საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვორკშოპი „ხარისხის შიდა უზრუნველყოფა“

2020 წლის 28-30 სექტემბერს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებითა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა  ტრენინგი თემაზე  „ხარისხის შიდა უზრუნველყოფა“.   ტრენინგს უძღვებოდა რუმინეთის, ბაბეშ ბოლეს უნივერსიტეტის პროფესორი, გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს  (QAA) დირექტორის მოადგილე 2012-2019 წლებში, გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელი ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის (BFUG) მეორე სამეთვალყურეო შეხვედრაზე, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი ანკა გრისი. 
ტრენინგს  ესწრებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  35 წარმომადგენელი: თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები, აკადემიური პერსონალი, და სტუდენტები. აღნიშნულ ტრენინგზე  განხილული იქნა შემდეგი საკითხები: ხარისხის შიდა უზრუნველყოფის თანამედროვე მიდგომები, ხარისხის კულტურის განვითარება, პასუხისმგებლობის განაწილება და სტუდენტთა აქტიურად ჩართვის უზრუნველყოფა ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში. სამდღიანი სემინარი საინტერესო და ინტერაქტიული იყო ყველა მონაწილე პირისათვის.


2020 წელს ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს მიერ პროექტის „ხარისხის უზრუნველყოფა და საუნივერსიტეტო მმართველობა“ დაფინანსდა თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ორი პროექტი „ხარისხის შიდა უზრუნველყოფა“ და  „საგანმანათლებლო პროგრამების კოლეგიალური შეფასება“. 2020 წლის ბოლომდე აღნიშნული პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია კიდევ ორი სემინარის ჩატარება საერთაშორისო ექსპერტების მიერ თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის, სამეცნიერო და სასწავლო დეპარტამენტების თანამშრომლებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირთათვის.


ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს  მიერ  მეორე დაფინანსებული პროექტი „საგანმანათლებლო პროგრამების კოლეგიალური  შეფასება“ მიზნად ისახავს შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამების:  ეკონომიკა, ფსიქოლოგია და ეკოლოგია უცხოელი ექსპერტების მიერ შეფასებას.   
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  წარმატებულად თანამშრომლობს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან (AUF)  წლების განმავლობაში, რამაც კონკრეტული, ნაყოფიერი შედეგები გამოიღო. გასულ წელს მათი ფინანსური მხარდაჭერით შეფასებული იქნა სამართლის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამები და სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა. შეფასების შედეგად მიღებული დასკვნები გამოვიყენეთ პროგრამების განვითარებისთვის. აგრეთვე, ჩვენი აკადემიური პერსონალისთვის ჩატარდა ტრენინგი სადოქტორო სკოლის მოწყობის შესახებ.

 

თარიღი: 01/10/2020