საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„საუბრები მორფოლოგიაზე“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საფუძველი  ჩაეყარა სამეცნიერო სიმპოზიუმების სერიას „საუბრები მორფოლოგიაზე“. სიმპოზიუმების ინიციატორია თსუ მედიცინის ფაკულტეტის  აკად. ფ. თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება. პირველი ღონისძიება აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის ხსოვნას ეძღვნება.

საგანმანათლებლო და საიუბილეო ხასიათის სიმპოზიუმზე ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოჩნდება მორფოლოგიის დარგში მოღვაწე ახალგაზრდა მეცნიერთა და დოქტორანტთა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა. სტუდენტები ასევე გაეცნობიან  აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სამეცნიერო მემკვიდრეობას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, ღონისძიება ხელს შეუწყობს მედიცინის აღნიშნული დარგით ახალგაზრდების დაინტერესებას. 

„დღეს ძალიან საინტერესო ღონისძიება ჩატარდა, გვქონდა კონკურსი. გამოვლენილმა ფინალისტებმა წარმოადგინეს საკუთარი ნაშრომები. ამ ტიპის შეხვედრები იმისთვის არსებობს, რომ ახალგაზრდებმა გაიგონ მეცნიერების გემო, ის,თუ როგორია კარგი სამეცნიერო კვლევა. წარმატებებს ვუსურვებ ფინალისტებს და გამარჯვებულებს,“- აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

სიმპოზიუმში მონაწილეობას მიიღო სამეცნიერო ჟიურის მიერ შერჩეული ხუთ-ხუთმა დოქტორანტმა. გაიმართა წინასწარი მოსმენა, რის შედეგადაც შეფასდა შემოსული აბსტრაქტების სამეცნიერო ხარისხი და კვლევის მასშტაბი.  ნაშრომები აგრეთვე შეფასდა პლაგიატზე. შეფასების პროცესში გამოიყენებულ იქნა სპეციალური კრიტერიუმები.  

წელს  სიმპოზიუმის ფარგლებში აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის მედლით  თსუ პროფესორი დიანა ძიძიგური დაჯილდოვდა. თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანის დიმიტრი კორძაია სიმპოზიუმის შექმნის ისტორიას იხსენებს.

„2016 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მორფოლოგიის ინსტიტუტის ინიციატივით დააფუძნდა აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის მედალი და პრემია. 2017 წელს საუკეთესო მორფოლოგიური ნაშრომისთვის დაჯილდოვდა ზურაბ კაკაბაძე, მეორედ, 2019 წელს პრემია მოიპოვა პროფესორმა ლიანა თოდიაშვილმა,  2021 წლის გამარჯვებული კი დიანა ძიძიგური გახდა. დღეს, ტრადიციულად, ლაორეატი წაიკითხავს ლექციას თავის მთავარ მიღწევაზე,“ - აღნიშნა მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა დიმიტრი კორძაიამ.

თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტის, გიორგი გაგუას თქმით, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა გადაწყვიტეს,რომ სიმპოზიუმები იქცეს ტრადიციად და იგი ყოველწლიურად ჩატარდეს უნივერსიტეტში.
„წელს სიმპოზიუმი ეძღვნება ნინო ჯავახიშვილის ხსოვნას, შემდეგი მიეძღვნება კლინიკურ მედიცინას და მივუძღვნით აკადემიკოს ფრიდონ თოდუას, რომლის სახელსაც ატარებს ჩვენი საზოგადოება. ჩვენი საზოგადოება დაფუძნებულია იდეაზე: წარსული, აწყმო და მომავალი. ჩვენ გვინდა,რომ წარსული არ იყოს დავიწყებული და შევახსენოთ ჩვენს მომავალ თაობას მისი მნიშვნელობა,“- აღნიშნა გიორგი გაგუამ.

ღონისძიების ბოლოს აკად. ნინო ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა, ფილმი მისი პიროვნების, დამსახურების და სამეცნიერო ღვაწლის წარმოჩენას ისახავს მიზნად.

თარიღი: 15/11/2021