საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ბასკური ენის ნარკვევისა“ და „ბასკურ-ქართულ-რუსული ლექსიკონის“ პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბასკოლოგიის ცენტრისა და კავკასიოლოგიის სასწავლო სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით პროფესორ რევაზ ჭანტურიას მონოგრაფიების - „ბასკური ენის ნარკვევისა“ და „ბასკურ-ქართულ-რუსული ლექსიკონის“ პრეზენტაცია გაიმართა.
 

ღონისძიებას თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, გამოცემების ავტორი რევაზ ჭანტურია, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
 

„რევაზ ჭანტურია არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღზრდილი და ამჟამად მალმოს უნივერსიტეტის პროფესორია. სწორედ მალმოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შესრულდა გამოცემები, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოში ბასკური კვლევების განვითარების თვალსაზრისით,“ - აღნიშნა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა.
 

„სამენოვანი ლექსიკონი 2018 წელს პოლონეთში გამოიცა და ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე იყო წარმოდგენილი. „ბასკური ენის ნარკვევი“ ეხება ბასკურ გრამატიკას ქართველურ ენებთან შედარებითა და პარალელებით. მალე გამოიცემა ბასკური ენის სახელმძღვანელო დამწყებთათვის, რომელიც იქნება ასევე სამენოვანი,“ - განაცხადა რევაზ ჭანტურიამ.
 

ბასკური ენა და ბასკური კულტურა, როგორც საგანი, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2021 წლის სექტემბრიდან ისწავლება. 2020 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ეტკსეპარეს სახელობის ბასკეთის ინსტიტუტს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს  ბასკური ენისა და კულტურის სწავლებას  თსუ-ში. აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, თსუ-ს პროფესორებსა და სტუდენტებს, ისევე როგორც ფართო საზოგადოებას, შესაძლებლობა ეძლევათ ცოდნა გაიღრმაონ ბასკური ენისა კულტურის მიმართულებით.

თარიღი: 07/07/2022