საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯავახეთის სტუდენტური ექსპედიცია დასრულდა

  2001 წლიდან უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) ინიციატივითა და ხელმძღვანელობით სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციის ჩართულობითა და დაფინანსებით, ეწყობა  ყოველწლიური სტუდენტური ექსპედიციები ჯავახეთში.  

 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით უკვე 23 წელია „ჯავახეთის სტუდენტური ექსპედიცია“ უწყვეტად ტარდება.

 

     ექსპედიციის  მთავარი მიზანი თსუ-დან ჩასული ახალგაზრდების ინტეგრაციაა ეროვნებით სომეხსა და ქართველ ახალგაზრდებთან, კულტურულ-მემკვიდრეობითი ძეგლების გაცნობა, ექსპედიციის წევრების ჩართვა საეკლესიო საქმიანობაში და კვლევის ჩატარება.  ექსპედიცია 24 ივლისიდან დაიწყო და 10 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა.

 ექსპედიციის მონაწილეებმა „Georgian Climbing National Federation“-ის დახმარებითა და მხარდაჭერით იცოცეს სამსარში. სტუდენტები იმყოფებოდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბარალეთსა და კოთელიაში, სადაც მოინახულეს შუა საუკუნეების ისტორიული ძეგლები და დაეხმარნენ ბარალეთის ტაძრის ეზოს დასუფთავებაში.  გაიმართა კულტურულ-მემკვიდრეობითი ძეგლების მონახულება და შემეცნებითი აქტივობები.

 

 ექსპედიციის წევრებმა XI საუკუნის ძეგლი, ოლოდა მოინახულეს, რომელიც თურქეთის საზღვართან მდებარეობს. ტაძარი ამ დროისთვის, უმოქმედოა  და სამწუხაროდ მნახველები ფაქტობრივად არ ჰყავს. 

 

სტუდენტები იმყოფებოდნენ ვარძიაში, თავკვეთულაზე. ვარძიაში შეხვედრა გაიმართა ადგილობრივ მკვიდრთან, პუბლიცისტ კუკური მეტრეველთან, რომელთანაც ვისაუბრეთ ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციის - ჯავახეთის ისტორიაზე უძველესი დროიდან თანამედროვე ეპოქამდე. 

 

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტთან, მეუფე ნიკოლოზთან ერთად იმყოფებოდნენ კოტხას ციხეზე, რომელიც როგორც ცნობილია, ცოტნე დადიანის გმირობის ამბით არის სახელგანთქმული.მოინახულეს უგუმბათო კუმურდოც, რომელსაც წლებია რესტავრაცია უტარდება და სხვა მრავალი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც საჭიროებს აღდგენას. და ასევე, აბულას ციხე.

 

 ექსპედიციის წევრი სტუდენტები ეცნობოდნენ ასევე მოსახლეობისათვის პრობლემურ და საინტერესო სხვადასხვა საკითხებს.  გარდა ამისა, კი მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს  ოკამის სამლოცველო სახლის გალავნის მშენებლობასა და ტაძრის ეზოს ქვით მოპირკეთებაში.

თარიღი: 14/08/2023