თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია შეხვდა საერთაშორისო ვორქშოფის „ალგებრული გეომეტრია და ჯგუფების და რგოლების მოდელების თეორია“ მონაწილეებს, მათ შორის ფილდსის პრემიის ლაურეატ ეფიმ ზელმანოვს (სან-დიეგოს უნივერსიტეტი, აშშ; მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ჩინეთი).
ვორქშოფში, რომელიც უკვე მეოთხე წელია თსუ-ში ტარდება მონაწილეობს 45 მათემატიკოსი აშშ-დან, კანადიდან, იტალიიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან, ბრაზილიიდან და საქართველოდან. მათ შორის მსოფლიო დონის მეცნიერები, ასევე თსუ-ს პროფესორები და სტუდენტები .
ღონისძიებაზე წარმოდგენილია შედეგები ალგებრული გეომეტრიის და ჯგუფების მოდელების თეორიის მიმართულებით. ვორქშოფის პირველ დღესვე გაიმართა ასევე დისკუსიები ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ მათემატიკურ კვლევებში.
გახსნას ესწრებოდნენ თსუ რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი პეტრე ბაბილუა, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტი აკადემიკოსი ალექსანდრე მესხი, თსუ-ს მათემატიკის მიმართულების ხელმძღვანელი პროფესორი ომარ ფურთუხია და სხვა პროფესორები.
დაგეგმილია თანამშრომლობის გაღრმავება ნიუ-იორკის უნივერსიტეტთან, სტივენსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან (აშშ), ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან და პალერმოს უნივერსიტეტთან (იტალია) მათემატიკისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით.