საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშიამ გამომცემლობა „ბაკმთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და გამომცემლობა „ბაკმის“ დირექტორმა რუსუდან მოსიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. თანამშრომლობის ფარგლებში გამომცემლობა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას უსასყიდლოდ გადმოსცემს ახალ გამოცემებს.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, თსუ-ში სწორედ ის ინტელექტუალური პოტენციალია, რომელიც ამარაგებს ქართული წიგნის ბაზარს. თბილისის ბაზარზე არსებული დიდი გამომცემლობების წიგნების ავტორების დაახლოებით 60 პროცენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები არიან. „მემორანდუმის საფუძველზე,  შეგვიძლია დავგეგმოთ ჩვენი გამომცემლობების ერთობლივი გამოცემები. ჩვენი მიზანია, ჩვენი ავტორების მხარდაჭერა და პოპულარიზაცია. მიხარია, რომ ასეთი თანამშრომლობა შედგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გამომცემლობა „ბაკმს“ შორის, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

 

გამომცემლობა „ბაკმის“ დირექტორმა რუსუდან მოსიძემ აღნიშნა, გამომცემლობები იმისთვის არსებობს, რომ ქართველ მწერლებს და მეცნიერებს შეუწყოს ხელი და  პოპულარიზაცია გაუწიოს მათ შემოქმედებას. „ჩვენი გამომცემლობა მზად არის ყველა რესურსი, რაც გაგვაჩნია, მოვახმაროთ ქართველი მეცნიერების პოპულარიზებას. ბედნიერი ვართ, რომ ჩვენი წიგნები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც დაიდებს ბინას. ყველა ახალ, განსხვავებულ და საინტერესო  გამოცემას გადმოვცემთ უნივერსიტეტს“, - განაცხადა გამომცემლობა „ბაკმის“ დირექტორმა რუსუდან მოსიძემ.

 

თანამშრომლობის მიზანი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ახალი წიგნებით გამდიდრებაა. მემორანდუმის თანახმად, უნივერსიტეტი დაეხმარება გამომცემლობა „ბაკმს“ ახალი გამოცემების პრეზენტაციებსა და სპეციალური საუნივერსიტეტო ფასდაკლებებით გამოფენა–გაყიდვის ორგანიზებაში.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის თქმით, ტრადიციად იქცა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ცნობილ გამომცემლობებთან აფორმებს მემორანდუმებს, რის საფუძველზეც გამომცემლობები უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცემენ გამორჩეულ ლიტერატურას. მისი თქმით, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში არსებობს სპეციალური კუთხე, სადაც განთავსებულია პარტნიორი გამომცემლობების წიგნები.

თარიღი: 13/12/2023