ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და ვალგამაას (ესტონეთი) პროფესიული განათლების ცენტრის დირექტორმა მარგუს ოჯაოცმა თსუ-სა და ვალგამაას პროფესიული განათლების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი ითვალისწინებს ურთიერთთანამშრომლობას პროფესიული განათლების სფეროში, ერთობლივი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების, კონფერენციებისა და სემინარების განხორციელებას; ერთობლივი კულტურული, სპორტული და შემეცნებითი პროექტების ორგანიზებას; ადმინისტრაციული პერსონალის, მასწავლებლებისა და პროფესიული სტუდენტების მობილობას, გაცვლით პროექტებს.
თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერესიტეტს აქტიური თანამშრომლობა აქვს ევროპულ საგანმანათლებლო ცენტრებთან და ესტონურ მხარესთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სრულიად ახალ მიმართულებას გაუკვალავს გზას. „ჩვენი სტუდენტებისთვის სრულიად ახალი მიმართულება, ახალი პერსპექტივა იხსნება. ესტონურ საგანმანათლებლო ცენტრთან გაფორმებული მემორანდუმით თსუ პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებს საშუალება ექნებათ გააგრძელონ სწავლა ესტონეთში. ასევე მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა გაუზიარონ ერთმანეთს ინფორმაცია და გამოცდილება პროფესიული განათლების კუთხით“, - განაცხადა რექტორმა.
ვალგამაას პროფესიული განათლების ცენტრის დირექტორმა მარგუს ოჯაოცმა აღნიშნა, რომ თანამშრომლობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ესტონეთის ვალგამაას პროფესიული განათლების ცენტრებს შორის მნიშვნელოვანია ევროპული პროფესიული საგანმანათლებლო სისტემის განვითარებისთვის. „ესტონეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა განათლების სფეროში მრავალ წელს ითვლის. ეს მემორანდუმი კი არის ახალი ეტაპი პროფესიული განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით და უქმნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენ სტუდენტებს“.
თსუ პროფესიული ცენტრის ხელმძღვანელის ლევან წიქარიძის განცხადებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია პროფესიული პროგრამების ინტერნაციონალიზაციის კუთხით და ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან როგორც პროფესიული პროგრამების განმახორციელებლები, ასევე სტუდენტები. „ეს არის უკვე მეორე მემორანდუმი, რომელიც ესტონურ მხარესთან გავაფორმეთ. ხელმოწერილი შეთანხმება სამომავლოდ ჩვენ სტუდენტებს საშუალებას მისცემს ისწავლონ ორენოვან პროფესიულ პროგრამაზე, გაიარონ პრაქტიკული კომპონენტი ესტონეთში“,-დასძინა ლევან წიქარიძემ.
ხელმოწერის ცერემონია ესტონეთის დელეგაციის ვალგამაას პროფესიული განათლების ცენტრის 22-25 მაისს დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ესტონეთის დელეგაციას ვალგამაას პროფესიული მომზადების ცენტრის დირექტორი მარგუს ოჯაოცი, ვალგას გიმნაზიის დირექტორი ენდრიუ მურუმა და საავტომობილო სფეროს ხელმძღვანელი მასწავლებელი სიიმ ვილემსონი წარმოადგენენ.
დელეგაცია ეწვევა თსუ პროფესიული განათლების ცენტრს თბილისსა და ქუთაისში, შეხვდება ცენტრის ხელმძღვანელს ლევან წიქარიძეს, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებს და მასწავლებლებს. ვიზიტისას განიხილება სამომავლო თანამშომლობის გეგმები.