საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დოქტორანტურის გზამკვლევი
  • დოქტორანტურა - აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხური.
  • დოქტორანტურის  საგანმანათლებლო პროგრამა,  არის სასწავლო კომპონენტისა და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო კადრის მომზადებას და მთავრდება დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებით.
  • დოქტორანტურაში მიღების წესი და წინაპირობები რეგულირდება შესაბამისი ფაკულტეტის დებულებით და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამით.

ინფორმაცია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე.

დოქტორანტურაში მიღება და სწავლის უფლება

 

https://www.tsu.ge/ge/juridical/axad_council_resolutions/2018acad/2452018//

  • დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს მაგისტრს, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
  • დოქტორანტურაში სწავლის უფლება შეიძლება მიენიჭოს უცხოეთის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
  • დოქტორანტურაში მიღება ცხადდება შემოდგომის და/ან გაზაფხულის სემესტრებში.
  •  დოქტორანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს უნივერსიტეტის რექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია.
  • დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა. იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტი სამეცნიერო კვლევის ემპირიულ ბაზად ირჩევს ინგლისურ/გერმანულ/ფრანგულ ენას მოეთხოვება ამ უცხოური ენის C1 დონეზე ცოდნა.
  •  დოქტორანტობის კანდიდატი, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული, წარმოადგენს ქართული ენის ცოდნის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატს, თუ კვლევის ემპირიული ბაზა არის ქართული - ქართული ენის ცოდნის C1 დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ჩააბარებს გამოცდას ქართულ ენაში. ქართულ ენაში გამოცდისგან თავისუფლდება დოქტორანტობის კანდიდატი, თუკი დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ცალკეული კომპონენტი/კომპონენტები ხორციელდება ერთ-ერთ იმ ენაზე, რომელიც წარმოადგენს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობას, ასეთ შემთხვევაში, დოქტორანტს ეკისრება ვალდებულება, დისერტაციის დაცვამდე სულ მცირე ორი სემესტრით ადრე დაადასტუროს ქართული ენის ცოდნა ქართული ენის ცოდნის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი, თუ კვლევის ემპირიული ბაზა არის ქართული - ქართული ენის ცოდნის C1 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატით ან გამოცდით.
  • დოქტორანტობის კანდიდატი დოქტორანტურაში სწავლის უფლების მოსაპოვებლად: ა) გადის გასაუბრებას ან/და აბარებს მისაღებ გამოცდას (ზეპირი ან/და წერითი ფორმით) სპეციალობაში, შესაბამის პროგრამაზე მიღების წინაპირობის გათვალისწინებით; ბ) აბარებს უცხო ენის გამოცდას ან/და ადასტურებს უცხო ენის ცოდნას შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის საფუძველზე.
  • დოქტორანტობის კანდიდატის გასაუბრების ან/და სპეციალობაში გამოცდის (ზეპირი ან/და წერითი ფორმით) შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს წინასწარ დამტკიცებული, საჯარო და ხელმისაწვდომი.
  •  ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულებითა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამით შეიძლება დადგენილ იქნეს პროგრამაზე მიღების დამატებითი მოთხოვნები.
  • დოქტორანტურაში მიღების წესი რეგულირდება შესაბამისი ფაკულტეტის დებულებით.
  • დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლა რეგულირდება შესაბამისი ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულებით.
წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
  • განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
  • განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად  დამოწმებული ასლი; კონრეტული ჩაბარების წელს მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
  • ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
  • სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.

 

დოქტორანტურაში ჩარიცხვა

  • დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული წინაპირობების დაკმაყოფილებისა და ორმხრივი ხელშეკრულების დადების საფუძველზე გამოიცემა რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჩარიცხვის თაობაზე.

 

სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა - lms.tsu.ge
  • სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში (lms.tsu.ge) შესასვლელად სტუდენტს თავისი პროფილის პაროლი ენიჭება პირვე­ლსემესტრელ დოქტორანტთა რეგისტრაციისას. სტუდენტმა სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის საშუალებით შეიძლება მიიღოს შემდეგი მომსახურება:
  • განახორციელოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფორმირება;
  • სასწავლო ბარათში ნახოს მის მიერ არჩეული საგნები, მიღებული შეფასებები და მინიჭებული კრედიტები;
  • გაეცნოს ფაკულტეტზე არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებს, სასწავლო კურსების ჩამონათვალს, სილაბუსებს, სასწავლო და და საგამოცდო ცხრილებს.
  • სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე აწარმოოს მიმოწერა ფაკულტეტის შესაბამის სამსახურთან, ხოლო გამოცდებთან დაკავშირებულ საკითხებზე - საგამოცდო ცენტრთან.
  • აწარმოოს სწავლის გადასახადის მონიტორინგი.
დოქტორანტურაში სწავლის საფასური
  • სწავლის საფასურის ოდენობა განისაზღვრება ჩარიცხვის წლისათვის დადგენილი საუნივერსიტეტო ტარიფების შესაბამისად.
  • დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე შეიძლება დაწესდეს სწავლების განსხვავებული საფასური. სწავლის საფასურზე შეღავათის საკითხს წყვეტს ფაკულტეტის საბჭო პროგრამის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე.
  • დოქტორანტის დაფინანსება ხორციელდება სამეცნიერო ფონდ(ებ)ის მიერ დაფინანსებული გრანტის ფარგლებში, საუნივერსიტეტო დაფინანსების, სტიპენდიების, ქველმოქმედების და თვითდაფინანსების ფორმით.
  • სადისერტაციო ნაშრომის წარდგენის მომენტიდან დოქტორანტი თავისუფლდება სემესტრული რეგისტრაციისა და სწავლის გადასახადისგან.
სტუდენტის სტატუსის შეჩერება და შეწყვეტა

სტატუსის შეჩერება:

სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლებია:

  • ადმინისტრაციული ან აკადემიური რეგისტრაციის გაუვ­ლელობა;
  • პირადი განცხადება (სტუდენტმა შეჩერების მოთხოვნით განცხადებით მიზეზის მითითების გარეშე უნდა მიმართოს უნივერსიტეტის რექტორს სასწავლო პროცესის დაწყებიდან არაუგვიანეს 2 კვირის განმავლობაში);
  • უცხო ქვეყანის უსდ-ში სწავლის (გარდა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლის) ან ავადმყოფობის (თუ დოკუმენტურად დასტურდება სტუდენტის სასწავლო პროცესში მონაწილეობის შეუძლებლობა) საფუძვლით სტუდენტის სტატუსის შეჩერების მოთხოვნით სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს თსუ-ს რექტორს სასწავლო პროცესის დაწყებიდან 5 კვირის განმავლობაში.
  • ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემთხვევაში გამონაკლისი შესაძლოა დადგინდეს რექტორის ბრძანებით.
  • სტუდენტის სტატუსის შეჩერების მაქსიმალური ვადაა 5 წელი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა (უცხო ქვეყანის უსდ-ში სწავლა ან ავადმყოფობა).

 

სტატუსის შეწყვეტის საფუძველი:

  • პირადი განცხადება;
  • სტუდენტის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრუ­ლება მოცემულ საფეხურზე;
  • სტუდენტის სტატუსის შეჩერება 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში;
  • ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღება;
  • ფაკულტეტის საბჭოს მიერ სტუდენტის მიმართ განხორციელებული დისციპლინური დევნის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსის, შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების საფუძველზე;
  • გარდაცვალება.

 

დოქტორანტს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება სტუდენტის სტატუსი შეუწყდეს:

  • პლაგიატის ან მონაცემების გაყალბების დადასტურების შემთხვევაში;
  • უნივერსიტეტსა და დოქტორანტს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისას;
  • ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

 

დოქტორანტურაში სწავლა
  • დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობაა არანაკლებ 3 წელი და მისი სასწავლო კომპონენტი მოიცავს არაუმეტეს 60 კრედიტს.
  • დოქტორანტის ჩარიცხვიდან ექვსი სემესტრის გასვლის შემდეგ მისი მომდევნო სემესტრში რეგისტრაციის წინაპირობა არის სამეცნიერო ხელმძღვანელისა და პროგრამის ხელმძღვანელის შუამდგომლობა ფაკულტეტის წინაშე, რომელშიც უნდა დასაბუთდეს სწავლის/კვლევის გაგრძელების მიზანშეწონილობა. ექვსი სემესტრის გასვლის შემდეგ სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულებით.
  • დოქტორანტები, რომელთაც შესრულებული აქვთ პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნები, სადისერტაციო ნაშრომის დაცვისთვის საჭირო დოკუმენტაციას წარუდგენენ ფაკულტეტს და სადისერტაციო ნაშრომს დაიცავენ უნივერსიტეტში დადგენილი წესით.
სასწავლო და კვლევითი კომპონენტები
  • დოქტორანტურის სასწავლო და კვლევითი კომპონენტები ხელს უწყობს დოქტორანტის დარგობრივ და მეთოდოლოგიურ დახელოვნებას, ამზადებს მას მომავალი პედაგოგიური, სამეცნიერო და პროფესიული საქმიანობისათვის.
  • სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტი არის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი ნაწილი, რომელიც წარმოდგენილია დისერტაციის, ასევე სხვა სამეცნიერო პროექტის/ნაშრომის/აქტივობის სახით;
  • სასწავლო კომპონენტი გულისხმობს შემდეგ აქტივობებს:

ა) მინიმუმ ერთი დარგობრივი სემინარი (10-25 კრედიტი, სავალდებულო);

ბ) პროფესორის ასისტენტობა (არანაკლებ 5 კრედიტი, სავალდებულო);

გ) კვლევის მეთოდოლოგია (არანაკლებ 5 კრედიტი, სავალდებულო);

დ) სხვა სასწავლო აქტივობები (სასწავლო კურსები/მოდულები, პრაქტიკა და სხვ.) განისაზღვრება დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამითა და ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულებით.

  • თუ დოქტორანტი ამავდროულად არის თსუ-ს ასისტენტი/მასწავლებელი ან მოწვეული პერსონალი, უძღვება სალექციო/პრაქტიკულ/სემინარულ/ლაბორატორიულ მეცადინეობებს, შესრულებული სამუშაო შესაძლებელია ჩაეთვალოს პროფესორის ასისტენტობაში ამ სტანდარტით პროფესორის ასისტენტობისთვის განსაზღვრული სავალდებულო კრედიტების მინიმალური რაოდენობით (5 ECTS კრედიტი) იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სამუშაო შესრულდა ანაზღაურების გარეშე.
  • შესრულებული სასწავლო და კვლევითი კომპონენტები წარმოადგენს დისერტაციის დასაცავად წარდგენის წინაპირობას.
გამოცდები

სასწავლო კურსის შუალედური/დასკვნითი გამოცდა:

  • დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა დოქტორანტს,  რომელსაც შუალედური  შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური ქულის გათვალისწინებით  უგროვდება არანაკლებ  51 ქულისა.
     
  • დოქტორანტის გამოცდაზე ჩაჭრის საფუძველია:

გამოცდის მიმდინარეობისას სტუდენტის მოქმედება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის გამოცდების ჩატარების ინსტრუქციასა და თსუ-ს ეთიკის კოდექსთან;

დასკვნით გამოცდაზე დადგენილ ქულათა 50%-ზე ნაკლების  მიღება.

 

დამატებით გამოცდაზე გასვლის პირობები:

  • დასკვნით გამოცდაზე  გამოუცხადებლობის შემთხვევაში, როდესაც გამოცდას ატარებს ფაკულტეტი, შესაბამის დამატებით გამოცდაზე გასვლა დასაშვებია დეკანის სახელზე სტუდენტის მიერ დაწერილი განცხადების საფუძველზე, გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის მითითებითა და დამადასტურებელი დოკუმენტის  წარდგენით. გადაწყვეტილებას დოქტორანტის დამატებით გამოცდაზე დაშვების შესახებ იღებს   დეკანი;
  • დასკვნით გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, როდესაც გამოცდას ატარებს საგამოცდო ცენტრი, შესაბამის დამატებით გამოცდაზე გასვლა დასაშვებია საგამოცდო ცენტრისათვის ელექტრონული ბაზის საშუალებით (lms.tsu.ge) გაგზავნილი მიმართვის საფუძველზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის მითითებითა და დამატებით გამოცდამდე დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით. გადაწყვეტილებას დოქტორანტის დამატებით გამოცდაზე დაშვების  შესახებ იღებს საგამოცდო ცენტრი;
  • დოქტორანტი დამატებით გამოცდაზე დაიშვება მიმდინარე სემესტრის საგამოცდო პერიოდში, რექტორის ბრძანებით დამატებითი გამოცდებისათვის დადგენილ ვადებში;

 

დოქტორანტისთვის გამოცდის ინდივიდუალური წესით დანიშვნა:

  • დასკვნით ან დამატებით გამოცდაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, როდესაც გამოცდას ატარებს ფაკულტეტი, ძირითადი ან დამატებითი გამოცდებისათვის დადგენილ ვადაში გამოცდის ინდივიდუალური წესით დანიშვნა დასაშვებია დეკანის სახელზე სტუდენტის მიერ დაწერილი განცხადების საფუძველზე, გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის მითითებითა და დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით. გადაწყვეტილებას სტუდენტის გამოცდაზე დაშვების შესახებ იღებს დეკანი;
  • დასკვნით ან დამატებით გამოცდაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, როდესაც გამოცდას ატარებს საგამოცდო ცენტრი, ძირითადი ან დამატებითი გამოცდებისათვის დადგენილ ვადაში გამოცდის ინდივიდუალური წესით დანიშვნა დასაშვებია საგამოცდო ცენტრისათვის ელექტრონული ბაზის საშაულებით (lms.tsu.ge) გაგზავნილი მიმართვის საფუძველზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის მითითებითა და გამოცდამდე დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით. გადაწყვეტილებას სტუდენტის გამოცდაზე დაშვების  შესახებ  იღებს საგამოცდო ცენტრი;
  • დასკვნით და დამატებით გამოცდებზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში დოქტორანტისათვის საგამოცდო პერიოდის გასვლის შემდეგ გამოცდის ინდივიდუალური წესით დანიშვნა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა ძირითად და დამატებით გამოცდებზე გამოუცხადებლობის მიზეზს წარმოადგენს სახელმწიფო ან  უნივერსიტეტის ინტერესი, ან როდესაც დასტურდება გამოცდაზე გამოცხადების ფიზიკური შეუძლებლობა. გადაწყვეტილებას საგამოცდო პერიოდის გასვლის შემდეგ გამოცდის ინდივიდუალური წესით დანიშვნის თაობაზე დეკანის წარდგინების საფუძველზე იღებს უნივერსიტეტის რექტორი.

 

დისერტაცია
  • დისერტაცია წარმოადგენს სამეცნიერო ნაშრომს, რომელსაც დოქტორანტი იცავს დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
  • დისერტაცია უნდა ასახავდეს კვლევის დასაბუთებულ შედეგებს და ქმნიდეს ახალ ცოდნას.
  • დისერტაცია შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო სადისერტაციო ნაშრომის შემოკლებული ვერსია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ და ერთ-ერთ ევროპულ ენაზე (ინგლისური, გერმანული, ფრანგული).
  • სხვა ენაზე დისერტაციის შესრულების საკითხს წყვეტს ფაკულტეტის საბჭო.
  • ნაშრომის უცხო ენაზე შესრულების შემთხვევაში სადისერტაციო ნაშრომის შემოკლებული ვერსია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე.
  • სადისერტაციო ნაშრომის შემოკლებული ვერსია უნდა ასახავდეს დისერტაციის ყველა კომპონენტს. სადისერტაციო ნაშრომის შემოკლებული ვერსიის მოცულობა განისაზღვრება ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულებით.
  • სადისერტაციო ნაშრომის ტექნიკური მონაცემების ინსტრუქციას შეიმუშავებს ფაკულტეტი, რომელსაც ფაკულტეტის დეკანის წარდგინების საფუძველზე ამტკიცებს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო.

 

სადისერტაციო ნაშრომის წარდგენა

  • დოქტორანტი ფაკულტეტის საბჭოს წარუდგენს სადისერტაციო ნაშრომის 4 ბეჭდურ და 1 ელექტრონულ ვერსიას.
  • სადისერტაციო ნაშრომთან ერთად დოქტორანტმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განაცხადი, რომ სადისერტაციო ნაშრომი დოქტორანტის დამოუკიდებელი კვლევის შედეგია და არ შეიცავს პლაგიატს/გაყალბებულ მონაცემებს.

ბ) დოქტორანტის მიერ შესრულებული სამუშაოს შემაჯამებელი ანგარიში.

გ) ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულებით განსაზღვრული მოთხოვნებით შესრულებული დისერტაციის კვლევის შედეგები - დისერტაციის ძირითადი დებულებების ამსახველი მოკლე ვერსია - ქართულ და ერთ-ერთ ევროპულ ენაზე (ინგლისური, გერმანული, ფრანგული).

დ) სამეცნიერო ხელმძღვანელის დასკვნა სადისერტაციო ნაშრომის საჯარო განხილვაზე დაშვების თაობაზე.

ე) ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულებით განსაზღვრული სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნებისათვის წაყენებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე;

ვ) ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობა სასწავლო კომპონენტის შესრულების, დაგროვილი კრედიტებისა და სემესტრების სრულად გავლის თაობაზე;

ზ) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ამონაბეჭდი და/ან რედაქტორის (რედკოლეგიის) მიერ გაცემული ცნობა გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო ნაშრომის შესახებ და ნაშრომის ბეჭდური ვერსია;

წარმოდგენილ დოკუმენტებს ამოწმებს ფაკულტეტი.

  • სადისერტაციო მასალების წარდგენის შემდგომ ფაკულტეტის საბჭო ერთი თვის ვადაში მსვლელობას აძლევს საქმის წარმოებას.
  • ფაკულტეტის დოქტორანტურის და ფაკულტეტის დებულებით შეიძლება განისაზღვროს დისერტაციის წარდგენასთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები.
  • საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს დებულებით ფაკულტეტის საბჭოსათვის გათვალისწინებული გარკვეული უფლებამოსილებები, ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, შესაძლოა გადაეცეს სადისერტაციო მუდმივმოქმედ დარგობრივ კომისიას ასეთის არსებობის შემთხვევაში.
     

საერთაშორისო სამეცნიერო პუბლიკაციის გამოქვეყნების ვალდებულება

დისერტაციის დაცვის აუცილებელი პირობაა სადისერტაციო თემასთან დაკავშირებული შემდეგი სახის ორი სამეცნიერო პუბლიკაციის გამოქვეყნება - რეფერირებადი (Peer-reviewed) სამეცნიერო სტატიები ისეთ მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალებში (ან საკონფერენციო მასალებში), რომლებსაც აქვთ ISSN კოდი და ჰყავთ საერთაშორისო სარედაქციო საბჭო (ან სამეცნიერო კომიტეტი) და რომლებიც ვრცელდება საერთაშორისო მასშტაბით და არის ღია საერთაშორისო თანამშრომლობისთვის. ამავდროულად, ამ ორი პუბლიკაციიდან ერთი მაინც უნდა იყოს ისეთ საერთაშორისო ჟურნალში (ან საკონფერენციო მასალებში), რომელიც ინდექსირებულია Scopus-ის ან Web of Science-ის, ან ERIH PLUS-ის (ERIH PLUS მხოლოდ იმ დოქტორანტებისთვის, რომლებიც მუშაობენ ქართველოლოგიის და კავკასიოლოგიის მიმართულებებით) ბაზებში.

 

სადისერტაციო ნაშრომის რეცენზენტები

  • ფაკულტეტის საბჭო სადისერტაციო ნაშრომის რეცენზირების მიზნით გამოყოფს არანაკლებ ორ რეცენზენტს, რომელთაც შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის წარდგინების საფუძველზე ამტკიცებს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო. ერთ-ერთი რეცენზენტის მიერ უარყოფითი დასკვნის წარდგენის შემთხვევაში ინიშნება ახალი რეცენზენტი.
  • რეცენზენტს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი, დოქტორანტის სადისერტაციო თემასთან დაკავშირებულ სამეცნიერო დარგში/სპეციალობაში/მიმართულებაში კვლევის გამოცდილება და შესაბამისი პუბლიკაციები.
  • რეცენზენტი ვალდებულია, შესაბამისი ფაკულტეტის მიერ დისერტაციის გადაცემიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის ვადაში გაეცნოს სადისერტაციო ნაშრომს და წარუდგინოს რეცენზია ფაკულტეტს.
  • რეცენზენტი დასკვნას (რეცენზიას) წარადგენს დადგენილი რეცენზიის ფორმის შესაბამისად.
  • ორი რეცენზენტის მიერ სადისერტაციო ნაშრომის უარყოფითად შეფასების შემთხვევაში, ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით დოქტორანტი არ დაიშვება დაცვაზე და მას მიეცემა სადისერტაციო ნაშრომზე მუშაობის უფლება ერთი სასწავლო წლის განმავლობაში.

 

სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

  • დისერტაციის დაცვა არის საჯარო. ინფორმაცია მის შესახებ ქვეყნდება უნივერსიტეტის (შესაბამისი ფაკულტეტის) ვებგვერდზე დისერტაციის დაცვამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე.
  • დისერტაციის დაცვის ენა არის ქართული, თუ ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
  • დაცვის პროცესი ითვალისწინებს დოქტორანტის მიერ ნაშრომის პრეზენტაციას, სამეცნიერო დისკუსიას და სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის დასკვნას (შეფასებას).
  • დაცვის რეგლამენტი განისაზღვრება საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს დებულებით.
  • იმ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში, რომელთა დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს ენიჭებათ უნივერსიტეტის და უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორის აკადემიური ხარისხი, შესაძლებელია არსებობდეს დისერტაციის დაცვის განსხვავებული რეგლამენტი, რომელსაც შეიმუშავებენ მხარეები და ამტკიცებს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო.

 

დისერტაციის შეფასება

  • სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის წევრების მიერ დისერტაციის შეფასება ხდება კონფიდენციალურად, ასქულიანი სისტემით.
  • დისერტაციის საბოლოო შეფასებისათვის სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიას გამოყავს ქულათა საშუალო არითმეტიკული, რომელსაც შეუფარდებს შეფასებას შემდეგი სისტემის მიხედვით:

ა) ფრიადი (summa cum laude) – შესანიშნავი ნაშრომი - შეფასების 91-100 ქულა;

ბ) ძალიან კარგი (magna cum laude) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აღემატება - მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;

 გ) კარგი (cum laude) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს აღემატება - მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;

დ) საშუალო (bene) – საშუალო დონის ნაშრომი, რომელიც წაყენებულ ძირითად მოთხოვნებს აკმაყოფილებს - მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;

ე) დამაკმაყოფილებელი (rite) – შედეგი, რომელიც, ხარვეზების მიუხედავად, წაყენებულ მოთხოვნებს მაინც აკმაყოფილებს - მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა;

ვ) არადამაკმაყოფილებელი (insufficient) – არადამაკმაყოფილებელი დონის ნაშრომი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს მასში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო - მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა;

ზ) სრულიად არადამაკმაყოფილებელი (sub omni canone) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს სრულიად ვერ აკმაყოფილებს - მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები.

„ა”-„ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტს ენიჭება დოქტორის აკადემიური ხარისხი.

„ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტს უფლება ეძლევა ერთი წლის განმავლობაში წარადგინოს გადამუშავებული სადისერტაციო ნაშრომი.

„ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტი კარგავს იგივე სადისერტაციო ნაშრომის წარდგენის უფლებას.

  • სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის თავმჯდომარე დოქტორანტს კომისიის დასკვნას (შეფასებას) აცნობს ზეპირად.

 

ხარისხის მინიჭება და სადისერტაციო ნაშრომის გამოქვეყნების ვალდებულება

  • დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და დისერტაციის დაცვის შემთხვევაში დოქტორანტს ენიჭება აკადემიური ხარისხი, რომლის დასახელება უნდა განისაზღვროს სწავლის სფეროების კლასიფიკატორის შესაბამისად.
  • უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის დოქტორანტს დოქტორის აკადემიურ ხარისხს ანიჭებს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო შესაბამისი დებულების მოთხოვნათა დაცვით.
  • დიპლომს ხელს აწერენ უნივერსიტეტის რექტორი, საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე და ფაკულტეტის დეკანი.
  • ფაკულტეტი ვალდებულია, დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების შემდეგ ერთი თვის ვადაში გადასცეს დისერტაცია ელექტრონული ფორმით უნივერსიტეტის გამომცემლობას,საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკასა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას; ამავე ვადაში დისერტაციის თითო ბეჭდური და ელექტრონული ეგზემპლარი უნდა გადაეცეს საუნივერსიტეტო და ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკებს.