საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შემოდგომის ლეგენდა 2014

25-26 ოქტომბერს კახეთში ყველაზე მასშტაბური სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის იმპროვიზაციული ტური და დაჯილდოების საღამო გაიმართება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია ჯეოსელის ერთობლივი პროექტი - სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა“ წელს მეექვსედ ჩატარდება.

6 წლის განმავლობაში კონკურსის ორგანიზატორები დამწყებ მწერლებს სთავაზობენ გამოსცადონ საკუთარი ძალები იმპროვიზაციულ ტურში, სადაც გამოგონილი პერსონაჟების ქაღალდზე გადატანისთვის კომფორტული გარემოა შექმნილი. წელს ლეგენდას ილიას მთაზე მდებარე იუსტიციის სასწავლო ცენტრი უმასპინძლებს. იმპროვიზაციულ ტურში მონაწილეობას 10 ფინალისტი მიიღებს, რომლებიც ჟიურის მიერ მიწოდებულ თემაზე ახალ ნაშრომს 12 საათის განმავლობაში  შექმნიან.

წელს კონკურსში თბილისთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ჩაერთნენ. პირველ ტურში 268 კონკურსანტი მონაწილეობდა 20 სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან, მათ შორის ბათუმის, ქუთაისის, გორის და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან.

მასშტაბების ზრდასთან ერთად ლეგენდა არეალსაც აფართოებს. ყველას, ვისაც კონკურსში მონაწილეობა სურს, შეუძლია ჩაერთოს ლეგენდის იმპროვიზაციული ტურის პარალელურად მიმდინარე ონლაინ მარათონში. ჯეოსელის სპეციალური აპლიკაციის დახმარებით ნებისმიერ მონაწილეს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძია ახალი ნაშრომის გამოგზავნა, გამარჯვებული ჯეოსელის სპეციალურ პრიზს მიიღებს.

იმპროვიზაციული ტური კახეთში 26 ოქტომბერს დაჯილდოების საღამოთი დასრულდება, რომელზეც ლიტერატურული ჟიური სამ გამარჯვებულს დაასახელებს, მათ ფულადი პრემია გადაეცემათ, ხოლო ლეგენდის ყველა მონაწილე და გულშემატკივარი კი, საუკეთესო ნაწარმოებებისგან შემდგარ ბროშურას მიიღებს.

გამარჯვებულებს კონკურსის ლიტერატურული ჟიური გამოავლენს, რომელშიც მწერლები დათო ტურაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, მაკა ლდოკონენი, ბასა ჯანიკაშვილი, ლიტერატურათმცოდნე ლევან გიგინეიშვილი და შარშანდელი გამარჯვებული ბექა ადამაშვილი შედიან.

კონკურსის საინფორმაციო მხარდამჭერია ბეჭდური და ონლაინ გამოცემა "ლიბერალი", რომელიც გამარჯვებული ავტორის ნაშრომს გამოაქვეყნებს.

თარიღი: 03/05/2018