საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცვლილებები უნივერსიტეტში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასრულდა სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მუშაობის პირველი ეტაპი. სამკვირიანი მუშაობის შემდეგ მომზადდა უნივერსიტეტის 2017-2021 წწ სტრატეგიული განვითარების გეგმის პროექტი. პარალელურად მუშაობას აგრძელებს სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარეა ჩართული. სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა 8 ოქტომბერს გაიმართა. სტრატეგიული განვითარების გეგმის საბოლოო დოკუმენტი წლის ბოლოს იქნება მზად.

თსუ-ში გამართულ ბრიფინგზე რექტორმა გიორგი შარვაშიძემ განაცხადა, რომ სტრატეგიული განვითარების გეგმის პირველი ვერსია უკვე მზადაა და ის საჯარო გახდება, აიტვირთება უნივერსიტეტის ვებგვერდზე. ეს კი საშუალებას მისცემს ყველა თაობის უნივერსიტეტელს, საკუთარი წვლილი შეიტანოს უნივერსიტეტის განვითარებაში, მისი ხედვის ჩამოყალიბებაში. რექტორის თქმით, „ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ღია წესით შევქმნით იმ მომავალს, რომელიც, ალბათ, ყველას გვინდა რომ გვქონდეს. მიზანი ნათელია - უნივერსიტეტი გახდება ევროპული დონის კვლევითი უნივერისიტეტი, წამყვანი რეგიონში ბევრი პარამეტრით. ვაპირებთ, რომ უნივერსიტეტში შემოვიტანოთ ევროპული მენეჯმენტის სისტემა ე.წ. EFQM, რომელიც უმაღლესი სასწავლებლებისთვის მისაღები და მისაბაძი სისტემაა.“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მუშაობაში ჩაერთვება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ახალი მოადგილე. გიორგი შარვაშიძემ ამ პოსტზე ცნობილი მეცნიერი, პროფესორი მიხეილ ჩხენკელი წარადგინა. რექტორის მოადგილის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ასახულია უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმაში და რაზეც იმუშავებს - სასწავლო პროცესში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ინტეგრაცია ანუ აკადემიურ პროცესთან მისი დაახლოებაა. ეს კი გააუმჯობესებს, როგორც სწავლების ხარისხს, ასევე წაადგება თავად სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. მისი თქმით, „დაგეგმილია უცხოელი სპეციალისტებისა და პროფესორების მოწვევა უნივერსიტეტში, ჩვენი ქართული ინტელქტუალური პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება. ეს ჩვენი უნივერისტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება, რათა სწავლების ხარისხი მართლაც გახდეს ისეთი, როგორსაც მსოფლიო სტანდარტები მოითხოვს.“

მიხეილ ჩხენკელმა წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, სადაც იგი იყო აკადემიკოს მუსხელიშვილის სახელობის სტიპენდიატი. მან ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამთავრა პენსილვანიის უნივერსიტეტის დოქტორანტურა და მიენიჭა მათემატიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. იგი 20 წლის განმავლობაში ასწავლიდა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. მას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, მათ შორის საპროფესორო ოსკარი საუკეთესო სწავლებისთვის, პენსილვანიის უნივერსიტეტის 9 ჯილდო საუკეთესო სწავლებისთვის, Goldman Sachs-ის ფონდის პრემია, სამეცნიერო-კვლევითი გრანტები და სტიპენდიები. იგი არის მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი, ამერიკაში გამოცემული წიგნების რეცენზენტი და სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოებების წევრი. მიხეილ ჩხენკელს აქვს მჭიდრო პროფესიული კავშირები ამერიკის მრავალი წამყვანი უნივერსიტეტის პროფესორებთან, მათ შორის ჰარვარდის, პრინსტონის, პენსილვანიის, იელის, კოლუმბიის, ბრაუნის, კორნელის, ჩიკაგოს, ბერკლის, ნიუ იორკის, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტებში და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში. მიხეილ ჩხენკელი არის ამერიკის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის წევრი, აგრეთვე საქართველოს უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დამფუძნებელთა საბჭოს წევრი.

თარიღი: 04/10/2018