23 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერთა ფაკულტეტის წარმომადგენლების მიერ, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციის გრანტის SPG-23-527 “ ქიმია ჩვენს ირგვლივ“ ფარგლებში შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გაიმართა.
ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ არსებული სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა სახალისო ქიმიური ექსპერიმენტები, სახალისო ლექცია და სხვადასხვა აქტივობები, რომლებშიც მოსწავლეებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართული პედაგოგები, სკოლის ადმინისტრაცია და დირექტორი ნინო ჯიბლაძე.
გამარჯვებულ მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აღნიშნავენ, ქიმიის, ამ მნიშვნელოვანი STEM მეცნიერების, გაცნობის პირველი შესაძლებლობის მიცემა, სახალისო ლაბორატორიული ექსპერიმენტებზე დაკვირვება, პროექტის ძირითადი ინოვაციური მხარეა. ქიმიურმა ექსპერიმენტმა უნდა დააინტერესოს მოსწავლე. ლაბორატორიული მუშაობის სპეციფიკის გაცნობით მოსწავლე შეიძენს და გაიღრმავებს თეორიულ ცოდნას და ექსპერიმენტული მუშაობის უნარ-ჩვევებს. დაეუფლება სასკოლო დონის თანამედროვე გამზომი ხელსაწყოების გამოყენების უნარს. შეიძენს მიღებული ცოდნის ინტეგრირების უნარს და შეძლებს მის გამოყენებას ქიმიის მომიჯნავე დარგებში. აღნიშნული დაეხმარება მას სასკოლო პროგრამის დაძლევაში და სტიმული იქნება მომავალი პროფესიის ქიმიის მეცნიერებასა ან ქიმიურ-ტექნოლოგიურ სფეროში არჩევისათვის.