თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ წმ. გრიგოლ ფერაძის საერთაშორისო კონფერენცია „საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია“ III: „ქრისტიანული აღმოსავლეთი და კავკასია“ გახსნა.
თსუ რექტორი ქართველ და უცხოელ მკვლევრებს ესაუბრა ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორის, ტფილისის უნივერსიტეტის სტუდენტის, წითელი არმიის წინააღმდეგ მებრძოლის, საქართველოს და პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ წმინდანად შერაცხული არქიმანდრიტის გრიგოლ ფერაძის სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ჰუმანისტურ საქმიანობაზე, მის როლზე ქართული ემიგრაციის შეკავშირების საქმეში. ჯაბა სამუშიამ ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო კონფერენციის მნიშვნელობაზე, მის როლზე საქართველოს ისტორიის და, ზოგადად, ქართველოლოგიის პოპულარიზაციაზე მსოფლიოში. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმს, რომელიც ეძღვნება ქრისტიანულ აღმოსავლეთსა და კავკასიას. კონფერენცია ტარდება წელიწადში ორჯერ ვარშავასა და თბილისში და ხელს უწყობს ქართველოლოგიის განვითარებას მსოფლიოში“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
კონფერენციის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორმა დავით ყოლბაიამ. მისი თქმით, „საერთაშორისო კონფერენცია მნიშვნელოვანია მეცნიერ-მკვლევრებისთვის, რათა ერთმანეთს გავუზიაროთ კავკასიოლოგიის, ქართველოლოგიის მიმართულებით არსებული სიახლეები, კვლევები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართველი მეცნიერების მოხსენებები; მათ ადგილზე უწევთ მრავალი დოკუმენტის, მასალის დამუშავება.“
კონფერენციის მუშაობაში ქართველ მკვლევრებთან ერთად მონაწილეობენ მეცნიერები პოლონეთიდან, იტალიიდან, იორდანიიდან და სომხეთიდან. კონფერენციაზე მოხსენებებს წაიკითხავენ კავკასიის ხალხთა ურთიერთობაზე ქრისტიანულ აღმოსავლეთთან, აგრეთვე, საქართველოსა და კავკასიის ისტორიისა და კულტურის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი და წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის კავშირი.
წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის სამეცნიერო კონფერენცია თბილისსა და ვარშავაში მორიგეობით, 2 წელიწადში ერთხელ ტარდება, 6 დეკემბერს, წმ. გრიგოლ ფერაძის აღსრულების დღეს - ვარშავის უნივერსიტეტში, ხოლო წმინდანის დაბადების დღეს (13 სექტემბერს), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კონფერენცია გადაიქცა მუდმივმოქმედ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმად, რომლის მიზანია ქართველოლოგიური კვლევების პოპულარიზაცია საზღვარგარეთ.