თამარ დადიანი
სამშობლოს კეთილდღეობაზე ზრუნვას ღრმა ბავშვობიდან აპირებდა — დედის მონათხრობი ისტორიებით და მამის მაგალითით შთაგონებული. სკოლაში ყველა საგანს წარჩინებით სწავლობდა, თუმცა ისტორია და ქართული ლიტერატურა განსაკუთრებით უყვარდა, რაც ისტორიკოსი დედის დამსახურებაც იყო. „მახსოვს დედის მიერ საინტერესოდ გადმოცემული ისტორიები, თითოეული სიტყვა განმსჭვალული იყო სამშობლოს სიყვარულით. ეს პატრიოტული სულისკვეთება მამისგანაც მოდის, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების ჟინით აღსავსე 9 აპრილს ბრძოლის წინა ხაზზე იდგა. შესაბამისად, ღრმა ბავშვობიდან გონებაში ჩემს მომავალს ვუკავშირებდი ისეთ საქმიანობას, რომელსაც სამშობლოს კეთილდღეობას მოვახმარდი“, — აცხადებს თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი სალომე დანელია, რომელმაც პროფესია ბებიის განსაკუთრებული სიყვარულისა და საქმიანობის მიხედვით აირჩია.
„პროფესიის არჩევაზე დიდი გავლენა ბებიის საქმიანობამ იქონია. ის წლების განმავლობაში მუშაობდა ქალაქ ფოთის ეკონომიკურ სამსახურში განყოფილების უფროსად. ქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტის შექმნაზე და მის შესრულებაზე იყო პასუხისმგებელი. მე და ჩემი ძმა ხშირად შევურბენდით ხოლმე სამსახურში, სადაც ბევრი ნიჭიერი და საინტერესო ახალგაზრდა საქმიანობდა. ეს სამუშაო გარემო ჩვენთვისაც მშობლიური გახდა, რამაც ჩემი და ჩემი ძმის პროფესიული არჩევანი განაპირობა“, — აღნიშნა სალომემ, რომელიც მერვე კლასიდან ეკონომიკური პროფილის ევროპულ სკოლაში სწავლობდა, სადაც სხვა ძირითად საგნებთან ერთად, ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები ისწავლებოდა. როგორც თვითონ აღნიშნავს, საგნისადმი განსაკუთრებულმა ინტერესმა კიდევ უფრო გაუღრმავა სურვილი თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესს ფაკულტეტზე ჩაებარებინა. „თუმცა, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ჩემი მომავალი პროფესია ბოლომდე გაცნობიერებული ნამდვილად არ მქონდა. საბედნიეროდ, ეკონომიკა ბევრად საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. ეს თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლების დამსახურებაა, რომლებიც სახელოვნად უძღვებიან ამ დარგს და ყველაფერს აკეთებენ სტუდენტთა პროფესიული განვითარებისთვის. მთავარია სტუდენტისგან მონდომება და დაინტერესება დაინახონ“, -აღნიშნავს სალომე, რომელსაც პროფესიის სიღრმისეულად შესწავლამ კიდევ უფრო გაუღვივა ინტერესი აღნიშნული პროფესიისადმი.
„მეცნიერული მუშაობის სურვილი მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის პროცესში გაჩნდა. რაც უფრო მეტად ვუღრმავდებოდი პროფესიას, მით უფრო მიზიდავდა ეს საქმიანობა. დოქტორანტურაზე ჩაბარებას წინ უძღოდა რონდელის ფონდში (GFSIS) საჯარო მოხელეთა პროფესიული უნარ-ჩვევების ასამაღლებლად სასწავლო პროგრამაზე ჩარიცხვა, სადაც გავიცანი აკადემიკოსი ბ-ნი ვლადიმერ პაპავა, რომლის ლექციებმა და პროგრამის ფარგლებში მისი ხელმძღვანელობით დამუშავებულმა თემამ კიდევ უფრო მეტად გამიმძაფრა სურვილი მუშაობა სამეცნიერო მიმართულებით გამეგრძელებინა. ასე გავხდი დოქტორანტი და სწავლა საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრაზე გავაგრძელე“.
სალომეს სადოქტორო კვლევა ეძღვენება „ინოვაციური ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს საქართველოში’’. თუ რა წარმოადგენს კვლევის მიზანს, ამაზე თვითონ გვესაუბრება: „ჩემი სადოქტორო თემის კვლევის მიზანია განვსაზღვრო ეკონომიკის განვითარების თანამედროვე პარადიგმა, რომელიც ქვეყნის განვითარების თანამედროვე ფაქტორად წარმოგვიდგენს არა მხოლოდ ბუნებრივ რესურსებს, არამედ ინოვაციურ მიდგომებს, რომელიც სტიმულს მისცემს ქვეყნის კონკურენტული უპირატესობის მიღწევას და ახალი ტიპის ეკონომიკური მიმდინარეობის ჩამოყალიბებას. თეორიული შეფასებების მიუხედავად, ქართულ ეკონომიკურ ლიტერატურაში, პრაქტიკულად ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე ინოვაციური ეკონომიკის გავლენის კომპლექსური კვლევა არ ჩატარებულა. შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედი ინოვაციური ეკონომიკის დეტერმინანტები არ არის გამოვლენილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობ, საქართველოს განვითარების თანამედროვე ეტაპზე ინოვაციური ეკონომიკის ფორმირება, როგორც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს. ამ თემის ფარგლებში გამოქვეყნებული მაქვს სტატიები როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო რეფერირებულ ჟურნალებში. ამ მიმართულებით შემდგომშიც ვაპირებ კვლევის გაგრძელებას.
დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი სადისერტაციო თემა გახდება თანამედროვე ეკონომიკური განვითარების პროცესში ერთ-ერთი დამხმარე „ჭანჭიკი’’, რომელიც საქართველოს ეკონომიკური განვითარების ახალ ვექტორს დაგვანახებს“, — ასეთი სერიოზული განაცხადი გააკეთა სალომემ, რომელიც თვლის, რომ სტუდენტობის პერიოდი მისთვის საკმაოდ ნაყოფიერი იყო.
„მაქსიმალურად ვცდილობდი, თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც მიმეღო, რისი საშუალებაც ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლების პროცესში მომეცა. უნივერსიტეტის მიმართვის საფუძველზე, პროფესიული პრაქტიკა საქართველოს პარლამენტში გავიარე — დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში, მეოთხე კურსზე — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში. მინდა მადლიერება გამოვხატო თსუ-ის პროფესორ-მასწავლებლების მიმართ, რომლებიც ღირსეულად უძღვებიან ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს და ყველაფერს აკეთებენ სტუდენტთა პროფესიული განვითარებისთვის. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სტუდენტთა თანამედროვე ლიტერატურითა და მეთოდებით სწავლებას, ხელს უწყობს სტუდენტთა ინტეგრაციას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში და უზრუნველყოფს მათ ჩართულობას გაცვლით პროგრამებსა და კვლევით პროცესებში“, — აღნიშნავს სალომე, რომელიც ფიქრობს, რომ „თუ გამორჩეული გინდა იყო შენს პროფესიაში, აუცილებელია მუდმივად ძიების პროცესში ყოფნა და თვითგანვითარება, სურვილი — სიღრმისეულად დაეუფლო შენს პროფესიას და არ დაჯერდე მიღებულ შედეგს.“ სწორედ ამ შემართებით სალომემ დოქტორანტურაში სწავლის პროცესში პარალელურად ჩააბარა და წარჩინებით დაამთავრა აღმასრულებელი სამაგისტრო პროგრამა რიგის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში, რამაც, როგორც თვითონ ამბობს, დიდი გამოცდილება შესძინა.
სალომეს გადმოსახედიდან, სწავლასთან ერთად მუშაობა არ არის მარტივი. „უკანასკნელი წლებია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრუქტურაში ვმუშაობ, სადაც ვხელმძღვანელობ წარმოებისა და სუბსიდირების დეპარტამენტს და უშუალოდ ვარ ჩართული პროექტების მართვის და ფინანსირების პროცესში. საკმაოდ რთულია შრომატევადი გრაფიკის შეთავსება სასწავლო პროცესთან, თუმცა ვფიქრობ — მაინც შესაძლებელი... პარალელურად, ლექციებს ვკითხულობ მშობლიურ უნივერსიტეტში, რაც ჩემთვის დიდი პატივია და მიხარია, რომ რაღაც წვლილი შემაქვს მომავალი თაობის განათლებაში, რადგან განათლებული და კარგად აღზრდილი თაობა ქვეყნის წინსვლის და წარმატების საწინდარია“, — აცხადებს სალომე დანელია, რომელიც საკუთარ თავს მომავალში მეცნიერებასა და პედაგოგიურ მოღვაწეობაში ხედავს.