თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ტრანსილვანიის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ იოან ვასილ აბრუდანს შეხვდა.
მხარეებმა ერთობლივად განხორციელებულ პროექტსა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.
ჯაბა სამუშიამ პროფესორ იოან ვასილ აბრუდანს უნივერსიტეტის სტრუქტურა, სამეცნიერო საქმიანობა და სტუდენტური ცხოვრება გააცნო, ასევე ხაზი გაუსვა სხვა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის მნიშვნელობასა და გამოცდილებას.
,,უნივერსიტეტი თანამშრომლობს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის უმაღლეს სასწავლებელთან, ამ მიმართულებით ჩვენ ისევ აქტიურად ვმუშაობთ და ყოველწლიურად ემატება იმ უნივერსიტეტების სია, რომლებთანაც ვიწყებთ ახალ პროექტებს. ჩვენი უნივერსიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობის შეთავაზება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ახალგაზრდა მეცნიერების ხელშეწყობა, ისევე როგორც პროფესორ-მასწავლებლების ჩართულობა სხვადასხვა კვლევით თუ სწავლების ნაწილში, ამიტომ ვახორციელებთ არაერთ პროექტსა და პროგრამას ამ მიმართულებით. ჩვენთვის საინტერესო იქნება თქვენთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება,“-განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
ტრანსილვანიის უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ იოან ვასილ აბრუდანის ვიზიტი ემსახურება ორ უნივერსიტეტს შორის დაწყებული თანამშრომლობის გაძლიერებას. სწორედ ამ მიზნით პროფესორი აბრუდანი უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეს, ერეკლე ასტახიშვილსა და უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანებს, ასევე ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, მათ გააცნო ის მიმართულებები, რომლის ფარგლებშიც იგეგმება თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტები.
თსუ-ს თანამშრომლობა ტრანსილვანიის უნივერსიტეტთან Erasmus+ პროგრამის მიერ მხარდაჭერილი CISI პროექტით დაიწყო. თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრის კოორდინაციით განხორციელებულმა პროექტმა, ორივე უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პერსონალის ძალისხმევა გააერთიანა და ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში უნივერსიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარება მოხდა.