თსუ არქეოლოგიური ჯგუფის მიერ იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში შეჰანის მონასტრის გათხრების ანგარიშს დაესწრო თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია. ღონისძიებას თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე, არქეოლოგიური ჯგუფის წევრები, სტუდენტები, პროფესორები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თსუ რექტორმა მადლობა გადაუხადა თსუ არქეოლოგიური გუნდის წევრებს იმ შრომისთვის, რომელიც მათ გაწიეს საკმაოდ რთულ ბუნებრივ პირობებში მუშაობისას: „იმ გარემოში ასეთი თავდადებით საქმიანობა, მართლაც მისაბაძია. პროფესიონალიზმი და ქვეყნის სიყვარული არის ის მოტივაცია, რომელიც თქვენ გქონდათ შეჰანის უდაბნოში მუშაობისას. ამ არქეოლოგიური გათხრების შედეგებით ჩვენ ვეუბნებით მსოფლიოს, რომ ქართველები წმინდა მიწაზე მხოლოდ ჯვრის მონასტერში არ მოღვაწეობდნენ, ქართული იყო რამდენიმე სხვა მონასტერიც, მათ შორის, შეჰანის მონასტერიც. ამ ძეგლს ევროპელი მეცნიერებიც ეძებდნენ მე-19 - მე-20 საუკუნეებში. ჩვენი ექსპედიციის მეშვეობით დადგინდა ამ მიდამოებში შეჰანის ქართული მონასტრის არსებობა,“ - განაცხადა ჯაბა სამუშიამ. თსუ რექტორმა სრული მხარდაჭერა აღუთქვა თსუ არქეოლოგებს და აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეფობას აიღებს თსუ არქეოლოგების მეორე ექსპედიციაზე შეჰანის მონასტერში.
შეჰანის ქართული მონასტრის არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგები წარმოადგინა თსუ არქეოლოგიური გუნდის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვახტანგ ლიჩელმა. მან ისაუბრა არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ ორ ქართულ წარწერაზე. თსუ პროფესორმა აღმოჩენილ სხვადასხვა არტეფაქტზე დაყრდნობით ივარაუდა შეჰანის მონასტერში არსებული სხვა არქეოლოგიური ფენის არსებობა.
ღონისძიებაზე თსუ რექტორმა 2025 წელს საქართველოს არქეოლოგიურ მისიაში იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში, შეჰანის ქართულ მონასტერში წარმატებით განხორციელებული არქეოლოგიური კვლევებისთვის მადლობის სიგელები გადასცა თსუ ჯგუფის წევრებს: ბორის გელაშვილს, სულიკო კოხრეიძეს, ზურაბ გიორგაძეს, საბა ბუგიანიშვილს, ამირან ნადირაშვილს, ირაკლი ზუკაკიშვილს, ნიკოლოზ შარაშენიძეს, ლუკა გოგალაძეს, დავით გოგიშვილს, ვაჟა ჩიტაიას და ვახტანგ ლიჩელს.
შეჰანის მონასტრის არქეოლოგიური კვლევები 2024 წელს დაიწყო საქართველოს კულტურის სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით. პირველივე სეზონზე ქართული არქეოლოგიური მისიის მიერ აღმოჩენილმა ქართულმა წარწერამ — „შეუნდვენ ღმერთმან, ამინ“ — საბოლოოდ დაადასტურა ისტორიულ ხელნაწერებში დაცული ცნობები ტრანსიორდანიაში არსებული, აქამდე უცნობი ქართული ქრისტიანული სავანის შესახებ.
შეჰანის მონასტერი და მისი ხელნაწერები დღემდე ნაკლებად არის შესწავლილი ქართველი მეცნიერების მიერ. მონასტერზე ყურადღება პირველად ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ქართველმა მკვლევრებმა, მათ შორის ელენე მეტრეველმა გაამახვილა. მისი კვლევებით გაირკვა, რომ გაბრიელ თბილელი, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ქართველი ბერი, 1061 წლისთვის უკვე „შეჰანის მამად“ იწოდება. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მონასტერი სწორედ ამ დროისთვის იყო გაშენებული და იქ მოქმედებდა ქართველთა ძმობა. დროთა განმავლობაში შეჰანის მონასტერი მნიშვნელოვან სკრიპტორიუმად და სამწერლობო ცენტრად ჩამოყალიბდა. ცნობილია ასევე, რომ გიორგი-პროხორეცი, ჯვრის მონასტრის აღმშენებელი, სავარაუდოდ 1066 წელს გადავიდა შეჰანის უდაბნოში და იქვე აღესრულა. XIII საუკუნის შემდეგ მონასტერი წყაროებში აღარ იხსენიება.
თსუ არქეოლოგების მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად საბოლოოდ დადასტურდა შეჰანის ქართული მონასტრის ზუსტი ადგილმდებარეობა. ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს უნივერსიტეტის როლს ქართული მეცნიერების განვითარებაში.