საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და პოლონურ უნივერსიტეტს შორის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, სლუპსკის პომერანის უნივერსიტეტის რექტორთან ზბიგნევ ოსადოვსკისთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები, თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ინტელექტუალური ძალისხმევით, დააარსებენ სლუპსკის დავების გადაწყვეტის ცენტრს.

 

ცენტრი ხელს შეუწყობს დავის გადაწყვეტის მექანიზმების განვითარებას, ასევე, იზრუნებს აკადემიური და დავის გადაწყვეტის სფეროში მოღვაწე სპეციალისტების პრაქტიკული, კლინიკური და პროფესიული უნარების განვითარებას.

 

როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, ცენტრის ფუნქციონირების ფარგლებში კიდევ უფრო გაღრმავდება თანამშრომლობა უნივერსიტეტებს შორის. „მემორანდუმზე ხელმოწერით ჩვენი თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავა. თანამშრომლობის საფუძველზე, ხელს შევუწყობთ სტუდენტთა სტაჟირებას; პროფესორების, ახალგაზრდა მეცნიერების გაცვლით პროგრამებს; ერთობლივად ვიმუშავებთ დავის გადაწყვეტის სფეროში სასწავლო კურსების შედგენასა და კლინიკური იურიდიული განათლების განვითარებას“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

 

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს უნივერსიტეტებს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობაა, და ამ მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგია ყოველწლიური ერთობლივი კონფერენციების ჩატარება, ერთობლივი ჟურნალის გამოცემა, ახლა კი დავების გადაწყვეტის ცენტრის დაარსება“- განცხადა სლუპსკის პომერანის უნივერსიტეტის რექტორმა ზბიგნევ ოსადოვსკიმ.

 

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ინტელექტუალური/ინსტიტუციური რესურსებით ხელს შეუწყობენ სტუდენტთა სტაჟირებას და პროფესორების/ახალგაზრდა მეცნიერების გაცვლით პროგრამებს, გააერთიანებენ ძალისხმევას დავის გადაწყვეტის სფეროში სასწავლო კურსების შემუშავებისა და კლინიკური იურიდიული განათლების განვითარებისთვის.

თარიღი: 10/07/2024