წიგნის „Georgia on my mind. English language and discursive practices in Georgian culture” პრეზენტაცია გაიმართა იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში. წიგნი 2022 წელს გამოიცა იტალიაში და წარმოადგენს ტუშას უნივერსიტეტის (იტალია) სამეცნიერო სერიის „Genderising” პირველი ტომს. მისი ავტორები არიან თსუ პროფესორი მანანა რუსიეშვილი და ტუშას უნივერსიტეტის პროფესორი სონია მარია მელქიორე.
საქართველოს ელჩმა იტალიის რესპუბლიკაში კონსტანტინე სურგულაძემ, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრმა მარიამ ლაშხმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ისაუბრეს გამოცემის მნიშვნელობასა და ქართულ-იტალიურ ურთიერთობებზე, მათ შორის, უმაღლესი განათლების სფეროში კოოპერაციის მნიშვნელობაზე.
წიგნში განიხილულია გენდერლინგვისტიკის მნიშვნელოვანი პრობლემები და გაანალიზებულია გენდერისლინგვისტური გამოვლინების სპეციფიკა სოციოლინგვისტიკის, კრიტიკული დისკურსის თეორიის, მეტაფორის მულტიმოდალური თეორიის, კულტურულოგიის და საუბრის ანალიზის მეთოდოლოგიური პოზიციებიდან. საინტერესოა ისიც, რომ გარდა გამოცდილი მკვლევრების ნაშრომისა, წიგნში დაბეჭდილია თსუ ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის (მოდული ინგლისური ფილოლოგია) დოქტორანტების სტატიები, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ახალგაზრდა მეცნიერების კვლევის პროცესში ჩართვის მნიშვნელობას თსუ ინტერნაციონალიზაციის პროცესში.
წიგნი დაიწერა ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში ტუშას უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის შედეგად.