საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

1928 წელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გიორგი ლომაიამ სცადა სტუდენტთა პირველი დრამატული წრის ჩამოყალიბება. დარბაზს მოუწესრიგებელი  სცენა ჰქონდა, ხოლო კოლექტივი მატერიალურ გაჭირვებას განიცდიდა.

საქართველოს უნივერსიტეტთა დასებს შორის, არც ერთს არ აღუზრდია იმდენი პროფესიონალი მსახიობი, რამდენიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აღზარდა გიორგი ლომაიას ხელმძღვანელობით.

პირველი პიესა რომელიც დასადგმელად შეარჩიეს, იყო შ. ხონელის მიერ შეცვლილი „პროვოკატორი“. სპექტაკლი მხატვრულად გააფორმა მარჯანიშვილის თეატრის ცნობილმა მსახიობმა, მოქანდაკე მიხეილ სარაულმა. პრემიერამ ანშლაგით ჩაიარა.

ამ დღიდან უნივერსიტეტის სცენაზე იდგმებოდ აქვსენტი ცაგარელის „მათიკო“, შ.დადიანის „საშინელი ღამე“ დ. კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“ და სხვა.

დასის წარმატებამ მსახიობ-სტუდენტთა რეპუტაცია გაზარდა, გაიზარდა მათი შემოქმედების დონეც, საჭირო შეიქმნა სცენის გაფართოება-რეკონსტრუქცია, თეატრის შენობად გამოიყენეს სააქტო დარბაზი, გაუკეთდა ამფითეატრს ლოჟები, მოეწყო განათება და მოძრავი სცენა. კლუბი ამავე წლის მარტში გაიხსნა დ. ჩიანელის პიესით - „ყარაბ და ემზარი“.

1936 წლის 22 დეკემბერს გ. ლომაიამ დადგა   ესპანელი მწერლის, ლოპე დე ვეგას პიესა „ცხვრის წყარო“, სპექტაკლმა დიდი წარმატებით ჩაიარა, სპექტაკლიდან მიღებული თანხა მთლიანად გადაეცა ესპანეთის გმირ-მებრძოლთა დახმარების ფონდს.

1937 წელს თეატრალური დასი ქ. ორჯონიკიძეში (ამჟამად ვლადიკავკაზი)   მიიწვიეს, სადაც 15000-მდე ქართველი ცხოვრობდა, ეს იყო დასის პირველი გასტროლი ჩრდილოეთ კავკასიაში. 45 კაციანმა ჯგუფმა წარადგინა რეპერტუარი „ჩატეხილი ხიდი“, „ცხვრის წყარო“ „იმედის“   ჩაძირვა“. წარმატებამ მოლოდინს გადააჭარბა.

1938 წელს უნივერსიტეტის სტუდენტთა თეატრი გადაკეთდა სტუდენტთა სახელმწიფო თეატრად.

1938-1939 წლების სეზონზე გ. ლომაიამ დადგა სპექტაკლი „საუცხოო შესანდობი“, რომელმაც იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ მარჯანიშვილის თეატრშიც გამართეს პრემიერა. იმავე წელს დაიდგა მოლიერის პიესა „სიყვარული მკურნალობს“ სპექტაკლებმა ანშლაგით ჩაიარა. რეჟისორმა პეტრე გრუზინსკიმ ახლებურ სტილში წარმოგვიდგინა ლერმონტოვის „დემონი“ მან თვითონ გააფორმა სცენა და ეფექტებიც თვითონვე გამოიგონა.

1943 წელს ვიქტორ ნინიძის ხელმძღვანელობით უნივერსიტეტის სცენაზე გახორციელდა პიესა ვალერიან გუნიას „და-ძმა“, პიესა წარმოადგენს ქართული კლასიკური დრამატურგიის ნიმუშს. ამის შემდეგ ომის წლებში უნივერსიტეტის თეატრალურ დასში მუშაობა შეწყდა.

1945 წელს დასმა მოღვაწეობა განაახლა „ჰაშიმბაის სიმღერით“ რომელიც სტუდენტმა ვახტანგ გოზალიშვილმა ა. ჩაჩიბაიას მოთხრობის მიხედვით დაწერა.

სპექტაკლებს დგამდნენ დასავლეთ ევროპის ენის და ლიტერატურის ფაკულტეტის სტუდენტები, 1957 წელს ფრანგული სექციის მიერ   დაიდგა მოლიერის ერთმოქმედებიანი კომედია “პრანჭია ქალები“, ხოლო ინგლისურმა სექციამ „უინძორელი მხიარული ქალები“ დადგა.

1963 წლის გაზაფხულზე თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტმა დ.ცისკრიშვილმა გერმანულ ენაზე დადგა ფრიდრიხ ვოლფის პიესა „ლაურენსია“, მას დახმარებას უწევდნენ გერმანული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორები.

1972-1973 წლებში ინგლისური განყოფილების მესამე კურსის სტუდენტებმა მოამზადეს ოსკარ უაილდის ცნობილი პიესის-„რა დიდი მნიშვნელობა აქვს იყო ერნესტი-ს“ ორი ინტერპრეტაცია.

1976 წელს ინგლისური განყოფილების   კურსის სტუდენტებმა შექმნეს ე.წ „მინიატურების თეატრი“.

1990-იან წლებში   თეატრალურ დასს სათავეში ჩაუდგა ზაზა წაქაზე, რომელიც უნივერსიტეტში თეატრალური უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მოვიდა, მისი რეჟისორობით დაიდგა სპექტაკლი დოქტორ პაპაჩის „ვალსი“, რომელმაც იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ პრემიერა რუსთავის სახელმწიფო და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრებში გაიმართა. ამავე დროს არსებობდა უნივერსიტეტის მეორე თეატრი თამაზ მესხის ხემძღვანელობით, რომელმაც დადგა სპექტაკლი „ჩიტების ბაზარი“.

1994 წელს აღდგა სტუდენტური დღეების ტრადიცია, რომელიც სტუდენტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

2000 წლის 15 სექტემბერს, რეჟისორების - გიორგი გომურაშვილის მამუკა გურჩიანისა და სამხატვრო ხელმძღვანელის - თენგიზ ყურაშვილის ინიციატივით დაარსდა თსუ-ს პლასტიკის თეატრი „სხვენი“. თსუ-ს სააქტო დარბაზის სხვენი კულტურის ცენტრის ხელმძღვანელობით და მსახიობთა დახმარებით გარემონტდა. დასის სახელწოდებაც ადგილმდებარეობის მიხედვით შეირჩა.

რეჟისორ გ. გომურაშვილის მიერ პანტომიმის ჟანრში დაიდგა ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“, მას მოყვა ნოველებზე აგებული „ბალაგანი“ (2002 წელი) და „მხიარული ნოველები“ (2003 წელი), დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“(2004 წელი), „შვიდი იუმორესკა“ (2005 წელი).   დრამატულ ჟანრში ლ. თაბუკაშვილის პიესის მიხედვით დაიდგა პირველი სპექტაკლი „ჭრილობა“ (2009 წელი), ანტუან დე სენტ ეგზიუპერის  "პატარა უფლისწული" (2010 წელი), განკითხვის დღე (2012).

თეატრი გეგმავს მონაწილეობის მიღებას საქართველოს პირველ სტუდენტურ თეატრალურ ფესტივალში, სადაც წარმოდგენილნი იქნებიან სხვადასხვა უნივერსიტეტების თეატრალური დასები.

თეატრი აქტიურად იღებს მონაწილეობას ყველა საუნივერსიტეტო ღონისძიებაში. დასის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი სტუდენტი არტისტული მონაცემებით. სტუდენტური თეატრის ქასთინგი ტარდება ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში ორ ძირითად ტურად კანდიდატებს ამოწმებენ პლასტიკასა და მხატვრული კითხვის ხელოვნებაში, რომელიც კონკრეტული დავალების სახით ეძლევათ მათ