საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

წიგნის „ნოე რამიშვილი“ პრეზენტაცია

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში. წიგნი - „ნოე რამიშვილი“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ეროვნული არქივის თანამშრომლობით გამოიცა. მასში უამრავი ახალი, დღემდე მხოლოდ სამეცნიერო წრეებისა და სიძველეების მოყვარულთათვის ცნობილი მასალაა თავმოყრილი. მისი ერთი ნაწილი ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალურ არქივშია დაცული, მეორე კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მამია და ქრისტიანე ბერიშვილებისა და მიშელ რამიშვილის კოლექციებში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმში.

ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ ლევილის ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ნოე რამიშვილის შვილიშვილი მიშელ რამიშვილი და მამია ბერიშვილის შვილი ტიერი ბერიშვილი, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ წიგნის მომზადების პროცესში.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, ალბომში, რომელიც გამოიცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლობით, აღწერილია, თუ რა გამოწვევების წინ დგას საქართველო. „ ყველაფერი ეს იყო ჩვენს უახლოეს წარსულში. უნდა ვიცოდეთ რა საფრთხეები შეიძლება იყოს ჩვენს გარშემო და ამ წიგნში ძალინ ბევრ კითხვაზეა პასუხი გაცემული. პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი მამები იყვნენ იმ მუხტის მომცემები, რომელმაც შესაძლებელი გახადა ის, რომ დღეს ჩვენ საქართველოში გვაქვს ევროპული სახის დემოკრატია. ეს იყო ძალიან წარმატებული პროექტი, ეს იყო ძალიან წარმატებული დემოკრატია, ეს იყო დამოუკიდებლობა, რომელიც შედგა,“ - აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

პუბლიკაცია მკითხველს საშუალებას მისცემს გაეცნოს პირველი მთავრობის თავმჯდომარის, შინაგან საქმეთა, სამხედრო და სახალხო განათლების მინისტრის, ნოე რამიშვილის ფოტოებს, დოკუმენტებს, წერილებს, სხვადასხვა პოსტზე მუშაობისას გამოცემულ ბრძანებებს, საკანონმდებლო ინიციატივებს; აგრეთვე, ეროვნულ საბჭოს, პარლამენტის, დამფუძნებელ კრების, მთავრობისა თუ პარტიის სხდომებზე მისი გამოსვლების ტექსტებს.

წიგნის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა ლევილის მამულის უკანასკნელი არქივის პრეზენტაცია. ეს არქივი საქართველოში რამდენიმე კვირის წინ ჩამოიტანეს. საქართველოში მისი დაბრუნება სიმბოლურად უკავშირდება პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს.




თარიღი: 20/02/2018