ნელ-ნელა იწყებს ჩვენს მორგებას პროკრუსტეს სარეცელზე. ყველაზე კარგი გზა ამის თავიდან ასარიდებლად ლიტერატურაა. როცა მეკითხებიან, ჩემთვის რა არის თავისუფლება, ყოველთვის ვოლტერის ფრაზა მახსენდება: „შესაძლოა, თქვენი აზრები ჩემთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ თავს გავწირავ, რათა თქვენ მათი გამოთქმის უფლება გქოდეთ“. თავისუფლება ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა, რაც კი შეიძლება არსებობდეს, სწორედ ამიტომ გვეშინია მისი.