საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

წინანდლის პრემიის ლაურეატები

„წინანდლის პრემია“ ის პრესტიჟული ჯილდოა, რომლის მოპოვებაც 18-დან 30-წლამდე ახალგაზრდა მეცნიერებს და ხელოვანებს თავისი მნიშვნელოვანი ნამუშევრების წყალობით  შეუძლიათ.

 

ზურაბ ჟვანიას ფონდის  მიერ ორგანიზებული ამ პროექტის ფარგლებში ლაურეატები სხვადასხვა დარგში გამოვლინდებიან. 2022 წლის „წინანდლის პრემიის“  გამარჯვებულებიც  მეცნიერებისა და ხელოვნების 8 დარგში:  თეატრალური ხელოვნება; კინოხელოვნება; პროზა; პოეზია; მუსიკალური ხელოვნება; ჰუმანიტარული მეცნიერებები; სახვითი ხელოვნება; საბუნებისმეტყველო მეცნიერებები,  დასახელდნენ.

 

ამ ნიჭიერ შემოქმედებს შორის აღმოჩდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც - ანა ქირია და ნინო თავართქილაძე.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზანტინისტიკის მიმართულების დოქტორანტი ანა  ქირიას ნაშრომის სახელია „თვითერთის გააზრების ნეოპლატონური პერსპექტივები“, რომელიც წიგნის სახით 2021 წელს გამოიცა.

 

„გამარჯვებული წიგნის ცალკეული ნაწილები სტატიების სახით დაბეჭდილია რეცენზირებად ჟურნალებში, რასაც ერთგვარ „ჯილდოდ“ აღვიქვამ. ასევე თავისთავად უკვე ჯილდოა ისიც, რომ ამ თემაზე შესრულებულმა ნაშრომმა ჩემი ინსტიტუტის, კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის, მხრიდან შესაბამისი ინტერესი, ნდობა და მხარდაჭერა დაიმსახურა, რის შედეგადაც შესაძლებელი  გახდა ნაშრომის გამოქვეყნება, პროგრამის  „დიონისიოს ვარელასი ბიზანტინისტიკის განვითარებისათვის“ ფინანსური მხარდაჭერით. ამასთან, მოგეხსენებათ, წინანდლის პრემია არის ფაქტობრივად ერთადერთი პრემია, რომელიც ჰუმანიტარულ მეცნიერებებში გაიცემა. ასე რომ, ჩემთვის, როგორც თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულების დოქტორანტისთვის, ეს რეალურად პირველი ჯილდო იყო,“-განაცხადა ანა ქირიამ.  

 

როგორც ანა ქირია განმარტავს, „ნაშრომი წარმოადგენს ფილოსოფიურ მონოგრაფიას, რომელიც მიზნად ისახავს ანტიკურ ნეოპლატონიკოსებთან თვითერთის, უმაღლესი ნეოპლატონური საწყისის, პერსპექტივისტული გამრავლების ჩვენებას, თვითერთის გაგების სისტემური დიფერენცირებული ანალიზის კვალად. მნიშვნელოვანია, რომ ნაშრომი ემყარება ძველბერძნული წყაროების დეტალურ და ღრმა ანალიზს, ისევე როგორც საკითხზე არსებული სამეცნიერო ლიტერატურის კრიტიკულ შესწავლას, რაც მას, საბოლოოდ, ფილოსოფიური და ფილოლოგიური კვლევის ორგანულ მთლიანობად წარმოაჩენს“.

 

ნეოპლატონიზმით და, კონკრეტულად, ჰენოლოგიით (ერთის შესახებ სწავლება) ანას დაინტერესება ჯერ კიდევ ბაკალავრიატზე სწავლის პერიოდში დაიწყო. „ჩემს საბაკალავრო ნაშრომში სახელწოდებით „ღმერთის გააზრების ჰენოლოგიური გზა პლატონთან და პლატონის შემდეგ“, პლატონის „პარმენიდეს“ პირველი ჰიპოთეზისა და „სახელმწიფოს“ მზის ანალოგიის ანალიზის საფუძველზე, წარმოვაჩინე ღმერთის ჰენოლოგიური გაგების განვითარების გზა პლატონთან და პლატონის შემდეგ, კერძოდ, გვიანანტიკურ წარმართულ ნეოპლატონურ და ქრისტიანულ ფილოსოფიაში. ამას მოჰყვა სამაგისტრო ნაშრომი ნეოპლატონურ ჰენოლოგიაზე. ეს თემა სავსებით ეხმიანება ჩემს მიდრეკილებებს: ის არის იდუმალი, ამაღლებული, რთული და ღრმა.  წინანდლის პრემიაზე გამარჯვებული წიგნი სწორედ ჩემს სამაგისტრო ნაშრომს ემყარება. იგი წარმოადგენს მის ფუნდამენტურად გადამუშავებულ და განვრცობილ ვერსიას. თავდაპირველი მოცემულობის გადასამუშავებლად და განსავრცობად დაახლოებით ერთი წელი დამჭირდა. თუმცა, ეს წიგნი, საბოლოო ჯამში, მრავალწლიანი მუშაობის ნაყოფია“,- განმარტავს ანა.

 

ჯილდოს სახით ფილოლოგ და ფილოსოფოს ანა ქირიას დიპლომი და 4000 ლარიანი ფულადი პრემია გადაეცა.  მისივე თქმით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია წინანდლის პრემიის ლაურეატის  სახელიც.

 

 კიდევ ერთი თსუ დოქტორანტი ნინო თავართქილაძე წინანდლის პრემიის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა. ნინო თსუ ისტორიისა და ეთნოლოგიის  ინსტიტუტის და ანთროპოლოგიის  ლაბორატორიაში მუშაობს და კითხულობს ლექციებს საველე ანთროპლოგიის საგანში. არქეოლოგმა დოქტორანტმა  წინანდლის პრემიაზე სტატია „გვიან ანტიკური-ადრეული შუასაუკუნეების საქართველოს მოსახლეობის მორფოლოგიური და გენეტიკური პოლიმორფიზმი“ წარადგინა. 

„სტატია მოიცავს სადოქტორო თემის ნაწილს, შესაბამისად ამ თემატიკაზე 3 წელია ვმუშაობ. უშუალოდ სტატიაზე მუშაობა დავიწყე 2 წლის წინ, როდესაც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გავემგზავრე გერმანიაში, კერძოდ მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტში. თემის არჩევისას, რა თქმა უნდა, დიდხანს ვფიქრობდი, მინდოდა ისეთი თემა შემერჩია, რაც კვლევას ინოვაციურს გახდიდა და მომავალში, მეცნიერებას რაიმე ახალს შესძენდა. ჩემი შერჩეული თემა აერთიანებს სხვადასხვა დისციპლინას: ისტორიას, არქეოლოგიას, ანთროპოლოგიას და გენეტიკას“,- განმარტავს ნინო.

 

ჰუმანიტარულ მეცნიერების ნომინაციაში თავდაპირველად წარმოდგენილი 20 კონკურსანტიდან, შიდა ჟიურიმ სამი კონკურსანტი შეარჩია, სამივე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ანა ქირიასთან ერთად ამ სიაში სოციოლინგვისტი სოფიო თოთიბაძე და ანთროპოლოგი ბორის კომახიძე იყვნენ.

 

ახალგაზრდა შემოქმედებისთვის პრემიის დაწესების იდეა 1998 წელს წინანდალში ახალგაზრდა შემოქმედთა შეხვედრა-სემინარზე დაიბადა. „წინანდლის პრემიის“ პირველი დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 1999 წელს თეატრალურ სარდაფში გაიმართა.

თარიღი: 19/12/2022