გვესაუბრება თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანი დიმიტრი კორძაია
ახალ სასწავლო წელს მედიცინის ფაკულტეტი მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდება. მიმდინარე წელს მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან ქართულ და ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამებს მიენიჭათ საერთაშორისო აკრედიტაცია სრული შესაბამისობით ყველა სტანდარტთან მიმართებაში, 7 წლის ვადით. შესაბამისად, 2021-2022 წლიდან დაიწყება ახალი ინტეგრირებული პროგრამების განხორციელება.
ინგლისურენოვანი პროგრამა „მედიცინა“ უკვე 10 წელია ამზადებს უცხოელ სტუდენტებს. წელს უკვე მეორედ, ქართველ მაღალქულიან აბიტურიენტებსაც (შეზღუდულ კონტინგენტს) ეძლევათ შესაძლებლობა ისწავლონ „მედიცინის“ ინგლისურენოვან პროგრამაზე.
2021-1922 სასწავლო წლიდან პირველად ამოქმედდება „სტომატოლოგიის“ ინგლისურენოვანი პროგრამა, რომელზეც უცხოელ აბიტურიენტთა ჩარიცხვაც ჯერ კიდევ გრძელდება.
წელს, მედიცინის ფაკულტეტზე შეიქმნა მრჩეველთა საერთაშორისო საბჭო, მედიცინის სხვადასხვა დარგის წამყვანი სამედიცინო ექსპერტების ნებაყოფლობითი საკრებულო, რომელშიც ამჯამად 15 წევრია. მრჩეველთა საბჭოს შექმნის მიზანია ხელი შეუწყოს ფაკულტეტზე კვლევებისა და განათლების მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციის ხარისხის ამაღლებას — კონსულტაციების, საექსპერტო საქმიანობის, ლექციების, სამეცნიერო ფორუმების ორგანიზებით, ასევე გაცვლითი პროგრამების და ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით.
მიმდინარე წელს მედიცინის ფაკულტეტი გახდა ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) წევრი.
ფაკულტეტი ინტენსიურად აგრძელებს საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობას, მათ შორის, ერთი წლით გაგრძელდა ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტების (აშშ) ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის პროექტი „ICREATE — კვლევის მოცულობის გაზრდა აღმოსავლეთ ევროპაში“, რომელშიც აკადემიურ პერსონალთან ერთად აქტიურად არიან ჩართული სტუდენტები.
„საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ეპიდემიოლოგიის“ სადოქტორო პროგრამაზე ჩაირიცხა 4 დოქტორანტი, რომლებიც კვლევებს აშშ-ში განახორციელებენ. ისინი სრულად არიან დაფინანსებული თსუ-ის პარტნიორის, ასოციაცია „პარტნიორობის“ მიერ, აშშ ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტების (NIH) გრანტის ფარგლებში.
მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ახალი სამეცნიერო პუბლიკაციები გამოქვეყნდა მაღალრეიტინგულ ჟურნალებში, როგორიცაა: World Neurosurgery, Risk Managment and Healthcare Policy, Injury and Violence prevention, Journal of Anatomy, World Journal of Hepatology და სხვა.
დასრულდა 4-სერიანი დოკუმენტური ფილმის „სამედიცინო განათლების სათავეებთან“ გადაღება (მომზადებულია ტელეკომპანია „პულსის“ მიერ), რომელიც განთავსებულია ფაკულტეტის განახლებულ ვებ გვერდზე.