საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშია უნგრეთის ელჩს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ანა მარია შიკოსთან ერთან ხელი მოაწერა წიგნების კოლექციის გადმოცემის ოფიციალურ დოკუმენტს, რომელიც უნგრეთის საგარეო სამინისტრომ და ეტვეშ ლორანდის სახელობის უნივერსიტეტმა თსუ-ს ბიბლიოთეკას საჩუქრად გადმოსცა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ მადლობა გადაუხადა ელჩს საჩუქრისთვის და იმ ღვაწლისთვის, რომელიც მან ქართულ-უნგრული ურთიერთობების მაქსიმალურად დაახლოებისთვის გასწია. „უნგრეთი ყოველთვის იყო სტრატეგიული პარტნიორი როგორც კულტურული, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. უნგრეთში არსებული ქართველოლოგიური სკოლა იყო ერთ-ერთი გამორჩეული ცენტრი“, -აღნიშნა ჯაბა სამუშიამ. მისი თქმით,  უნგრული ენის მიმართ მაღალი ინტერესი არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რომელსაც მიყვება საელჩო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უნგრული ენისა და კულტურის ცენტრთან ერთად.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის ინფორმაციით, უნგრეთის საგარეო სამინისტროს უნგრული ენის განათლების, დიასპორისა და ბალაშის სახელობის პროგრამების დეპარტამენტმა და ოტვოშ ლორანდის სახელობის უნივერსიტეტმა თსუ-ს ბიბლიოთეკას საჩუქრად 400-მდე წიგნი გადმოსცა. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას უნგრული წიგნების ყველაზე დიდი კოლექცია ექნება. ეს წიგნები განთავსდება სამკითხველოში, ელექტრონულ კატალოგშიც შევა და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მკითხველისთვის“, - განაცხადა ზურაბ გაიპარაშვილმა.

შეხვედრაზე უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ანა მარია შიკომ ქართულ-უნგრულ მეგობრულ ტრადიციებსა და  საერთო  ღირებულებებზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტს უნგრული ენისა და კულტურის პოპულარიზაციისთვის, ასევე სტუდენტებს, რომლებიც უნგრული ენისა და კულტურის შემსწავლელ კურსზე სწავლობენ. „ჩვენი ქვეყნების ისტორიული გამოცდილება და ბრძოლისუნარიანობა მსგავსია. ჩვენ მნიშვნელოვანი კულტურული ურთიერთობები გვაქვს და ჩვენი საელჩოს მიზანია, ამ ურთიერთობების გაღრმავებას შევუწყოთ ხელი,“- განაცხადა ელჩმა.

ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უნგრული ენისა და კულტურის შემსწავლელი კურსის ხელმძღვანელი არპად ელეში და სტუდენტები ესწრებოდნენ.

თარიღი: 12/12/2023