საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
მაგისტრატურა – აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხური

მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს სამეცნიერო კვლევის ელემენტებს, მიზნად ისახავს ბაკალავრის შემდგომი დონის სპეციალისტის ან მკვლევარის მომზადებას და პირს ამზადებს მიღებული კვალიფიკაციით მუშაობისთვის.
 

 

სტუდენტის უფლებები და ვალდებულებები

თსუ-ს სტუდენტს უფლება აქვს:
 

  • მიიღოს ხარისხიანი განათლება და მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო კვლევაში;
  • ისარგებლოს თსუ-ს მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
  • მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია თსუ-ში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე და მოითხოვოს სასწავლო კურსების სილაბუსები;
  • მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება და დადგენილი წესით გაასაჩივროს საგამოცდო შედეგი;
  • მიიღოს კვალიფიციური კონსულტაცია უფლებამოსილი პირისაგან საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო კურსების, გამოცდების ჩატარების ვადებისა და ფორმატის, ასევე სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის თაობაზე;
  • პერიოდულად მოახდინოს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მუშაობის შეფასება;
  • საგანმანათლებლო პროგრამისთვის განსაზღვრულ ძირითად ვადებში შეფასების გაუმჯობესების მიზნით სემესტრულ სამუშაო ნორმად დადგენილი კრედიტების ფარგლებში განმეორებით მოისმინოს სასწავლო კურსი. ამ შემთხვევაში სტუდენტს სასწავლო კურსის შეფასებად უფიქსირდება უკეთესი შედეგი;

 

თსუ-ს სტუდენტი ვალდებულია:
 

  • რეგულარულად ეცნობოდეს სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ თსუ-ს ადმინისტრაციულ აქტებს;
  • გონივრულ ვადაში აცნობოს უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს/ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში (lms.tsu.ge) არსებულ ანკეტაში მითითებული ინფორმაციის ცვლილების თაობაზე. 
სტუდენტის დატვირთვა
  • მაგისტრატურის საფეხურზე სტუდენტის დატვირთვა 4 სემესტრის განმავლობაში შეადგენს არანაკლებ 120 კრედიტს;
  • კრედიტი არის ერთეული, რომელიც გამოხატავს სტუდენტისათვის საჭირო სასწავლო დატვირთვას და რომლის მიღებაც შესაძლებელია სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ;
  • სტუდენტის    დატვირთვა    ერთი    სასწავლო    წლის    განმავლობაში მოიცავს საშუალოდ 60-65 კრედიტს.
  • სტუდენტის დატვირთვა ერთი სემესტრის    განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 35 კრედიტს.
  • დამამთავრებელი სემესტრის მაგისტრანტს კრედიტების შესაბამისი რაოდენობის შესასრულებლად უფლება ეძლევა აირჩიოს საგნები არაუმეტეს 40 კრედიტისა. 
  • სტუდენტს, უფლება ეძლევა თვითდაფინანსების გზით დაასრულოს საგანმანათლებლო პროგრამა დამატებითი სემესტრების განმავლობაში.
     
რეგისტრაცია

ადმინისტრაციული რეგისტრაცია
 

სტუდენტის მიერ ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა გულისხმობს შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებში სწავლის საფასურის სრულ ან ნაწილობრივ გადახდას და წარმოადგენს აკადემიური რეგისტრაციის გავლის წინაპირობას.
 

აკადემიური რეგისტრაცია
 

  • აკადემიური რეგისტრაცია არის სასწავლო კურსებზე დარეგისტრირება სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის - lms.tsu.ge - საშუალებით.
  • სასწავლო კურსის შეცვლა ან გაუქმება დასაშვებია სასწავლო პროცესის დაწყებიდან 1 კვირის ვადაში.
  • სტუდენტს ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის გავლის შემდეგ აქვს აქტიური სტატუსი.
  • გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში თსუ-ის გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის აკადემიური რეგისტრაცია გულისხმობს სასწავლო კურსებზე დარეგისტრირებას, უცხო ქვეყნის პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ამ ქვეყანაში და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დადგენილი წესით. გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტი, უცხო ქვეყნის პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლას აგრძელებს ამ ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესითა და უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების თსუ-სთან გაფორმებული ხელშეკრულებით (მემორანდუმით) განსაზღვრული პირობებით
  • გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში თსუ-ის გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის აკადემიური რეგისტრაცია გულისხმობს სამეცნიერო-კვლევით კომპონენტზე დარეგისტრირებას, მშობლიურ უნივერსიტეტში ან უცხო ქვეყნის პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დადგენილი წესით.
     
სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა

სტუდენტს სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში (lms.tsu.ge) შესასვლელად საკუთარი პროფილის პაროლი ენიჭება მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთანავე. სტუდენტმა სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის საშუალებით შეიძლება მიიღოს შემდეგი მომსახურება:

  • განახორციელოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფორმირება;
  • სასწავლო ბარათში ნახოს მის მიერ არჩეული საგნები, მიღებული შეფასებები და მინიჭებული კრედიტები; 
  • გაეცნოს ფაკულტეტზე არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებს, სასწავლო კურსების ჩამონათვალს, სილაბუსებს, სასწავლო და და საგამოცდო ცხრილებს. 
  • სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე აწარმოოს მიმოწერა სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტთან/ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურთან, ხოლო გამოცდებთან დაკავშირებულ საკითხებზე - საგამოცდო ცენტრთან. 
სწავლის საფასური
  • სწავლის საფასური განისაზღვრება სემესტრული გადასახადით და შეადგენს 1125 ლარს;
  • ცალკეულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება დაწესდეს სწავლების განსხვავებული საფასური.
  • თსუ სტუდენტებს სწავლის სემესტრული საფასური შეუძლიათ გადაიხადონ ეტაპობრივად 
  • პირველი ორი დამატებითი სემესტრის სტუდენტს სწავლის საფასური განესაზღვრება შესასწავლი სასწავლო კურსის/კურსების    კრედიტების შესაბამისად, ხოლო მომდევნო დამატებით სემესტრებში სტუდენტი იხდის მიმდინარე სემესტრში არსებულ სემესტრულ გადასახადს.
  • დამატებით სემესტრში საგანმანათლებლო პროგრამებზე კრედიტის ღირებულება შეადგენს 40 ლარს. თუ საგანმანათლებლო პროგრამისთვის დადგენილია სემესტრულ 1125 ლარზე მაღალი სწავლის საფასური, კრედიტის ფასი გამოითვლება სემესტრული გადასახადის შეფარდებით სტუდენტის საშუალო სემესტრულ დატვირთვასთან (30 კრედიტი). 
  • სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია: საქართველოს ბანკის, ლიბერთი ბანკის და თი ბი სი ბანკის ნებისმიერ ფილიალში; ასევე  საქართველოს ბანკის, ლიბერთი ბანკის და თი ბი სი ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით.
  • სწავლის საფასურის გადახდისას წამოქმნილი პრობლემის შემთხვევაში სტუდენტი უკავშირდება თსუ საფინანსო დეპარტამენტს (თსუ, პირველი კორპუსი, ოთახი №019, ტელ.: +995 32 225 04 84).
     
მობილობა

შიდა მობილობა
 

თსუ-ს სტუდენტი უფლებამოსილია შიდა მობილობით შეიცვალოს საგანმანათლებლო პროგრამა როგორც ფაკულტეტის შიგნით, ასევე გადავიდეს თსუ-ს სხვა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამაზე.
შიდა მობილობა ხორციელდება სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში (lms.tsu.ge) მაგისტრანტის პირადი პროფილიდან.  
შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა სწავლების ერთი სემესტრის შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაში პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი. 
საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის უფლებას მოიპოვებენ ვაკანტური ადგილების შესაბამისი რაოდენობის სტუდენტები, რომელთა საერთო სამაგისტრი გამოცდების შედეგები (საკონკურსო ქულა) აღემატება მობილობის სხვა მსურველთა შესაბამის შედეგებს.


თსუ-ში მობილობის წესით ჩარიცხვა
 

თსუ-ში მობილობის წესით ჩარიცხვა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. მობილობის ადმინისტრირებას ახორციელებს  სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა  ელექტრონული პორტალის საშუალებით (https://emis.ge/mobiloba/)

სტუდენტის სტატუსის შეჩერება 

სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლებია: 
 

  • ადმინისტრაციული (სწავლის საფასურის გადახდა) ან აკადემიური (საგნების არჩევა) რეგისტრაციის გაუვლელობა;
  • პირადი განცხადება (სტუდენტმა შეჩერების მოთხოვნით განცხადებით მიზეზის მითითების გარეშე უნდა მიმართოს უნივერსიტეტის რექტორს სასწავლო პროცესის დაწყებიდან არაუგვიანეს 2 კვირის განმავლობაში); 
  • უცხო ქვეყნის უსდ-ში სწავლის (გარდა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლის) ან ავადმყოფობის (თუ დოკუმენტურად დასტურდება სტუდენტის სასწავლო პროცესში მონაწილეობის შეუძლებლობა) საფუძვლით სტუდენტის სტატუსის შეჩერების მოთხოვნით სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს თსუ-ს რექტორს სასწავლო პროცესის დაწყებიდან 5 კვირის განმავლობაში.
  • ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემთხვევაში გამონაკლისი შესაძლოა დადგინდეს რექტორის ბრძანებით (სააუდიტორიო მეცადინეობების პერიოდში).
  • სტუდენტის სტატუსის შეჩერების მაქსიმალური ვადაა 5 წელი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა (უცხო ქვეყანის უსდ-ში სწავლა ან ავადმყოფობა).
     
  • განსაზღვრული ვადების გასვლის შემდეგ სტუდენტი კარგავს სტატუსის შეჩერებისა და სწავლის საფასურის მომდევნო სემესტრებში გამოყენების უფლებას. 
  • დაუშვებელია სტუდენტის სტატუსის შეჩერება გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში თსუ-დან წასული გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის.
     
სტატუსის შეწყვეტის საფუძველი:
  • პირადი განცხადება;
  • სტუდენტის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება მოცემულ საფეხურზე;
  • სტუდენტის სტატუსის შეჩერება 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში;
  • ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღება;
  • ფაკულტეტის საბჭოს მიერ სტუდენტის მიმართ განხორციელებული დისციპლინური დევნის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსის, შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების საფუძველზე;
  • გარდაცვალება.
     
  • სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემიდან ერთი წლის ვადაში სტუდენტის სტატუსი ითვლება შეჩერებულად და სტუდენტი უფლებამოსილია, ისარგებლოს გარე მობილობის უფლებით; 
  • სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი ხელახლა მოპოვება დასაშვებია საერთო სამაგისტრო/თსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამისათვის განსაზღვრული შიდა გამოცდების გავლის საფუძველზე; ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის სტუდენტის სტატუსის მინიჭება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
გამოცდები

შუალედური გამოცდები
 

შუალედური გამოცდის აღდგენის პირობები: 
 

  • შუალედურ გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, როდესაც გამოცდას ატარებს ფაკულტეტი, სტუდენტი დეკანს მიმართავს განცხადებით, რომელშიც უთითებს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს და წარადგენს ამ მიზეზის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტს. გამოცდის აღდგენა შესაძლებელია მოხდეს შუალედური გამოცდის ჩატარების დღიდან 2 კვირის ვადაში;
  • შუალედურ გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, როდესაც გამოცდას ატარებს საგამოცდო ცენტრი, სტუდენტი საგამოცდო ცენტრს ელექტრონული ბაზის საშუალებით (lms.tsu.ge) მიმართავს განცხადებით, რომელშიც უთითებს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს და გამოცდის აღდგენამდე წარუდგენს ამ მიზეზის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტს. გამოცდის აღდგენა უნდა მოხდეს შუალედური გამოცდის ჩატარების დღიდან 2 კვირის ვადაში.
  • შუალედური გამოცდის აღდგენისათვის განკუთვნილი 2 კვირის განმავლობაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში სტუდენტისათვის ინდივიდუალური წესით შუალედური გამოცდის აღდგენა დასაშვებია მხოლოდ საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში. გადაწყვეტილებას ინდივიდუალური წესით შუალედური გამოცდის აღდგენის თაობაზე იღებს ფაკულტეტის დეკანი.
     

დასკვნითი და დამატებითი გამოცდები
 

დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური ქულის გათვალისწინებით უგროვდება არანაკლებ 51 ქულისა. 
სტუდენტის გამოცდაზე ჩაჭრის საფუძველია: 
ა)გამოცდის მიმდინარეობისას სტუდენტის მოქმედება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის გამოცდების ჩატარების ინსტრუქციასა და თსუ-ს ეთიკის კოდექსთან https://tsu.ge/data/file_db/iuridiuli_cnobari/etika_09.pdf); 
ბ)დასკნით გამოცდაზე დადგენილ ქულათა 50%-ზე ნაკლების მიღება.
 

სტუდენტი დამატებით გამოცდაზე დაიშვება მიმდინარე სემესტრის საგამოცდო პერიოდში:
 

  • ძირითად გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, როდესაც გამოცდას ატარებს ფაკულტეტი, შესაბამის დამატებით გამოცდაზე გასვლა დასაშვებია დეკანის სახელზე სტუდენტის მიერ დაწერილი განცხადების საფუძველზე, გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის მითითებითა და დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით. გადაწყვეტილებას სტუდენტის დამატებით გამოცდაზე დაშვების შესახებ იღებს დეკანი; 
  • ძირითად გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, როდესაც გამოცდას ატარებს საგამოცდო ცენტრი, შესაბამის დამატებით გამოცდაზე გასვლა დასაშვებია საგამოცდო ცენტრისათვის ელექტრონული ბაზის საშუალებით (lms.tsu.ge) გაგზავნილი მიმართვის საფუძველზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის მითითებითა და დამატებით გამოცდამდე დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით. გადაწყვეტილებას სტუდენტის დამატებით გამოცდაზე დაშვების შესახებ იღებს საგამოცდო ცენტრი; 
  • სამაგისტრო ნაშრომის არადამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში (F/FX), მისი დაცვაზე წარდგენა იმავე სემესტრში დაუშვებელია; 
  • სამაგისტრო ნაშრომის დაცვაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მომდევნო სემესტრში სასწავლო პროცესის დაწყებამდე დაცვაზე დამატებით გასვლა დასაშვებია დეკანის სახელზე სტუდენტის მიერ დაწერილი განცხადების საფუძველზე, გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის მითითებითა და დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით; 
  • 41–50 ქულის შეფასების პირობებში ან/და ძირითად გამოცდაზე ჩაჭრილ სტუდენტს, რომელსაც დაგროვილი აქვს არანაკლებ 41 ქულისა, ავტომატურად ეძლევა შესაბამის დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება; 
  • საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტში, FX-ის მიღების შემთხვევაში დამატებითი გამოცდა ინიშნება დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში. 
  • დასკვნით ან დამატებით გამოცდაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, როდესაც გამოცდას ატარებს ფაკულტეტი, დასკვნითი ან დამატებითი გამოცდებისათვის დადგენილ ვადაში გამოცდის ინდივიდუალური წესით დანიშვნისათვის სტუდენტი განცხადებით მიმართავს დეკანს, რომელშიც უთითებს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს და წარადგენს ამ მიზეზის დამადასტურებელ დოკუმენტს. გადაწყვეტილებას სტუდენტის გამოცდაზე დაშვების შესახებ იღებს დეკანი;
  • დასკვნით ან დამატებით გამოცდაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, როდესაც გამოცდას ატარებს საგამოცდო ცენტრი, დასკვნითი ან დამატებითი გამოცდებისათვის დადგენილ ვადაში გამოცდის ინდივიდუალური წესით დანიშვნისათვის სტუდენტი საგამოცდო ცენტრს ელექტრონული ბაზის საშუალებით (lms.tsu.ge) უგზავნის წერილს, რომელშიც უთითებს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს და გამოცდამდე წარუდგენს დამადასტურებელ დოკუმენტს. გადაწყვეტილებას სტუდენტის გამოცდაზე დაშვების შესახებ იღებს საგამოცდო ცენტრი;
  • დასკვნით და დამატებით გამოცდებზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში სტუდენტისათვის საგამოცდო პერიოდის გასვლის შემდეგ გამოცდის ინდივიდუალური წესით დანიშვნა დასაშვებია მხოლოდ საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში. გადაწყვეტილებას საგამოცდო პერიოდის გასვლის შემდეგ გამოცდის ინდივიდუალური წესით დანიშვნის თაობაზე დეკანის წარდგინების საფუძველზე იღებს უნივერსიტეტის რექტორი. 
სტუდენტის შეფასება

დასკვნითი და შესაბამისი დამატებითი გამოცდის ჩატარების ფორმაა წერითი გამოცდა. სასწავლო კურსის სპეციფიკის გათვალისწინებით იგი დამატებით შეიძლება ზეპირი გამოცდის კომპონენტსაც შეიცავდეს, ასეთ შემთხვევაში გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ თითოეულ კომპონენტში სტუდენტი მიიღებს ამ კომპონენტისათვის (წერა/ზეპირი) დადგენილ ქულათა არანაკლებ 50%-ს.
 

სტუდენტის მიღწევების შეფასების სისტემა: 
 

ა) ხუთი სახის დადებით შეფასება: 
ა.ა) (A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა; 
ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა; 
ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა; 
ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა; 
ა.ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა. 
ბ) ორი სახის უარყოფით შეფასება: 
ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება; 
ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი. 
 

მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტისათვის FX შეფასების მიღების შემთხვევაში მაგისტრანტს უფლება ეძლევა გადამუშავებული სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტი წარადგინოს მომდევნო სემესტრის განმავლობაში, ხოლო F შეფასების მიღების შემთხვევაში მაგისტრანტი კარგავს იგივე სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის წარდგენის უფლებას.

აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის მინიჭება
  • მაგისტრატურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება შესაბამისი აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია. 
  • კურსდამთავრებულის სახელზე გამოიცემა დიპლომი და დანართი.