საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„კონფლიქტები ცვალებად გეოპოლიტიკურ სივრცეში"- კონფერენცია თსუ-ში

ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში კონფლიქტების თავისებურებებზე, კონფლიქტების გადაწყვეტის და კონსენსუსის მიღწევის გზებზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ გახსნა.

 

კონფერენციაზე, „კონფლიქტები ცვალებად გეოპოლიტიკურ სივრცეში", რომელიც თსუ პროფესორის გუგული მაღრაძის იუბილეს მიეძღვნა, ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა, მეცნიერებმა განიხილეს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები, ასევე, ისაუბრეს საქართველოს ადგილსა და როლზე თანამედროვე სამყაროში.

 „ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, როგორც ახლო აღმოსავლეთში, ასევე, აღმოსავლეთ ევროპაში, კონფლიქტოლოგია ერთ-ერთი მთავარი საკითხია მთელი მსოფლიოსთვის. ბუნებრივია, საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხებზე მსჯელობა. სწორედ საქართველოსა და მსოფლიოში არსებული კონფლიქტების გადაწყვეტის გზებზე მსჯელობდნენ დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეკრებილი მეცნიერები“, - აღნიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის გუგული მაღრაძის თქმით, კონფერენციის მომხსენებლები არიან ცნობილი მეცნიერები, რომლებიც მუშაობენ კონფლიქტების შესწავლის საკითხებზე. „ეს კონფერენცია არის ცოდნის გადაცემის კარგი შესაძლებლობა, რომელიც დაგვაფიქრებს მშვიდობიან თანაცხოვრებაზე, მშვიდობის კულტურის განვითარებაზე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შესაძლებლობა მაქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კედლებში კიდევ ერთხელ ვუთხრა მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ამ წლების განმავლობაში ვმუშაობდი. უნივერსიტეტი ჩემთვის არ არის მხოლოდ სამუშაო ადგილი, ეს არის ადგილი, სადაც იღებ განათლებას, სწავლობ ურთიერთობებს“,- განაცხადა გუგული მაღრაძემ.

 

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები: „ტრანსფორმირებული კონფლიქტი: თავისებურებები და სარგებელი“, „კონფლიქტი, როგორც ცვალებად გარემოში შექმნილი განწყობის შედეგი“, „გადაწყვეტილებისა და კონსენსუსის მიღწევის შინაგანი რესურსი“, „სამხედრო კონფლიქტების ტრანსფორმაცია პოსტ ბიპოლარული წესრიგის პირობებში“ , „პოპულიზმი - კონფლიქტების ახალი წყარო“. კონფერენციის ბოლოს გაიმართა დისკუსია კონფლიქტოლოგიის აქტუალურ საკითხებზე.

თარიღი: 19/06/2025