თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საქართველოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის თემაზე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
სიტყვით გამოსვლისას თსუ რექტორმა უნივერსიტეტის მიერ განხორციელებულ საერთაშორისო პროგრამებსა და უცხოურ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო პროგრამებისა თუ პროექტების განხორციელების პროცესში. ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობისთვის ბოლო წლებში თსუ-ის 400-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი მონაწილეობდა გაცვლით პროგრამაში ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტში.
,,ინტერნაციონალიზაციის პროცესი უნივერსიტეტებს აძლევს სრულიად ახალ შესაძლებლობებს, ახალ მიმართულებებს, რომელიც ცვლის უმაღლესი სკოლის ფილოსოფიას. ამ თანამშრომლობის სასიკეთო შედეგები უკვე საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს და მეტად ვიზრუნოთ საერთო პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაზე. ჩემთვის საამაყოა, რომ თსუ-ის პროგრამები ერთ-ერთი პირველი იყო, რომელებმაც ABET ხარისხი მიიღო. მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან, იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო აქტიურად გაიმართება მსგავსი სახის კონფერენციები, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი საერთო პროგრამებისა და თანამშრომლობის განვითარებას,“ -განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამერიკისა და ევროპის მასშტაბით 195 უნივერსიტეტთან თანამშრომლობს. ამ ეტაპზე უნივერსიტეტში 23 ინგლისურენოვანი პროგრამა ხორციელდება, რომლებიც შემუშავებულია უცხოელ პარტნიორებთან ერთად.