საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„სამეცნიერო ტერმინოლოგია“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში VIII კონფერენცია „სამეცნიერო ტერმინოლოგია“ გაიხსნა, რომელიც გიორგი ნიკოლაძის დაბადებიდან 135-ე წლისთავს მიეძღვნა. ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა - „ქართული ტერმინთბანკი და ტერმინოლოგიური მუშაობა საქართველოში“.
 

კონფერენციაში, რომელიც თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება სხვადასხვა უნივერსიტეტისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
 

„განსაკუთრებით მახარებს ამდენი ახალგაზრდის მონაწილეობა კონფერენციაში, ვინაიდან გადამწყვეტია თქვენი ჩართულობა ამ ფრიად მნიშვნელოვან საქმეში. ჩვენი ქვეყანა მიისწრაფვის ბევრი საინტერესო ნაბიჯის გადასადგმელად, უამრავი ტერმინი იქნება გადმოსაღები საერთაშორისო სამართლის მიმართულებით, თუ დარგობრივი კუთხით, და ბუნებრივია, ეს ბევრ ვალდებულებას აკისრებს ტერმინოლოგიაზე და ენათმეცნიერებაში მომუშავე ადამიანებს. მინდა, მოგილოცოთ პირველი ნაბიჯების გადადგმა, დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი ტერმინოლოგიის მიმართულებას აირჩევთ და ისარგებლეთ ამ შანსით, რომ ასეთი დიდი მეცნიერები არიან უნივერსიტეტში, რომლებიც გასწავლიან“, - მიმართა კონფერენციის მონაწილე სკოლის მოსწავლეებს  სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა.
 

ღონისძიებაზე დიპლომები გადაეცათ სამტრედიის სკოლის მოსწავლეებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ენათმეცნიერების ინსტიტუტის ტერმინოლოგიის განყოფილებასთან თანამშრომლობით შექმნილი  საენათმეცნიერო წრის  - „ტერმინოლოგიის მეგობრების“  - მუშაობაში.
 

2022 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების თანამშრომელთა ხელმძღვანელობით ქართული ტერმინები შეაქვთ ევროპარლამენტის ტერმინოლოგიურ ბაზებში  (IATE).  სამუშაოდ შეირჩა საკვებთან დაკავშირებული პროექტის (Food) ორი ქვეპროექტი: საკვების უსაფრთხოება (Food Safety) და მეღვინეობის ტერმინოლოგია (Vitiviniculture). პროექტის კოორდინატორები არიან: მანანა რუსიეშვილი, ლია ქაროსანიძე, ლინდა გიორგაძე, მარიამ ქებურია. პროექტის მუშაობაში ჩართულია თსუ-ს ინგლისური ფილოლოგიის 10 სტუდენტი. ღონისძიებაზე პროექტში ჩართულ პროფესორებსა და სტუდენტებს საგანგებო დიპლომები გადაეცათ, რომელიც IATE-სთან  პროექტის დასრულების შემდეგ გამოეგზავნათ. საერთაშორისო პროექტში მონაწილეობა 2023-2024 წლებშიც გაგრძელდება,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ამჯერად მეღვინეობის ტერმინოლოგიაზე იმუშავებენ.
 

თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ლექსიკონების განყოფილება არის საქართველოს უძველესი ტერმინოლოგიური ცენტრი, რომელიც, ერთი მხრივ, განაგრძობს ტრადიციულ ქართულ ტერმინოლოგიურ პრაქტიკულ თუ თეორიულ მუშაობას და, მეორე მხრივ, მჭიდრო ურთიერთობა აქვს ევროპის ტერმინოლოგიურ საზოგადოებებთან; განყოფილება 2013 წლიდან მართავს ადგილობრივ და საერთაშორისო ტერმინოლოგიურ კონფერენციებს;  2014 წელს დააარსა კრებული „ტერმინოლოგიის საკითხები“; 2014 წლიდან განყოფილებაში იქმნება ქართული ტერმინოლოგიური ბაზა - ქართული ტერმინთბანკი; ქართულად ითარგმნა ტერმინოლოგიის თანამედროვე სტანდარტები, ასევე იუნესკოს მიერ მომზადებული „ტერმინოლოგიური მართვის სახელმძღვანელო“. 

 

 

თარიღი: 25/09/2023