საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

1934 წელს ცნობილი ქოროგრაფის-ჯანო ბაგრატიონის ხელმძღვანელობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა ქორეოგრფიული წრე, რომელიც ორმოცდაათ მოცეკვავეს აერთიანებდა და რომელსაც საკმაოდ მრავალფეროვანი   რეპერტუარი ჰქონდა.  1937 წელს ხალხური ცეკვების მეორე ოლიმპიადაზე უნივერსიტეტის ანსამბლის ორი წევრი პირველ ადგილზე გავიდა. ქორეოგრაფიული ანსამბლი ასევე მონაწილეობდა უნივერსიტეტის თეატრალური დასის მიერ გამართულ დადგმებში.

1948 წლიდან, ჯანო ბაგრატიონის წასვლის შემდეგ, უნივერსიტეტის ქორეოგრაფიულ ანსამბლს სათავეში ჩაუდგა რომან ჭოხონელიძე. მის დროს სრულიად განსხვავებული ინტერპრეტაციით დაიდგა ცეკვები: „ყაზბეგური“, „ფერხული“, „ფარიკაობა“, „ხორუმი“, „განდაგანა“ და სხვა. 1951 წელს მე-7 სტუდენტურ ოლიმპიადაზე ანსამბლმა ოქროს მედალი აიღო.

1955 წელს ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელად ი. ზედაშიძე დაინიშნა, 1958 წელს ის ილიკო სუხიშვილმა თავისთან წაიყვანა, სადაც 7 წელი მოღვაწეობდა.

1962 წლის 24 ივნისს ზ. ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე უნივერსიტეტის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ოპერა „დაისი“ წარმოადგინა.

1968 წელს, უნივერსიტეტის 50 წლისთავთან დაკავშირებულ იუბილეზე ანსამბლმა დიდი საიუბილეო პროგრამა წარუდგინა მაყურებელს.

1979 წელს ანსამბლის ხელმძღვანელად დაინიშნა საქართველოს სახალხო არტისტი თენგიზ სუხიშვილი, რომელმაც თენგიზ ყურაშვილთან ერთად შექმნა განახლებული გუნდი, რომლის წევრებიც უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტიდან შეკრიბეს, მალევე განახლებულმა ანსამბლმა სტუდენტურ ოლიმპიადაზე ოქრო მოიპოვა.

1981 წელს   სხვადასხვა რესპუბლიკურ ღონისძებებში აქტიური მონაწილეობისათვის ანსამბლი მივლინებით წავიდა  ქალაქ  დიუსელდორფში, ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალზე დასასწრებად.

1982-2002 წლებში ანსამბლის ხელმძღვანელობა ჩაიბარეს შალვა ყურაშვილმა და ნელი ხაჟომიამ, ამ პერიოდში ანსამბლმა მოიპოვა უამრავი გრან-პრი როგორც საქართველოში ასევე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

2002 წლიდან ანსამბლს ხელმძღვანელობდა, ამავე ანსამბლის ყოფილი მოცეკვავე დავით კიკვაძე. ქორეოგრაფიული ანსამბლი დამკვიდრდა როგორც ანსამბლი „უნივერსიტეტი“. 2007 წელს ანსამბლმა მიიღო  ბულგარეთში, გრან-პრი, 2008 - წელს, „გრანდ კანარია“, 2009 წელს - იტალიაში, ტურნე სახელწოდებით „Flying Georgians“ სიცილიაზე, 2010 წელს - ფესტივალის ლაურეატი გახდა  ესპანეთში, ქ. ვალენსიაში. 2011 წელს - I ადგილი აიღო  ნაციონალური ცეკვების ფესტივალზე, იტალია, სიცილია, ქ. აგრიჯენტო, 2012 წელს-საუკეთესო ანსამბლის წოდება მიიღო, ხალხური ცეკვების საერთაშორისო ფესტივალში, იტალია, სიცილია, ქ.პეტრალია, ქ. სოტანა, ქ.რეალმონტე, ქ.ვიგარი, ქ.პალერმო, ქ.მესინა, ქ.კატანია, ქ.კორლეონე.

ანსამბლში მიიღებიან უნივერსიტეტის სტუდენტები მათი მომზადების დონის საფუძველზე.

ქორეოგრაფიული ანსამბლი „უნივერსიტეტი 2 “

ჩამოყალიბდა 2009 წელს და მონაწილეობს საქართველოს მასშტაბით გამართულ ღონისძიებებში. მოპოვებული აქვს საუკეთესო ანსამბლის წოდება მუსიკალურ კონკურსში „მეგა“ - 2010 – 2011 წელი.

ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია თენგიზ ყურაშვილი. მთავარი ქორეოგრაფი 2002 წლიდან არის დავით კიკვაძე, რომელმაც 2012 წელს მოიპოვა საუკეთესო პედაგოგ - ქორეოგრაფის წოდება ბულგარეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან, ანსამბლის ქორეოგრაფები - ეთო კლდიაშვილი და ზვიად თაყაიშვილია.