თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით NATO-ს მიერ დაფინანსებული საერთაშორისო ღონისძიება “ტრენინგი, კვლევა და განათლება - კრიტიკული ინფრასტრუქტურის კიბერუსაფრთხოებისთვის” გაიხსნა.
ერთი კვირის განმავლობაში კიბერუსაფრთხოების წამყვანი სპეციალისტები 18 ქვეყნიდან: საქართველოდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, ევროკავშირის წევრი და ნატოს პარტნიორი სხვა ქვეყნებიდან კრიტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერებისა და კიბერშეტევებისგან დაცვის კუთხით ლექციებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს ჩაატარებენ ტრენინგის მონაწილეებისთვის.
ტრენინგის მიმდინარეობისას მონაწილეები გაეცნობიან კიბერუსაფრთხოების წარმატებულ გადაწყვეტილებებს და სამეცნიერო/საგანმანათლებლო პროგრამებს; ჩამოყალიბდება სამი სამუშაო ჯგუფი და განხორციელდება ერთობლივი კვლევითი საქმიანობა.
კონფერენციის მონაწილეებს თსუ რექტორის მოადგილე, პროფესორი ერეკლე ასტახიშვილი მიესალმა და აღინიშნა, რომ „როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე მთლიანად მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია მსგავსი შინაარსის ღონისძიებების ჩატარება. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები გვიჩვენებს, რომ ამ მიმართულების კურსები, ტრენინგები აუცილებელია შესაბამისი კადრების მომზადებისთვის. თსუ ყველანაირად შეუწყობს ხელს ახლო მომავალში როგორც აკადემიური, ასევე ინფრასტრუქტურის კუთხით კიბერუსაფრთხოების პროგრამის დანერგვას. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსა და, ზოგადად, მსოფლიოს უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის.“
ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს პარტნიორ ქვეყნებს გააძლიერონ საკუთარი შესაძლებლობები და საერთაშორისო თანამშრომლობა კრიტიკული ინფრასტრუქტურის კვლევის, განათლებისა და ლაბორატორიული მუშაობის მიმართულებით, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის უახლესი მიღწევების გათვალისწინებით.
ღონისძიება NATO Science for Peace and Security Program ATC (Advanced Training Course) ფარგლებში იმართება. ტრენინგი ორგანიზებულია პოლონეთის ეროვნული ბირთვული კვლევების ცენტრის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საგანმანათლებლო და კვლევითი ქსელების ასოციაციის მიერ.
პოლონეთის ბირთვული კვლევების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის იაცეკ გაევსკის თქმით, ტრენინგი ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა კრიტიკული ინფრასტრუქტურის კიბერუსაფრთხოება. „ამ სისტემაზე შეტევამ შეიძლება გამოიწვიოს ქვეყნის ინფრასტრუქტურის გათიშვა. ღონისძიებაში მონაწილეობს ბევრი ცნობილი ექსპერტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ამ ვორქშოფის შედეგად, ჩამოყალიბდება სასწავლო პროგრამა უნივერსიტეტებისთვის კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, ასევე, შეიქმნება კიბერუსაფრთხოების ლაბორატორია, რომელიც მოემსახურება საქართველოს და ნატოს პარტნიორ ქვეყნებს“,- აღნიშნა იაცეკ გაევსკიმ.
დღეისათვის მხოლოდ რამდენიმე ქართულ უნივერსიტეტს აქვს კიბერუსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამა. კიბერუსაფრთხოების სასწავლო პროგრამების განვითარება მნიშვნელოვანია, რათა ჩამოყალიბდეს კვალიფიციური კადრები, რომლებიც შეძლებენ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მართვას და დაცვას. გარდა ამისა, კიბერუსაფრთხოების კვლევისთვის ფიზიკური ლაბორატორიებისა და ონლაინ პლატფორმების შექმნაც უმნიშვნელოვანესია პროგრამის განვითარებისა და კვლევისა და ანალიზის ჩასატარებლად. აღნიშნული ღონისძიება ასევე დასახავს კონკრეტულ პროექტულ იდეებს და შექმნის სამუშაო ჯგუფებს პროექტის წინადადებების შემუშავების მიზნით.
„კიბერუსაფრთხოება არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ამ ღონისძიების მიზანია, რომ შეიქმნას რეგიონული ლაბორატორია კიბერუსაფრთხოებაში, რომელიც გამოყენებული იქნება სხვადასხვა ქვეყნის მიერ და ასევე, მომზადდეს სასწავლო კურსები, რომელიც უნივერსიტეტებში დაინეrგება“, - განაცხადა საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია “გრენა”-ს ხელმძღვანელმა პროფესორმა რამაზ ქვათაძემ.