საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შემთხვევითობიდან ბიბლიის კვლევამდე

ფილოლოგიის დოქტორი  ნათია მიროტაძე, ახალგაზრდა მეცნიერის სტატუსით, 2023 წელს მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევისთვის რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემიით დაჯილდოვდა. ნათია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის მოწვეული ლექტორია. როგორც თავად ამბობს,  მართალია თავიდან თსუ მისი შეგნებული არჩევანი არ ყოფილა და თავდაპირველად უნივერსიტეტში, ფაქტობრივად „შემთხვევით“ აღმოჩნდა,  მისი, როგორც მეცნიერის, იდენტობა ყოველთვის თსუ-სთან იქნება დაკავშირებული.  როგორ აღმოჩნდა იგი თსუ-ში და რა აკავშირებს მას ჩვენს უნივერსიტეტთან ამის შესახებ იგი თავად საუბრობს. ინტერვიუს მსვლელობისას ნათიამ ისე საინტერესოდ ისაუბრა მის საკვლევ თემატიკაზე, რომ გადავწყვიტეთ ამ საუბრის შეძლებისდაგვარად ვრცელი ვერსია შეგვეთავაზებინა მკითხველისთვის.

 

თსუ-სთან ურთიერთობის 20-წლიანი საგა, რომელიც არასოდეს დასრულდება...

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2021 წლის დეკემბერში დავასრულე, ანუ როდესაც დავიცავი დისერტაცია „პირველი მეფეთას საკითხავები ქართულ ლექციონარებში: მიმართება ქართულ და ბერძნულ წყაროებთან“.  შესაბამისად, ახლა  ფილოლოგიის დოქტორი ვარ. ვმუშაობ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების უფროს მეცნიერ თანამშრომლად. გარდა ამისა, ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის ძველი ქართული ენისა და ტექსტოლოგიური კვლევების კათედრის მოწვეული ლექტორი.

 

შეიძლება ითქვას, თავის დროზე გააზრებული არჩევანი არ გამიკეთებია და სრულიად შემთხვევით, უფრო კი დედაჩემის წყალობით, მოვხვდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, როდესაც გადავწყვიტე, მასწავლებელი გამოვსულიყავი. ჩემი ბებიები და ბაბუა მასწავლებლები იყვნენ. დედაჩემის დედა  ფილოლოგი იყო, მამაჩემის დედა – ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებელი, ბაბუა კი – მათემატიკის. ღრმა ბავშვობიდან მახსოვს ჩემი ბებიების მონათხრობი, თუ როგორი იყო მათი პირველი გაკვეთილი, მიყვებოდნენ საინტერესო ამბებს თავიანთი პროფესიული ცხოვრებიდან და მასწავლებლობა ჩემთვის ყოველთვის  ასოცირდებოდა ბებიებთან გატარებულ ბედნიერ საზაფხულო არდადეგებთან და შემოსილი იყო რომანტიკული ბურუსით. მერე რაღაც წიგნიც წავიკითხე, რომელიც ასევე მასწავლებლებზე იყო და გადავწყვიტე, რომ მეც მასწავლებელი უნდა გამოვსულიყავი. ვაფასებდი რა რეალურად ჩემს შესაძლებლობებს, ცხადი იყო, რომ ჩემგან ფიზიკის, ქიმიისა თუ მათემატიკის მასწავლებელი არ გამოვიდოდა. რაც ძალდაუტანებლად  და ადვილად გამომდიოდა, ქართული ენის გრამატიკა იყო (ლიტერატურაში ლექსების დასწავლა ყოველთვის მეზარებოდა). როცა ვუთხარი ჩემს მშობლებს, რომ ქართული ენის მასწავლებლობა მინდოდა, მითხრეს, რომ ფილოლოგიურზე უნდა ჩამებარებინა და ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც დედაჩემმა შემოიტანა საბუთები. აბიტურიენტობის ერთი წლისა და მისაღები გამოცდების შემდეგ 2004 წლის სექტემბერში დაიწყო ჩემი და თსუ-ს ურთიერთობის თითქმის 20-წლიანი საგა, რომელიც არასოდეს დასრულდება, რადგან მე ყოველთვის თსუ-ელი ვიქნები.

 

ჩემთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უპირველეს ყოვლისა,  ჩემი მასწავლებლებით ფასობს. თედო უთურგაიძე, შუქია აფრიდონიძე, ელენე კოშორიძე, ვახტანგ იმნაიშვილი, ნათელა ქუთელია, თენგიზ კიკაჩეიშვილი, ლეილა გეგუჩაძე, ზურაბ ჭუმბურიძე, ლელი ბარამიძე, დამანა მელიქიშვილი, ზაზა ალექსიძე, რევაზ სირაძე, დენის დგებუაძე, ზურაბ კიკნაძე, უშანგი სახლთხუციშვილი, ზაურ მეძველია, გულნარა კალანდარიშვილი, მერი ნიკოლაიშვილი, ანა ხარანაული, დარეჯან თვალთვაძე, რუსუდან ცანავა, მაგდა მჭედლიძე, რამაზ ქურდაძე, მარინე ბერიძე, ლელა ციხელაშვილი, თამარ აფციაური, ვიქტორია ჯუღელი და სხვა მრავალი – ეს ის ადამიანები არიან, ვისთანაც ჩემთვის უნივერსიტეტი ასოცირდება და ვისგანაც უამრავი რამ ვისწავლე ქართული ფილოლოგიისა თუ ადამიანური ურთიერთობების შესახებ. ამათგანაც განსაკუთრებულად გამოვყოფდი თედო უთურგაიძეს, რომელმაც მირჩია, სამეცნიერო საქმიანობა გამეგრძელებინა, და ანა ხარანაულს, რომელიც ჩემი, როგორც სამაგისტრო ნაშრომის, ასევე სადოქტოროს ხელმძღვანელი გახდა და რომელთანაც, შესაბამისად, გავაგრძელე ეს სამეცნიერო საქმიანობა. მისგან მხოლოდ კვლევის მეთოდი ან ტექსტოლოგიისა თუ თარგმანის თეორიის, ან ბიბლიოლოგიის თეორია კი არ მისწავლია, მისი სწორი ხელმძღვანელობით ვისწავლე, კვლევის მეთოდოლოგია, სტატიების წერა, მოხსენებების მომზადება და წარდგენა, კოლეგებთან კონტაქტების დამყარება და საქმიანი ურთიერთობების შენარჩუნება, გუნდური მუშაობა, საკუთარი და სხვისი შრომის დაფასება და ა.შ., მან წარმადგინა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან და მისი ავტორიტეტის, მისგან მიღებული ცოდნისა და უნარების დამსახურებაა ყველა წინსვლა თუ წარმატება, რისთვისაც მიმიღწევია.

 

 ქართული ბიბლია, როგორც კვლევის საგანი

 

ჩემი კვლევის სფეროა ქართული ბიბლიის ტექსტოლოგია და თარგმანის თეორია და ზოგადად ბიბლიის ფილოლოგია, ასევე ძველი ქართული თარგმანების ტექსტოლოგია და გამოცემა, ქართული პალეოგრაფია და კოდიკოლოგია, ქართულ ხელნაწერთა აღწერა და კატალოგების მომზადება, ძველი ქართული ენა.

 

პირველი პროექტი, რომელშიც მაგისტრატურის დამთავრებისთანავე ჩავერთე და პირველი ხელფასიც ავიღე,  რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი გახლდათ ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ლექსიკონი, რომელიც დამანა მელიქიშვილისა და ანა ხარანაულის ხელმძღვანელობით თსუ-ს სამეცნიერო ბაზაზე ხორციელდებოდა. სხვადასხვა დროს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით მომზადებული მაქვს ესთერის წიგნის ძველი ქართული ვერსიების სინოპტიკური გამოცემა, „კავშირნი ღვთისმეტყველებითნის“ იოანე პეტრიწისეული თარგმანისა და თარგმანების ფოტოტიპური და დიპლომატური გამოცემა ხელნაწერ H-1337-ის მიხედვით (დამანა მელიქიშვილთან ერთად), ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული პალიმფსესტების კატალოგი (მკვლევართა ჯგუფთან ერთად), უცხოეთში გადაწერილი ქართულ ხელნაწერთა კატალოგი (მკვლევართა ჯგუფთან ერთად).

 

ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დაფინანსებით სხვადასხვა დროს ქრისტიანული აღმოსავლეთის ფილოლოგიის სამაგისტრო და ქართული ბიბლიის სადოქტორო პროგრამების სხვა სტუდენტებთან ერთად სასწავლო-კვლევითი მივლინებებით ვიმყოფებოდი ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სვანეთის ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და მატენადარანში (ერევანში) დაცული ქართული ხელნაწერების აღსაწერად და შესასწავლად.  

 

რას ნიშნავს ქართული ბიბლია? რით არის  იგი განსხვავებული და გამორჩეული?  ქართული/ბერძნული... ბიბლია და მსგავსი გამოთქმები ბიბლიის ქართული/ბერძნული თარგმანის შემოკლებული ვარიანტია, რომელსაც ბიბლიოლოგთა წერით და ზეპირ მეტყველებაში ხშირად შეხვდებით. მოგეხსენებათ, ქართული მწერლობა, ქართული სალიტერატურო ენა არსებობას ბიბლიის თარგმანით იწყებს და ბიბლიის ძველი ქართული თარგმანის კვლევა ქართული ჰუმანიტარული მეცნიერებების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია. გარდა იმისა, რომ ქართული სალიტერატურო ენის ისტორია, ენის განვითარება, ლექსიკოლოგია, ბიბლიის სტილის გავლენა ორიგინალურ მწერლობაზე სწორედ ბიბლიის ძველ ქართულ თარგმანებზე დაყრდნობით უნდა შეისწავლებოდეს, ქართულ ბიბლიას ბერძნული ბიბლიის კვლევისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ბიბლიის მე-4-მე-5 საუკუნეში ან კიდევ უფრო ადრე შესრულებული ძველი ქართული თარგმანი ბერძნული ბიბლიის ძველი ბერძნული თარგმანის, ე.ი. სეპტუაგინტას, ტექსტის ისტორიის აღსადგენად და თავდაპირველი ტექსტის დასადგენად მნიშვნელოვანი წყაროა. შესაბამისად, ქართულ ბიბლიაზე მუშაობა და მისი კვლევა მნიშვნელოვანია როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო თვალსაზრისით. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი სამეცნიერო საქმიანობა ამ მიმართულებით წარიმართა.

 

როგორც უკვე გითხარით, ბიბლიის ქართული თარგმანი საინტერესოა თავისთავადაც, ქართული ფილოლოგიისთვის, და, ასევე, ბიბლიის ბერძნული თარგმანის ისტორიისთვისაც. შესაბამისად, კვლევის პირველ ეტაპზე უნდა დავადგინოთ, ბერძნული ტექსტის ისტორიის/განვითარების რომელ საფეხურს ასახავს ქართული თარგმანი. ამ მიზნის განსახორციელებლად ქართულსა და ბერძნულ ტექსტებს სიტყვასიტყვით ვუდარებთ და მერე მსგავსებებსა და განსხვავებებს ვაანალიზებთ. ამ ანალიზის საფუძველზე ვადგენთ თარგმანის მიმართებას ბერძნულ წყაროებთან. პირველი მეფეთას რამდენიმე ძველი ქართული თარგმანი არსებობს. ერთ-ერთი მათგანი უშუალოდ ბიბლიურ ხელნაწერებშია შემონახული, მეორე კი – ლექციონარის ხელნაწერებში. სანამ გავაგრძელებთ, ვთქვათ რა არის ლექციონარი: ესაა კალენდარზე გაწყობილი ლიტურგიკული კრებული, რომელშიც ამა თუ იმ დღესასწაულზე შესასრულებელი ღვთისმსახურებაა აღწერილი იმის მითითებით, თუ რომელი მონაკვეთები უნდა წაიკითხონ ძველი და ახალი აღთქმიდან წირვა-ლოცვისას. სწორედ ამ მონაკვეთებს ჰქვია საკითხავები. ლექციონარის ქართულ ხელნაწერებში პირველი მეფეთას საკმაოდ დიდი ნაწილია შესული საკითხავების სახით. ლექციონარისა და ბიბლიის მკვლევართათვის ყოველთვის საინტერესო იყო საკითხი, ლექციონარში შესული საკითხავები იგივე ტექსტებია, რაც ბიბლიურ ხელნაწერებში, თუ ლექციონარებსა და ბიბლიის ხელნაწერებში სხვადასხვა თარგმანებია. სწორედ ამის გარკვევა იყო ჩემი დისერტაციის კიდევ ერთი მიზანი. პირველი მეფეთას შემთხვევაში ლექციონარის საკითხავები ბიბლიის ხელნაწერებში შესული ტექსტისაგან განსხვავებული თარგმანია და მომდინარეობს სეპტუაგინტას L ტექსტუალური ფორმიდან. იმის ახსნა, თუ რა არის სეპტუაგინტას L ტექსტუალური ფორმა შორს წაგვიყვანს. დაინტერესებულთ შეუძლიათ ჩემი დისერტაცია წაიკითხონ ან მომწერონ და ვისაუბროთ ბიბლიის ტექსტოლოგიაზე და სამაგისტრო პროგრამაზე – ქრისტიანული აღმოსავლეთის ფილოლოგია – რომლის ფარგლებშიც შეისწავლიან ბიბლიის ფილოლოგიას და გახდებიან ქართული ბიბლიის მკვლევარნი.

 

პრაქტიკული რჩევა ახალგაზრდა მკვლევრებისთვის და არამხოლოდ...

 

არამხოლოდ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს, ყოველთვის ყველას ვურჩევ, რომ აირჩიონ ის საქმე და ის პროფესია, რომელიც მათ უყვართ და რისი კეთებაც სიამოვნებას ანიჭებთ. თუ ეს ფილოლოგიაა, დიახაც უნდა აირჩიონ. შესაძლოა, მატერიალური სარგებელი რომელიღაც პროფესიებში უფრო მეტია, მაგრამ როცა საყვარელ საქმეს აკეთებ და წარმატებასაც აღწევ, ადამიანი გრძნობს დაფასებასა და კმაყოფილებას, რომელსაც მატერიალური მხარე ვერ გადაწონის. ამასთან, საქმის ერთგულება ხანდახან მეტ-ნაკლებად მატერიალურადაც ფასდება ხოლმე. გარდა საკუთარი ინტერესებისა, აირჩიონ ისეთი პროგრამა, რომელიც სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის საბაზისო უნარებს შესძენთ. აირჩიონ ხელმძღვანელი, რომელიც დაუზარებლად და არაერთხელ წაიკითხავს და გაასწორებს მათს ნაწერს. დაუზარებლად და არაერთხელ გაასწორონ თავიანთი სტატიები თუ მოხსენება ხელმძღვანელის შენიშვნების შესაბამისად. სანამ სტუდენტები არიან, რაც შეიძლება მეტი ისწავლონ, განსაკუთრებით საკვლევი ენები, იკითხონ ბევრი, მიიღონ მონაწილეობა დისკუსიებში, განივითარონ პროფესიული უნარები. მეცნიერული კეთილსინდისიერებით აკეთონ საქმე და აღიჭურვონ მოთმინებით და მათი შრომა აუცილებლად დაფასდება. ამას საკუთარ თავსაც ვურჩევ ხოლმე.

პირველად საზღვარგარეთ მაგისტრატურაში სწავლისას საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად წავედი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით. მომდევნო წლებში ორჯერ მაქვს მონაწილეობა მიღებული გერმანიაში, გიოტინგენში სეპტუაგინტის საზაფხულო სკოლაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ საზაფხულო სკოლაში სწავლისას შევხვდი და გავიცანი ბიბლიოლოგიის დარგის უმნიშვნელოვანესი მეცნიერები, რომელთანაც შემდეგში მჭიდრო პროფესიული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა და, შეიძლება ითქვას, ჩემი და ესთერის წიგნის ძველი ქართული თარგმანის საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა ამ სკოლებით დაიწყო, დაფინანსების მოპოვება ამ სკოლებში მონაწილეობის მისაღებად შეუძლებელი აღმოჩნდა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მაღალი სამეცნიერო რეპუტაციის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა სტუდენტს უნდა უფინანსდებოდეს და კარგი იქნება თუ უნივერსიტეტი ან რომელიმე ფონდი ამაზე იზრუნებს.

 

ჩემი პირველი საერთაშორისო კონფერენციიდან დღემდე არაერთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მაქვს მონაწილეობა მიღებული, ერთ-ერთ მათგანს სტუდენტური პროექტების ფარგლებში მიღებული დაფინანსებითაც დავესწარი. დოქტორანტურაში სწავლისას ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ერაზმუსის გაცვლითი პროგრამით სამი თვე გავატარე ბელგიაში, ლუვენ ლა ნევის უნივერსიტეტში. ამას გარდა იყო რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებული სხვადასხვა პროექტის ფარგლებში რამდენიმეთვიანი მივლინებები გიოტინგენის სეპტუაგინტას ინსტიტუტსა და ჰელსინკის უნივერსიტეტში. ასევე ჰუმბოლტის სტიპენდია გიოტინგენსა და ბონში კვლევითი ვიზიტისთვის.

 

საზაფხულო სკოლების, კონფერენციებისა და კვლევითი ვიზიტების დროს დამყარებული კავშირების დამსახურებაა ის, რომ 2019-2023 წლებში დასაქმებული ვიყავი ზალცბურგის უნივერსიტეტის კათოლიკური თეოლოგიის ფაკულტეტის ბიბლიის კვლევისა და ეკლესიის ისტორიის დეპარტამენტში განხორციელებულ კვლევით პროექტში, რომელიც ესთერის წიგნის ტექსტის ისტორიის ახლებურ ინტერპრეტაციას გულისხმობდა ახალგამოვლენილი მასალის საფუძველზე. ეს მასალა კი, უპირველეს ყოვლისა, გახლდათ ესთერის წიგნის ძველი ქართული თარგმანები.

 

ზალცბურგის უნივერსიტეტში ყოფნისას ზალცბურგის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტსა და თსუ-ს ჰუმანიტარულ ფაკულტეტს შორის ჩემი მცირეოდენი ძალისხმევით ამოქმედდა ერაზმუსის გაცვლითი პროგრამა, რომლითაც ერთი სტუდენტი უკვე იმყოფებოდა ზალცბურგში, მეორეს შემდეგ სასწავლო წელს გავგზავნით. იმედია, პროგრამა მომავალშიც შეუფერხებლად გაგრძელდება.  მიმაჩნია, რომ ზალცბურგის უნივერსიტეტში გატარებული ოთხი წლის განმავლობაში მიღებული გამოცდილება და დამყარებული კონტაქტები მნიშვნელოვანი საფეხურია ჩემს საქმიანობაში. 

 

2020 წლამდე ზალცბურგის უნივერსიტეტსა და ქართულ უმაღლეს სასწავლებლებს შორის გაცვლითი პროგრამა მხოლოდ პოლიტიკურ მეცნიერებებში მოქმედებდა. 2020 წელს ზალცბურგის უნივერსიტეტის საგრანტო წინადადების მომზადებაში მეც მივიღე მონაწილეობა და გაცვლით პროგრამაში თსუ-ს ჰუმანიტარული ფაკულტეტის ბიბლიოლოგიის სადოქტორო პროგრამაც ჩავრთეთ. საგრანტო წინადადება 2023 წლისთვისაც მოვამზადე, რომლის ფარგლებშიც 2024 წლის შემოდგომის  სემესტრში გავგზავნით ერთ დოქტორანტს. როგორც ვიცი, ჩვენი სეგმენტი წლევანდელ პროექტშიცაა გათვალისწინებული (ზალცბურგიდან წამოვედი და ამ საქმეში უშუალოდ აღარ ვარ ჩართული). ამ ეტაპზე გაცვლითი პროგრამა ზალცბურგის უნივერსიტეტის კათოლიკური თეოლოგიის ფაკულტეტის ბიბლიისა და ეკლესიის ისტორიის დეპარტამენტთან მხოლოდ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვისაა, თუმცა სამომავლოდ, ცხადია, პროგრამის გაფართოება სხვა საფეხურისა და მიმართულების სტუდენტებისთვისაც შეიძლება.

 

რაც შეეხება 2023 წელს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემიას მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევისთვის...

კონკურსს პრემიის მოსაპოვებლად ფონდი წელიწადგამოშვებით აცხადებს. წელს გამოცხადებული იყო შვიდ სხვადასხვა დარგში, მათ შორის ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებსაც კონკურსში სურთ მონაწილეობა, ამზადებენ საპროექტო წინადადებას, რომელშიც, ერთი მხრივ, აღწერენ თავიანთ სამეცნიერო საქმიანობას და განსაკუთრებულ მიწევას, ხოლო, მეორე მხრივ, მეცნიერების პოპულარიზაციისთვის გაწეულ საქმიანობას (საჯარო ლექციებს, საგაზეთო, რადიო- და ტელე- ინტერვიუებს...). საპროექტო წინადადებას სხვადასხვა კრიტერიუმის შესაბამისად აფასებენ ექსპერტები და თითოეულ დარგში უმაღლესი შეფასების მქონე ახალგაზრდა მეცნიერს ენიჭება პრემია 6 250 ლარის ოდენობით. კონკურსში მეც მივიღე მონაწილეობა და პრემიის მფლობელიც გავხდი.

 

რით აღმოჩნდა ახალაგაზრდა მკვლევარისთვის  მიმზიდველი  „ესთერის წიგნი“?  ესთერის წიგნზე მუშაობა სამაგისტრო ნაშრომისთვის დავიწყე. მაშინ  მის შესახებ არაფერი ვიცოდი და არც რაიმე მიმზიდველობა ჰქონდა, არჩევანი შემთხვევითი იყო. თუმცა, ამ გადასახედიდან, როცა ახლოს გავიცანი, ასეთი საინტერესო ისტორიის წიგნი სხვა არ მეგულება. მგონი ტექსტის ისტორიაც უნდა განვმარტო. ძველი ტექსტების შემთხვევაში, ესაა ცვლილებების ერთობლიობა, რომელსაც ესა თუ ის ტექსტი ჩაწერილი, ფიქსირებული ფორმის მიღების შემდეგ თანამედროვე გამოცემებამდე ხელნაწერიდან ხელნაწერში გადაწერის პროცესში განიცდის. ზოგიერთი ტექსტის ისტორია არც ისე ამაღელვებელია და გადამწერის მიერ დაშვებული შეცდომებით შემოიფარგლება, ზოგი ტექსტი კი სხვადასხვა მიზეზისა თუ გარემოების გამო უფრო დრამატულად იცვლება: რომელიმე გადამწერი თუ მთარგმნელი უბრალოდ კი არ თარგმნის ან გადაწერს ტექსტს, არამედ საქმეს შემოქმედებითად უდგება და იწყებს გარდათხზვას: ამატებს რამეს, ან აკლებს, ან ადგილს უნაცვლებს. ესთერის წიგნი ბიბლიის იმ წიგნთა შორისაა, რომელსაც ასე შემოქმედებითად მოეკიდა მთარგმნელიც და შემდეგში კიდევ ორი ავტორი და ასე ებრაულის თარგმნა-გარდათხზვით შეიქმნა ესთერის სეპტუაგინტას ტექსტუალური ფორმა, ამ უკანასკნელის გარდათხზვით კი ალფა ტექსტი და კიდევ ერთი ბერძნული ტექსტი, რომელიც სრული ფორმით მხოლოდ ძველმა ლათინურმა თარგმანმა შემოგვინახა. ბიბლიის ქართული ტრადიცია ერთადერთია, რომელშიც ალფა ტექსტის (ესთერის წიგნის სეპტუაგინტას თარგმანის გარდათხზვით მიღებული ტექსტის) თარგმანი არსებობს სრული ფორმით. ეს ტექსტი მხოლოდ ოშკის ბიბლიაშია შემონახული. კიდევ უფრო გასაოცარი და საინტერესოა ესთერის წიგნის მეორე ძველი ქართული თარგმანი, რომელიც ესთერის წიგნის ყველა არსებულ ფორმას აერთიანებს თავის თავში: სეპტუაგინტასაც, ალფა ტექსტსაც და მესამე ბერძნულ ტექსტსაც და კიდევ იმასაც, რომელიც სხვაგან აღარ შემონახულა. მოკლედ ამბავი ძალიან საინტერესოა და ორი სიტყვით არ ითქმის.  ესთერის შემდეგ ვგეგმავ ჩემი დისერტაციის გამოქვეყნებასაც. უფრო შორსმიმავალი გეგმები ციფრულ ჰუმანიტარიას უკავშირდება, იმედია, განვახორციელებთ დიდ ინსტიტუციურ პროექტს და მოვამზადებთ ხელნაწერთა აღწერილობის ელექტრონულ ბაზებს, ლინირებისა და ჭვირნიშნების ბაზებს, ქართული ბიბლიის პარალელურ კორპუსს...

 

 ამჟამად თსუ-სთან მოწვეული ლექტორის სტატუსი მაკავშირებს და ზემოხსენებული პროექტების განხორციელებაც უფრო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მესახება, რომლის უფროსი მეცნიერ თანამშრომელიც ვარ. სხვას მომავალი გვიჩვენებს. ჩემი, როგორც მეცნიერის, იდენტობა კი ყოველთვის თსუ-სთან იქნება დაკავშირებული. რაც  ძალზე მნიშვნელოვანია,  გარდა იმისა, რომ თსუ-ში მივიღე უმაღლესი განათლება და პროფესია, თსუ-ში შევხვდი ჩემს მეგობრებსაც, რაც არანაკლები შენაძენია.

თარიღი: 23/02/2024