გვესაუბრება თსუ-ის ეკონიმიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანი გიორგი ღაღანიძე
2021-2022 სასწავლო წელს ეკონიმიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე 1350 აბიტურიენტი ჩაირიცხა (ეკონომიკა — 400; ბიზნესის ადმინისტრირება — 500, ტურიზმი — 300, ეკონომიკა (ინგლისურენოვანი) – 150)). პირველსემესტრელთა დიდ ნაწილს ეროვნულ გამოცდებზე მაღალი აკადემიური შეფასება აქვს მიღებული. დაახლოებით 47%-მა მოიპოვა სახელმწიფო გრანტი.
თსუ-ის მაღალი სტანდარტებიდან გამომდინარე, ყოველწლიურად მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილებები. მიმდინარე სასწავლო წელსაც განახლდა ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა და დაემატა ახალი მოდული — „გლობალურ გარემოში მენეჯმენტი“. ცვლილებებია შესული სამაგისტრო პროგრამებშიც, კერძოდ, დაემატა ორი მოდული „ციფრული ეკონომიკა“ (ეკონომიკის საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამა) და „ადამიანური რესურსების მართვა“ (ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამა).
ფაკულტეტი წარმატებით ახორციელებს დისტანციურ რეჟიმში მიმდინარე სასწავლო პროცესს, სასწავლო განრიგი მორგებულია და ადაპტირებულია როგორც დისტანციურ, ასევე ჰიბრიდული სწავლების რეჟიმზე. ფაკულტეტის ვებ გვერდზე შექმნილია ელექტრონული სწავლების პორტალი, სადაც ყველა სტუდენტისათვის ხელმისაწვდომია სასწავლო კურსების შესაბამისი ელექტრონული ბიბლიოთეკა. წარმატებით ფუნციონირებს LMS ბაზაში განთავსებული ელექტრო ჟურნალი, რომელშიც აისახება სტუდენტის ყოველკვირეული შეფასებები. ამავე ბაზის საშუალებით შესაძლებელია უკუკავშირი სტუდენტს და პედაგოგებს შორის, ასევე ფაკულტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან. ყოველწლიურად იზრდება ფაკულტეტის საბიბლიოთეკო რესურსი, როგორც ქართული, ასევე, უცხოური სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურით. მიმდინარე სასწავლო წელსაც ფაკულტეტის ბიბლიოთეკა შეივსო ახალი წიგნადი ფონდით, ლიტერატურის დიდი ნაწილი გაციფრებულია და ხელმისაწვდომია ნებისმიერი სტუდენტისთვის. მნიშვნელოვანია სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გააქტიურება და განვითარება. სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები აქტიურად არიან ჩაბმულნი სხვადასხვა მიმართულების ადგილობრივ, საუნივერსიტეტო, სამეცნიერო-კვლევით პროექტებში, სამეცნიერო კონფერენციებსა და ფორუმებში. ფაკულტეტი ყოველწლიურად გამოსცემს სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციის მოხსენებათა კრებულს, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტებში სამეცნიერო მუშაობის მოტივაციის გაზრდას. აღნიშნული მიმართულებით მუშაობა მიმდინარე წელსაც გაგრძელდება.
2021 წლის 25 მარტს მოწვეულ ლექტორთან მაიკლ ლუკანთან დაიწყო მუშაობა საგრანტო პროექტზე — ISET, რომლის ფარგლებში, გერმანული უნივერსიტეტების ჩართულობით, მოხდება ახალი სასწავლო კურსის ინიცირება ბიზნესის მიმართულების პროგრამაში. ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და რიეკის უნივერსიტეტს შორის (University of Rijeka), რომელიც ითვალისწინებს სტუდენტების გაცვლას, ერთობლივ პროექტებს, სემინარებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მომზადდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მონტენეგროს უნივერსიტეტს (University of Montenegro) შორის. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი ჩართულია Vitadum Academic დანერგვის პროექტში (HERD).
2021 წლის 5-6 ნოემბერს ტარდება VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეათე (მაღლივ) კორპუსში სტუდენტებისთვის სოციალური სივრცე მოეწყო. მაღლივი კორპუსის ფოიე თანამედროვე დიზაინის ავეჯითა და ტექნიკით აღიჭურვა. ახალი გარემო სტუდენტებს კითხვის, დასვენების, სოციალური ინტერაქციის საშუალებას მისცემს.
თსუ ადმინისტრაციის ხელშეწყობით ყველა ძირითადი სასწავლო და კვლევითი სივრცე რეაბილიტირებულია. 2022 წელი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისათვის საიუბილეოა, 2022 წლის 30 ივლისს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს დაარსებიდან 100 წელი უსრულდება.